"სახელმწიფოა თუ ბაზარი?!" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოა თუ ბაზარი?!"

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ნინო ბურჯანაძის მორიგ მოსკოვურ ვიზიტს გამოეხმაურა...

- რომ გავიძახით, ნინო ბურჯანაძე მოღალატეაო, ისედაც ყველამ ვიცით, ვინც არის!.. რა მოხდა ახალი, არ მესმის. ხუთი წლის წინაც გახლდათ ეს ქალბატონი მოსკოვში. მაშინაც იძახდნენ, მორალატეაო, მაგრამ რაიმე სამართლებრივი საკითხი დადგა? არც წინა ხელისუფლების დროს დადგარა და არც ახლა.

რატომ? თუ ადამიანი დამნაშავეა, კანონის წინაშე პასუხიც უნდა აგოს! ხუთი-ექვსი წლის წინ მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ რუსეთიდან საფრთხეები იყო და ძალიან კრიტიკულები ვიყავით, მაგრამ ჩვენი საუბარი დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ისე გამოდის, საზოგადოება ყეფს, სახელმწიფო სტრუქტურები დუმან! წინა მთავრობაც ისე წავიდა, არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ან ისეთებს იჭერდნენ, რომლებიც დაბალი რგოლის ნაწილი იყვნენ და ლიდერებს არ ეხებოდნენ. 26 მაისს უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ბევრი პატივსაცემი პიროვნება და ჯოხი მათზე გადატყდა. ნინო ბურჯანაძეზე  კი საქმეც არ აღძრულა! ყოველთვის ისჯებოდა უბრალო ხალხი და ე.წ. პოლიტიკოსები უვნებლად რჩებოდნენ პოლიტიკაში.

მე, თქვენ, პეტრე, პავლე, სავლე პროკურორები ვართ?! ააგორებენ რაღაც თემას, ერთმანეთი რომ დავჭამოთ. სამართლებრივ შეფასებას სახელმწიფო უნდა ახდენდეს, მაგრამ დღეს ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, შემოგვეფშვნა ხელში! თამაშია ეს ყველაფერი! ჩვენს ლაპარაკს აზრი არ აქვს! მე არავის დაპატიმრება არ მსურს, მაგრამ ყველაფერს შეფასება უნდა მიეცეს. მოღალატეებს ვეძახით მათ, ვიზეც მოგვეპრიანება. არადა, სასამართლომ უნდა დაასკვნას - ვინ ვინ არის!   გამოვედი, ვაგინე ვიღაცას და მერე რა? - ეს ხომ სისულელეა! სახელმწიფოა თუ ბაზარი? თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს! ექსერტების და საზოგადოების რიგითი წარმოადგენლების პინგ-პონგი არ არის სახელმწიფო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)