"რეიტინგის" მეორე სიცოცხლე იწყება... - კვირის პალიტრა

"რეიტინგის" მეორე სიცოცხლე იწყება...

27 ივლისს ჟურნალი მკითხველის წინაშე განახლებული რუბრიკებით, დიზაინითა და ლოგოთი წარდგება...

საქმისადმი სიყვარული, პროფესიონალიზმი და ერთგულება სწორედ ამ პრინციპით 13 წელია საქართველოში - ჟურნალი "რეიტინგი" იქმნებოდა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჟურნალი თავის სფეროში მართლაც ეპოქას ქმნიდა. მის ფურცლებზე არაერთი ექსკლუზივი გვიხილავს, ქართველი ვარსკვლავების უმრავლესობის რეიტინგულ ცხოვრებასაც საფუძველი სწორედ "რეიტინგმა" ჩაუყარა - ის არაერთი სატელევიზიო პროექტის სამაგიდო ჟურნალიც გამხდარა...

"რეიტინგში" ამჯერადაც მნიშვნელოვანი სიახლისთვის ემზადებიან - არსებობის ზუსტად 13 წლის თავზე, გამოცემა პროფილს იცვლის და მალე მკითხველის წინაშე განახლებული რუბრიკებით, დიზაინითა და ლოგოთი წარდგება. დეტალებზე ჟურნალ "რეიტინგის" რედაქტორი ნინო მურღულია გვესაუბრება:

- "რეიტინგში" თითქმის 13 წელია ვმუშაობ, ჟურნალში მეორე ნომრიდან ვწერ და ვფიქრობ, მკითხველისთვის ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, გამოცემას ჩემს ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აქ ნახევარი სიცოცხლე გავატარე და საკუთარი ოჯახის წევრებად მივიჩნევ გუნდს, რომელიც 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროდუქტს ქმნიდა. დაფუძნების დღიდან ჟურნალი მუდმივად საუკეთესოს ძიების პროცესში იყო, სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის, რომ მკითხველს ექსკლუზივებითა და საინტერესო მასალებით ვანებივრებდით. იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივ განახლებას საჭიროებს, "რეიტინგისთვისაც" ცვლილებების დრო დადგა - ახლა მისი მეორე სიცოცხლე იწყება.

- კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებებისთვის ემზადებით და როდის წარდგება მკითხველის წინაშე ჟურნალი შეცვლილი პროფილით?

- 27 ივლისს ჟურნალი გამოვა შეცვლილი დიზაინითა და ლოგოთი. ბუნებრივია, მისი ღირებულებაც გავითვალისწინეთ და ქვეყანაში არსებულ რეალობას მოვარგეთ. მკითხველი ვრცელ ინფორმაციას მიიღებს, რა ხდება ქალაქში, რა სიახლეებია, სად შეიძლება დასვენება დაბალ ფასად ან ორიგინალური სამოსის შეძენა... იზრდება ჟურნალის მოცულობაც. ის ასფურცლიანი გახდა, თუმცა ყოველკვირეულის ნაცვლად, თვეში ერთხელ გამოვა. სხვათა შორის, მკითხველის გემოვნებისა და ინტერესის სფეროს შესასწავლად რამდენიმე თვე ფოკუსჯგუფთან ერთად ვმუშაობდით. საბოლოოდ, ასეთი შედეგი მივიღეთ - საზოგადოება ნეგატიური ინფორმაციებისგან დაიღალა და მეტ პოზიტიურ სტატიებს ითხოვს. ამის ნაკლებობას ჩვენ ისედაც არ განვიცდიდით, თუმცა, ამჯერად სხვადასხვა მიმართულებით გაფართოებას ვგეგმავთ. კერძოდ, არაერთი შემეცნებითი რუბრიკა დაგვემატება და ყველაფერთან ერთად, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა ტიპის გამოკითხვასაც ჩავატარებთ. რაც მთავარია, ჟურნალი პოლიგრაფიულად მაღალი ხარისხის იქნება, რითაც მკითხველს დამატებით კომფორტს შევუქმნით.

- "რეიტინგმა" მართლაც ერთგული მკითხველების არმია შეიძინა. როგორც ვხვდები, არსებულ სეგმენტს არც ახლა კარგავთ და ბაზარზე არსებული ჟურნალებისგან განსხვავებულ პროდუქტს შექმნით.

- რა თქმა უნდა, არსებულ სეგმენტს არ დავკარგავთ, პირიქით,  ვფართოვდებით და სხვა სეგმენტებზეც გავალთ. მერწმუნეთ, განახლებული "რეიტინგი" ამ სფეროში არსებული ჟურნალებისგან გამორჩეული და განსხვავებული იქნება.

ოპერატიული მასალებისთვის საიტ Reitingi.ge-ს გამოვიყენებთ, საინტერესო თემებს კი ჟურნალში განვავრცობთ. გარდა ამისა, შევქმნით ახალ თემებს სალაპარაკოდ და ეს იქნება არა პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ სასარგებლო ინფორმაცია, რასაც მკითხველი სხვა ჟურნალიდან ვერ გაიგებს. ჟურნალში რჩება ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუები, ასევე რუბრიკა "ქართველები საზღვარგარეთ", რომელთა საშუალებითაც არაერთი საინტერესო თანამემამულე აღმოგვიჩენია. მაგალითად, ამერიკაში არსებობს ასეთი ორიგინალური და ქართველებისთვის უცნაური პროფესია - პირადი კონსულტანტი. თუ ადამიანს შოპინგისთვის შეზღუდული თანხა აქვს და მისი სწორად განაწილება სურს, გარდერობის განახლებას პირად კონსულტანტს სთხოვს, რომლის გემოვნებასაც სრულად ენდობა. ამერიკაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია, თუმცა პირადად ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ოკეანის მიღმა ქართველი პირადი კონსულტანტი აღმოვაჩინეთ. ის ამერიკაში ერთ-ერთ მოთხოვნად კონსულტანტად ითვლება.

ამასთან, არაერთმა ქართველმა ვარსკვლავმა ფეხი სწორედ "რეიტინგში" აიდგა, ტელევიზიებისთვისაც ჩვენი ჟურნალი მუდმივად საინტერესო თემების წყარო იყო. ამ ნიშას მომავალშიც შევინარჩუნებთ, თუმცა, მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე ორიენტირებული არ ვიქნებით. საზოგადოებას საინტერესო ადამიანებს გავაცნობთ, რომელთა ცხოვრება მათ ყურადღებას რეალურად იმსახურებს. მინდა გითხრათ, რომ ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, არაერთი ღონისძიების მოთავე და მხარდამჭერი ვიქნებით.

რუსუდან შელია