"ეს ყველაფერია ქართველი გულშემატკივრის დაწყებულია" - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერია ქართველი გულშემატკივრის დაწყებულია"

აზერბაიჯანულ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის დაპირისპირებისას ჩვენი მეტოქე გუნდის ფანებმა ბანერები გამოფინეს, სადაც ქართული ქალაქების სახელები აზერბაიჯანულად ეწერა, ასევე დაწვეს და ფეხით გათელეს ქართული დროშა. სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ ანალოგიური ქართველმა ულტრასებმაც გააკეთეს.

ამ საკითხზე კომენატრი ფეხბურთის გულშემატკივრებს გიორგი ჯანელიძესა და გოჩა თანდარაშვილს ვთხოვეთ:

გიორგი ჯანელიძე (სცენარისტი): - დავიწყებ შარშანდელი ფაქტის გახსენებით, როდესაც საჩხერის „ჩიხურას“ ფანებმა ბაქოში გაუგებარი ტრანსპარანტები გამოფინეს, ეს იყო ძალიან ცუდი. ჩვენი „ბარსელონასა“ და „რეალს“ ვერ ვხდებით და ისევ სამეზობლოშო გვიწვეს თამაში,  ამიტომ მათთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს.

სომხეთშიც, აზერბაიჯანსა და თურქეთშიც ისტორიას ისე ასწავლიან, როგორც სურთ, ანუ მათ ფანებსაც აქვთ სათქმელი, რომ ერთ დროს ბათუმი თურქეთის იყო, ან თბილისი სომხური ქალაქი გახლდათ და ა.შ. სხვა  კუთხით თუ შევხედავთ, ადამიანს ფანი იმიტომ ჰქვია, რომ მთლად ნორმალური არ არის, ისინი ელოდებიან კიდეც ასეთ ხმაურს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ახლაა ძალიან ხმაურიანი, თორემ მალე ყველას დაავიწყდება, ზუსტად ისე, როგორც შარშანდელი ამბავი დაავიწყდათ...

საერთოდ ფანებს ყველას მიმართ აქვთ აგრესია, ალბათ გინახავთ, როგორ ერჩიან ერთმანეთს თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ფანები. ულტრასები მთელ მსოფლიოში აგრესიულები არიან.

გოჩა თანდარაშვილი (იუმორისტი): - ეს ყველაფერი ჩვენების დაწყებულია და ქართველი გულშემატკივარია დამნაშავე. შარშან იყო და ბაქოში გამოფინეს უაზრო ტრანსპარანტები და დაძაბეს სიტუაცია, ახლა აქ წაართვეს დროშები, ფეხით გათელეს და გადაიღეს ფოტოები. ამ ყველაფრის მერე რა პასუხი შეიძლება მოვთხოვოთ აზერბაიჯანელ გულშემატკივარს?! ისე, ეტყობოდათ რომ ორგანიზებულად იქცეოდნენ, წინასწარ დაბეჭდილი ჰქონდათ ბანერები, ზოგი სპეციალურად ამისთვის იყო მისული სტადიონზე... ვიღაცას თავი მაგარი ბიჭი ჰგონია, რადგან  20 აზერბაიჯანელს დროშა წაართვა. ეს არის რაღაც იდიოტური, ვითომ ულტრასული გამოხდომა. ეს ყველაფერი ფანური უკულტურობის ბრალი...

P.S. მე კი ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი უდის, რომელიც არ არის  გამორიცხული, რომელიმე მხარეს ძვირად დაგვიჯდეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)