"ზურა სოტკილავა კარგად არის და გთხოვთ, შეწყდეს განგაში!" - კვირის პალიტრა

"ზურა სოტკილავა კარგად არის და გთხოვთ, შეწყდეს განგაში!"

„კარგია თანაგრძნობა, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. ეს ჩვენი პრობლემა იყო და თავად  გავაკეთეთ ყველაფერი, ზურა რომ კარგად ყოფილიყო“

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ცნობილ საოპერო მომღერალს, ზურაბ სოტკილავას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მან დაგეგმილი კონცერტების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო…

როგორც წერდნენ, სოტკილავამ ავადმყოფობაზე მას შემდეგ მიიტანა ეჭვი, რაც საგრძნობლად დაიკლო წონაში და გულისა და მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მან ონკოლოგიურ ცენტრს მიაკითხა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარეს, სადაც ანალიზებმა თავდაპირველად არაფერი აჩვენა, რის შემდეგაც მომღერალი გერმანიაში გაემგზავრა. იქ კი გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. სოტკილავას გერმანიაში მისი ძველი მეგობარი, მწერალი ალექსანდრე პოტემნიკი დაეხმარა. საოპერო მომღერალს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა, შემდეგ კი ქიმიოთერაპიის კურსი დაენიშნა.

ვითარებაში გასარკვევად ზურაბ სოტკილავას მოსკოვში დავუკავშირდით, ტელეფონს მისმა მეუღლემ, ელისო თურმანიძემ უპასუხა და საგანგებო განცხადების გავრცელებაც გვთხოვა...

- ზურა უკვე კარგად არის. მალე დაასრულებს მკურნალობის კურსს. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ ეს განგაში არ მომეწონა და ცოტა გაბრაზებული ვარ! რა საჭიროა ასეთი ამბავი, როცა ადამიანი ერთ თვეში მკურნალობის კურსს ასრულებს, ყველაფერი კარგად მიდის და რაც ჰქონდა, აღარაფერი აქვს?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ ისევ ავადმყოფობაზე? ძალიან გთხოვთ, დაწერეთ, ზურა ახლა ჯანმრთელად არის, დადის კონსერვატორიაში, მღერის და კონცერტებისთვისაც ემზადება... კარგია თანაგრძნობა, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. ეს ჩვენი პრობლემა იყო და თავად  გავაკეთეთ ყველაფერი, ზურა რომ კარგად ყოფილიყო. დიმიტრი ხვარასტოვსკიმ რომ მოსდო ქვეყანას ავად ვარო, ასეთი რამ რა საჭიროა, არ მესმის.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)