7 წლის გოგონა გველმა საწოლში დაკბინა
10-07-2015
7 წლის გოგონა გველმა საწოლში დაკბინა
ბავშვს მარცხენა მხარზე რამდენიმე ადგილას სისხლი სდიოდა და გამწარებული კიოდა, - აქ გველი იყო, მიკბინა და იატაკზე გასრიალდა, ტიროდა აკანკალებული ბავშვი...…

ბავშვმა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, რომ ოჯახი იქ ვერ გაჩერდა და სახლი დროებით გამოკეტეს


ქუთაისში მეორეკლასელი გოგონა გველმა დაკბენა - ღამით ბავშვი დედამ დასაძინებლად გაიყვანა, საწოლში ჩააწვინა და ოთახიდან მშვიდად გამოვიდა. ოჯახიც დასაძინებლად ემზადებოდა, რომ უცებ ბავშვის ყვირილი მოესმათ. ოთახში შეცვივდნენ და გოგონას დამშვიდება სცადეს, თუმცა ეს არც
ისე იოლი აღმოჩნდა, ბავშვს მარცხენა მხარზე რამდენიმე ადგილას სისხლი სდიოდა და გამწარებული კიოდა, - აქ გველი იყო, მიკბინა და იატაკზე გასრიალდა, ტიროდა აკანკალებული ბავშვი.…თავზარდაცემულმა ოჯახმა ბავშვი მაშინვე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას ყველა ტიპის დახმარება აღმოუჩნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც და 12-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ შინ გაუშვეს...

ბავშვმა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, რომ ოჯახი იქ ვერ გაჩერდა და სახლი დროებით გამოკეტეს. გოგონას ჯანმრთელობის შესახებ ქუთაისის საავადმყოფოდან გვიპასუხეს, - ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა საკითხი, რომ ჩვენი შვილები შესაძლოა ყველაზე საიმედო ადგილას, საკუთარ ჭერქვეშ, საწოლში დაგვიგესლოს ქვეწარმავალმა, კვლავაც აქტუალურია. ამ მძიმე შემთხვევაზე ქუთაისის კლინიკაში ასეთ კომენტარს აკეთებენ:

- ბავშვი ღამით მოიყვანეს, დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ძალიან შეშინებული იყო ისიც და მისი ოჯახიც. აბა, რა იქნებოდა, როცა მძინარე ბავშვი ქვეწარმავალმა ისე დაკბინა, რომ სისხლი სდიოდა.

- დასტურდება, რომ გოგონას გველმა უკბინა? გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი შეიძლება მორიელსაც დაეკბინა. სამწუხაროდ, ჩვენში მორიელის დაკბენის მრავალი შემთხვევაა.

- ქვეწარმავალმა რომ დაკბინა, გოგონას სიმწრისგან გაეღვიძა და ამბობს, რომ დაინახა კიდეც იატაკზე გველი როგორ გასრიალდა.  მორიელს კბილები არ აქვს, ის ერთ ღრმა ნაჩხვლეტს ტოვებს, - ნესტრით გესლავს ადამიანს, მისი ნაკბენი კრაზანას ნაკბენსაც წააგავს. მორიელის ნაკბენიც ძალიან მტკივნეულია, წითლდება და სივდება, ადამიანი თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ჩვენში მორიელი ბევრია, მათ შორის საცხოვრებელ სახლებშიც. არის ისეთი მორიელიც, რომლის შხამი ადამიანს 7 წუთში კლავს. ეს უნდა გვახსოვდეს და ექიმს ძალზე სწრაფად მივმართოთ.
რაც შეეხება გოგონას,  მას 3 კბილის ნაჭდევი აჩნდა მხრის მიდამოში. 2 ქვემოდან და ერთი ზემოდან. კბილები კი გველს აქვს.

- როგორც ამბობენ, გველი თუ მსხვერპლმა არ გააღიზიანა, არ იკბინება, მძინარე ბავშვი ამას როგორ შეძლებდა?


- ბავშვი შეიძლება საწოლში გადაბრუნდა. შესაძლოა, ქვეწარმავალი ამ დროს საწოლში იყო დახვეული. საბედნიეროდ, ეს არ იყო შხამიანი გველის ნაკბენი, მაგრამ მას სჭირდებოდა აუცილებელი მკურნალობა, რაც გოგონას ჩაუტარდა კიდეც. ამ ბავშვმა დიდი სტრესი მიიღო, სწორედ ამიტომ გვინდა გავაფრთხილოთ მშობლები, - უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ზაფხულში ბავშვის საძინებელი ოთახის კონტროლი მაინც ნიშნავს, რომ უსიამოვნებისგან თავი დავიზღვიოთ, - ქვეწარმავალი ისეთი რამ არის, შეუძლია ნებისმიერ ადგილას შეძვრეს, მათ შორის, საწოლშიც, რისი ბევრი შემთხვევაც ყოფილა.
და ერთიც, ბავშვს შვიდი წლის ასაკში არ ჰქონდა ჩატარებული ტეტანუსის სავალდებულო აცრა. არადა, ქვეწარმავლი, ვირთხის თუ სხვა ნაკბენის შემთხვევაში, ტეტანუსის განვითარება ყველაზე მეტად სავარაუდოა. ეს კი მეტად საშიშია, - თუ პაციენტი 72 საათის განმავლობაში არ აიცრა, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ. ასე რომ, ვისაც აცრა ჯერ არ ჩაუტარებია, აუცილებლად მიაკითხონ შესაბამის კლინიკებს.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)
lena
08 აგვისტო 2015 16:16
neqtari aris kvavilis wveni.tqven albad nestars gulisxmobdit.
Gari
10 ივლისი 2015 14:30
Sabralo bavshvi, didi madloba eqimebs, bavshvis mdgomareobas magali pasuxismgeblobit mokidebistvis

რედაქტორის რჩევით