"წადი... წადი...", ანუ როგორ მოინადირა პოპულარულმა "მრჩეველმა" მარტორქა
10-07-2015
"წადი... წადი...", ანუ როგორ მოინადირა პოპულარულმა "მრჩეველმა" მარტორქა
ქართველი მონადირის აფრიკული თავგადასავალი

"...ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ცხოველთა მეფესთან"

საქართველოს მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის პრეზიდენტი, თემურ ტყემალაძე მთელმა საქართველომ 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაიცნო. ის ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით და საზოგადოებას ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებლების შესახებ რჩევებს აძლევდა, რითაც ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ამბობს, არაერთხელ უნადირია და მრავალ ხიფათსაც გადაჰყრია. ნამყოფია აფრიკაში, სადაც ერთხელ მარტორქაც კი მოინადირა. ამ ისტორიებს თემურ ტყემალაძე გატაცებით ჰყვება:

- ევროპის ქვეყნებში სანადიროდ ბევრჯერ ვყოფილვარ.
მინადირია ბულგარეთში, პოლონეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ მაინც სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა და ნადირობა მახსენდება. იქ ჩემს მასპინძელს, გვარად ვერნერს, ჩვიდმეტამდე ლომი ჰყავდა. ლომის ბოკვერებთან ხშირად ვთამაშობდი... აფრიკაში მარტორქასა და ანტილოპებზე ვნადირობდი. ერთ-ერთი ნადირობის დროს დაჭრილ ანტილოპას გავეკიდეთ და ორ საათზე მეტხანს
ვდიეთ. თან აფრიკელი მეგზური მოგვყვებოდა. ანტილოპის კვალს დიდხანს მივყვებოდით, მაგრამ რომ მოსაღამოვდა, ჩვენმა მეგზურმა გაგვაჩერა - ახლა ნელ-ნელა დავიხიოთ უკან და აქაურობას გავეცალოთო. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი ანტილოპის სისხლი ლომმა იყნოსა და მასთან მიპარვა დაიწყო. ვის დაესხმებოდა თავს - ანტილოპას, თუ ჩვენ, კაცმა არ იცოდა. ცხოველთა მეფე უკვე ნადირობდა და ჩვენ უნდა გავრიდებოდით, რომ ხიფათი თავიდან აგვეცილებინა. თანაც, არ გვქონდა ლიცენზია ლომის მოკვლაზე, ის კი, ძალიან ახლოს იყო. ყოველი შემთხვევისთვის, იარაღი მომართული გვქონდა, ფრთხილად გამოვერიდეთ და წამოვედით. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ცხოველთა მეფესთან. საქართველოში ალბათ ერთი, ან ორი ადამიანია, ვისაც ლომზე, ან ვეფხვზე უნადირია, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. ეს მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა, თანაც, ლომებზე ნადირობა რთულია და ლიცენზიაც ძვირი ღირს.

- მარტორქა როგორ მოინადირეთ?
- ორი დღე ვნადირობდით მარტორქაზე, ორი დღის განმავლობაში მივდევდით მის ნაკვალევს, ცხრაჯერ გასროლა დაგვჭირდა სპეციალური სანადირო თოფით. მეშვიდედ რომ ვესროლე, ჩემგან 20 მეტრში დავარდა, ამის შემდეგ მისი მონადირება აღარ გაგვჭირვებია. ამ მარტორქასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც მაქვს გადაღებული.

- ალბათ ხიფათსაც ბევრჯერ გადაჰყრიხართ.

- დიახ, მთელი ცხოვრება ვნადირობ და ბევრი საინტერესო რამ გადამხდენია. ერთხელ, ჯიხვებზე რომ ვნადირობდი, კლდეში გავიჭედე, ოთხი საათი ვიყავი ჩამოკიდებული, მაგრამ გადავრჩი, ძლივს გამოვძვერი იმ კლდიდან. დათვზე და ღორზეც ხშირად მინადირია. ბევრჯერ ყოფილა საფრთხეც და მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობაც, ნადირობა ამის გარეშე წარმოუდგენელია.

ახალგაზრდობაში მე და ბატონი რეზო თაბუკაშვილი ხშირად დავდიოდით სანადიროდ და ბევრი თავგადასავალიც გადაგვხდენია. სხვათა შორის, ძალიან რთულია დათვზე ნადირობა, რადგან ის მეტისმეტად ფრთხილი და ჭკვიანია. თანაც, ყოველთვის შეტევაზე გადმოდის. ნადირობის დროს საფრთხე ყველგან არის ჩასაფრებული, ამიტომ, კარგი მონადირე ყოველთვის ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს. მტაცებლის დასაჭერად მთავარი რაოდენობა არ არის. ამ საქმეში მთავარი სწორი და გამჭრიახი გადაწყვეტილებებია. 

- თბილისში დიდი პანიკა იყო ატეხილი დაკარგული ცხოველების გამო. საბედნიეროდ, იმ მძიმე დღეებმა უკვე გადაიარა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: საშიშ მტაცებელთან შეხვედრისას თავდაცვის ყველაზე მარტივი გზა რომელია?
- უიარაღო ადამიანი ასეთ სიტუაციაში თითქმის უმწეოა, თუმცა, მთავარია არ შევშინდეთ და მტაცებელს როგორმე გავერიდოთ. საქართველოს მთაში ოდითგანვე იცოდნენ, რომ ნებისმიერ მტაცებელს ეშინია ცეცხლის და არც კვამლის სუნი მოსწონს. ამიტომ, თუ გაქვთ ნებისმიერი აალებადი საგანი - ასანთი, სანთებელა და ა.შ., ამ გზით ყველაზე საშიშ ცხოველსაც კი დააფრთხობთ.

სხვათა შორის, ასე გადაურჩა ერთი ჩემი მეგობარი უეჭველ სიკვდილს: ფასანაურში იყო და უეცრად დათვს შეეფეთა, მან სასწრაფოდ სანთებელა აანთო და დამფრთხალი დათვი თავისი გზით წავიდა. უნდა ვიცოდეთ, რომ მტაცებელი ცეცხლს ყოველთვის გაურბის, განსაკუთრებით, ღამით. ამავე დროს, შეიძლება ჯიბეში იქონიოთ სპეციალური ბალონები, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს და ხშირად თავდაცვის საშუალებად იყენებენ. თუ იმის დრო გაქვთ, რომ ჯოხზე ქსოვილი დაახვიოთ და ჩირაღდნად აქციოთ, მთლად უკეთესი, მაგრამ როცა ასეთი უბედურება ხდება, ადამიანების უმეტესობა იბნევა. ამით უნდა აიხსნას ის შიში და პანიკა, რომელიც 13 ივნისის შემდეგ თბილისში სუფევდა.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)
ლეკინო
12 ივლისი 2015 20:42
არადა კომენტარის დამწერი უმრავლესობა ხინკალზე ხბოს მწვადზე და ცივ პივაზე რომ დაპატიჟო სიამოვნებით წამოგყვება.... შამფურზე აცმული აღარ ეცოდებათ პირიქით ნერწყვი ახრჩობთ ხოლო მონადირეს და ყასაბს აკრიტიკებენ  .... :) ვაი თქვენ პატრონს ვისაც ეხლა თავისი თავი გაახსენდა
david67
12 ივლისი 2015 06:26
აუ რა ბნელი ხალხით არის ქვეყანა გატენილი! აბა თქვენი აზრით, საერთოდ გასაუქმებელი ყოფილა მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი.ყველა ასეთი ჰუმანურები თუ ხართ , რატომ არ ინდობთ ერთმანეთს და უმეტესობა სდამიანის დახვრეტის მუხლის მომხრეები რომ ხართ. თქვენ რა იცით ნადირობის ფასი? ვისაც ერთხელ მაინც უნადირია ის არ დაწერს ასეთ სიდებილეს და მონადირეს მკვლელს არ უწოდებს!
თქვენ ენით კლავთ ადამიანებს, თქვენი ღვარძლიანი კომენტარებით
max
12 ივლისი 2015 01:27
Mkvleli, sadisti

რედაქტორის რჩევით