გოჩა კაპანაძე: "სტიქიის გამო, ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნა პომპეზური არ იქნება!" - კვირის პალიტრა

გოჩა კაპანაძე: "სტიქიის გამო, ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნა პომპეზური არ იქნება!"

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. თბილისსა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის ევროპელებმა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გააკეთეს. ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მონაწილეობას ევროპის 49 ქვეყნის 3 000 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში - კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ცურვაში, მძლეოსნობაში, ველოსპორტში, ძიუდოში, ტანვარჯიშსა და ჩობგურთში - მიიღებს. მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაშიც კი პირველად გაიმართება, - ასეთ შეფასებას აძლევენ ოლიმპიურ კომიტეტში თბილისის მიერ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

როგორი იქნება ოლიმპიური ფესტივალის გახსნა, ამის შესახებ ან ღონისძიების ერთ-ერთ რეჟისორს, გოჩა კაპანაძეს ვესაუბრეთ:

- ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა პომპეზური არ იქნება, რადგან სულ ცოტა ხნის წინ თბილისს საშინელი სტიქია დაატყდა თავს. სტუმრებს არ მოაკლდებათ გართობა, მასპინძლობა, მაგრამ წარმოდგენას უფრო შემეცნებითი სახე ექნება. ძალიან ბევრი უცხოელი სპორტსმენი ჩამოდის. მათ არ იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, წარსული, ჩვენი სწრაფვა მომავლისკენ, თუნდაც სპორტული, ოლიმპიური მიღწევები... ამ ყველაფერს მაქსიმალურად წარმოვაჩენთ. მედეადან დაწყებული, ჩვენი ქვეყნის ისტორია გაცოცხლდება... დროც განსაზღვრულია, რადგან გახსნის შემდეგ დასვენება უნდა მოასწრონ, მეორე დღეს უკვე იწყება ასპარეზობა და დროშიც შეზღუდულები ვართ.

- მონაწილეებზე რას გვეტყვით. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები მოიწვიეთ?

- მათ მოწვევას ვგეგმავთ. ზოგიერთ მათგანს იმ დროისთვის უკვე დაგეგმილი აქვს გასტროლები. მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო ბანთან,  პაატა ბურჭულაძესთან და მსოფლიოში ცნობილ ქართველ პრიმაბალერინა ირმა ნიორაძესთან... ვეცდებით, სტუმრების წინაშე ღირსეულად წარვდგეთ. მუშაობენ ისეთი გამოჩენილი მხატვრები, როგორებიც არიან: მურაზ მურვანიძე და თამარ ფოცხიშვილი. რეჟისორები: დავით დოიაშვილი, ინგლისელი რეჟისორი, გურანდა მირიანაშვილი, მეც მათ შორის. კომპოზიტორები - დავით ევგენიძე და ჭაბუკა ამირანაშვილი. მუსიკალური პროდიუსერია – აჩი მეფარიძე. უკვე საგანგებოდ დაიწერა ფესტივალის დახურვის მუსიკაც.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)