ბახტრიონის #20-ის მდგმური - კვირის პალიტრა

ბახტრიონის #20-ის მდგმური

საღამო იყო, ბინდი დგებოდა. ბახტრიონის ქუჩის #20-ში, სადარბაზოს შესასვლელთან მისულს შიშით კინაღამ მუხლები ჩამეკეცა - სარდაფში ჩასასვლელი კიბის თავში დაფენილ მოშავო-მორუხო ფარდაგზე ვიღაც იწვა. მივუახლოვდი და კარგად შევათვალიერე - პაპანაქება სიცხისთვის უჩვეულოდ სქელი მუქი ლურჯი კაბა ეცვა და შიშველი წვივები შეეკეცა. რაღაცნაირად ეძინა, მოვლილი ქალივით - მშვიდად, მკლავზე თავჩამოდებულს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე. არც ჩხაკუნი გაუგია, არც შუქს შეუწუხებია. იქნებ ცუდად არის-მეთქი, გაღვიძება დავუპირე, - დახმარება ხომ არ გინდა-მეთქი. შეშინებული წამოხტა და - არა, წადიო. ხურდა რომ გავუწოდე, ხელისგულზე დამხედა, - უკვე ვჭამე, მაგით ნაყინი იყიდეო. მერე თეთრი `ბალეტკები~ წამოიცვა, ხელი მომკიდა და გვერდით მომისვა.  მივხვდი, წარსულდაკარგულ ადამიანთან ვიჯექი, რომელიც რუსულ ლაპარაკში ქართულ წინადადებებსაც ურევდა.

- რა გქვია?

- როზა.

- რა გვარი ხარ?

- არ ვიცი.…

- საიდან ხარ?

- ომსკიდან.

- თბილისში როგორ მოხვდი?

- ჩავჯექი მატარებელში და მოვედი.

- რატომ მოხვედი?

- არ ვიცი.

- აქ ვინ დაგხვდა?

- არავინ. დამწვარი სახლები. ბევრი დამწვარი სახლი და ბნელი ქუჩები.

- ალბათ 1991 წლის სამოქალაქო ომზე ლაპარაკობ... თავს რით ირჩენდი?

როზა დგება, ხელებს ზურგს უკან იწყობს, თავს ხრის და იატაკს აშტერდება. ალბათ უკვე ლაპარაკი აღარ უნდა-მეთქი, ის კი: `მინდორში, ბალახ-ბულახში, ამოსულიყო იაო,/ამაღამ შენთან მოვდივარ/, კარი დატოვე ღიაოოო...… დარიდური, დარიდური, დარი დარალეეე!~

- ესე იგი, ფულს სიმღერით შოულობდი?

როზა არ მპასუხობს, მაგრამ სიმღერაზე ქუჩიდან სადარბაზოში ბავშვები შემორბიან. როზას უყურებენ და მეხვეწებიან, - უთხარით რა, კიდევ იმღეროსო.M მეც ვეხვეწები - როზა, ბავშვები გთხოვენ, იმღერო, მაგრამ ფული არ აქვთ-მეთქი!

- ჰო, - თავს მიქნევს როზა და მღერის: `ჩემო ციცინათელა, დაფრინავ ნელა-ნელაააა~...

- ეგ სიმღერები ვიღამ გასწავლა? - ვეკითხები, მაგრამ როზა დუმს.

- მე წავალ, მაგრამ თუ აქ აღარ გაგაჩერეს, ავლაბარში უსახლკაროთა კარავია და იქ წადი, საჭმელსაც გაჭმევენ და სიცივითაც არ მოკვდები.

- არსადაც არ წავალ! - ჯიუტად აბაკუნებს ფეხებს და თითს მიქნევს, - არ წავალ, აქ კარგია, მე კარგი ვარ, აი, რა ლამაზი ვარ, - და ხელს შეღებილ თმაზე იდებს, - აქ…ხალხს ვუყვარვარ, საბანი მაჩუქეს, ტანსაცმელი მაჩუქეს! აქ მოდერნისტულ შენობებს აშენებენ - ევროპულ შენობებს, ლამაზად იცვამენ! ეგ რუსეთში არ არის. არ წავალ რუსეთში, არ მინდა!

- თუ გინდა, ნუ წახვალ... ესე იგი, გახსოვს, ვინ ხარ?

- მე?! ფიზიკა ვიცი, მათემატიკა ვიცი, მე მეცნიერი ვარ და არსად არ წავალ, არსად არ ვუყვარვართ, - ისევ მიჯავრდება როზა..

ხმაურზე რომელიღაც ბინიდან ქალი გამოდის, - როზა არაფერს აშავებს, ყველას გვიყვარს. ვიცით, რომ მშიერია და ლუკმა არ გადაგვდის ყელში, ამას რომ არ მივაწოდოთ. ძალიან მხიარული და კეთილია, სუფთად რომ იყოს, ყოველდღე ბუკიას ბაღის შადრევანში თავს იბანს. მეზობლები ხან რას ვჩუქნით, ხან - რას და როზას აკვირდება, - რუსია, ზოგჯერ გონებაში სინათლე გაუვლის და ისეთ რამეს იტყვის, რაც მხოლოდ განათლებულმა ადამიანმა იცის, მაგრამ რამ გადმოკარგა ამ სიშორეზე, არ ახსოვს! რამდენი წელია, ბახტრიონის ქუჩა ვპატრონობთ, - ამბობს და კარს იქით იმალება. მეც როზას ვემშვიდობები, - რა ადვილია წარსულის დაკარგვა და რა მარადიულია სიკეთე, რომელიც არასოდეს იკარგება, - ერთ დღეს მთელ ბახტრიონის ქუჩას დახვდება წინ, რასაც დღეს როზასთვის იღებენ, წარსულდაკარგული უპატრონო ქალისთვის, რომელიც სადარბაზოში ცხოვრობს და მის მიღმა დარჩენილ ცხოვრებას ცივი თვალებით შეჰყურებს. დღეს მთელი მისი სამყარო, ეს სადარბაზო და მისი პატრონი ბახტრიონელები არიან. აქ კარგია! რა ვქნა, როგორც როზას, მეც ასე მჯერა: - აქ, ჩვენთან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია! ჩვენ ხომ სიკეთის კეთება ყველა სიტუაციაში შეგვიძლია!…მაშინაც კი, როცა ჩვენი მოსავლელი ჩვენი დამაქცევარი ქვეყნის შვილია.