ფრანგი იურისტის ქართული ვნებანი - კვირის პალიტრა

ფრანგი იურისტის ქართული ვნებანი

"საქართველოში ვნახე ჩემი ბავშვობის დროინდელი კორსიკა"

"იმერეთში, საჩხერის რაიონში, მეგობართან სტუმრობისას შარვაძეების ძველ მარანში, ცხოვრებაში პირველად მოვხადე თავი ქვევრს და საკუთარი ხელით ამოვიღე ღვინო. კინაღამ ავტირდი ბედნიერებისგან, როდესაც ქვევრის თავზე აყალოს ვჭრიდი.„"ჯერ გვერდიდან მოჭერი, მერე ჯვარი გააკეთე, ახლა ეს მხარე ასწიე",  - მკარნახობდა მასპინძელი. როცა ქვევრში ორშიმო ჩავკიდე, მეგონა, სურნელოვანი სიღრმიდან მთელი ისტორია ამომქონდა", - ამბობს წარმოშობით კორსიკელი ფრანგი იურისტი, საქართველოზე შეყვარებული ჟერმან ჟერარდი. მან ამ გაზაფხულზე საფრანგეთის ქალაქ ჟუან-ლე-პინში ქართველ მორაგბე ილია კახოიძესთან ერთად ქართული ვენახი გააშენა. 200 ძირი მუჯურეთული ჯიშის ვაზი დარგეს და მარნის მშენებლობაც წამოიწყეს. საქართველოდან ქართული ქვევრები  და ძველი საწნახელი წაიღეს.

ჟერმან ჟერარდი: - ქართული მარანი მუზეუმია: ქვევრი, საწნახელი, ორშიმო, გიდელა, ჭინჭილა და სხვა უძველეს ისტორიას გიამბობენ. სწორედ მათი გამოყენებით იქმნებოდა ქართული ღვინის წარმოების ხელოვნება. უნდა დაიცვა და გაამდიდრო ისტორია, რომელიც ქართულ ღვინოს მოჰყვება. სწორედ ამიტომაც გახდა ქართული ქვევრის ღვინო განსაკუთრებული იუნესკოსთვის, მაგრამ არ შეიძლება მარნის ატრიბუტები მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები იყოს.

თუ წარსულსა და აწმყოს შორის ჯაჭვი გაწყდება და მარანი მხოლოდ ტურისტისთვის საჩვენებლად დარჩება, მივიღებთ სახელად ქართულ, მაგრამ ჩვეულებრივ ღვინოს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ისეთივე არომატი და გემო, როგორიც სხვა ქვეყნების კარგ ღვინოებს.

- როგორი მეთოდითაც უნდა დამზადდეს, ქართული ღვინისთვის ძნელი იქნება ფრანგულ, მით უფრო, ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდება.

- ვერ დაგეთანხმებით, შესაძლოა, დრო დასჭირდეს სერიოზული ნიშის დასაკავებლად და არა ფეხის მოსაკიდებლად. არ შეიძლება ქართული ღვინო რუტინული კომერციული მეთოდებით შესთავაზო ფრანგულ ბაზარს. ფრანგ სომელიეს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ რესტორანში ქართული ღვინის სახით არა უბრალოდ ღვინოს, არამედ მრავალათასწლოვან ტრადიციას სთავაზობს სტუმრებს. მინდა ამ ტრადიციის გაცნობაში დავეხმარო ფრანგებს, ევროპელებს. მე და ჩემი მეგობარი ილო იმიტომაც ვაკეთებთ მარანს საფრანგეთში, რომ ქართული ტრადიციები გავაცნო და შევაყვარო მათ, ვინც უნდა გაახმაუროს ღვინის სამშობლოდ აღიარებული ქვეყნისა და მისი ღვინის ამბავი. ევროპელებმა ჩემსავით უნდა მოხადონ ქვევრი, უყურონ, როგორ იწურება ღვინო საწნახელში...

პარადოქსია, მაგრამ ევროპაში ისიც კი არ იციან, საქართველო სად არის. ზოგს რუსეთის შემადგენლობაში ჰგონია, ზოგსაც თურქეთის, რადგან ლიტერატურაში, რუს მწერლებთან, და ძველ, თურქ ისტორიკოსებთან, ასეა მოხსენიებული. ბერძნულ მითებშიც მხოლოდ კოლხეთია ნახსენები.

მინდა გავაღრმაო ქართულ-ფრანგული ურთიერთობები. სექტემბრის მეორე ნახევარში დავბრუნდები დელეგაციასთან ერთად და სიღნაღსა და შატონეფს დავაძმობილებთ. ველაპარაკე ცნობილ ფრანგ ისტორიკოსებს, მინდა არქივებში დაცული მასალები გამომზეურდეს, სადაც ძველ ქართულ და ევროპულ, მათ შორის ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებზე უამრავი მასალა ინახება. ამ ყველაფერზე იმუშავებს ქართულ-ფრანგული ასოციაცია, რომელსაც ჰქვია "საქართველო ცენტრში". ეს  არ არის შემთხვევითი სახელი: საქართველო კავკასიის ცენტრშია და გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ევროპის და აზიის კონტინენტის ცენტრიცაა, თუმცა არავინ აღიარებს ამას და ამიტომაც მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები თითქოს საქართველოს ინტერესებისთვის წარმოებს. სინამდვილეში კი სათავისოდ ლაპარაკობენ საქართველოს სახელით:

"თქვენ უკვე კარგად იქცევით, მაგრამ ჯერ ვერ შემოგიშვებთ ნატოში, ჯერ ადრეა თქვენთვის ევროკავშირში შემოსვლა, სავიზო რეჟიმიც უნდა გაგვეუქმებინა, მაგრამ ჯერ ადრეა, კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი", - ასეთი ქედმაღლურია პოლიტიკურ სამყაროში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება.

შარშან, 12 ოქტომბერს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წამყვანი გახლდით. შეხვედრაზე 130 მონაწილე განიხილავდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის რუსებიც იყვნენ. სახალხოდ ვკითხე რუსებს, ხომ მოიპოვეთ ძალაუფლება ყირიმზე, გაქვთ ოდესის პორტი, რაღად გჭირდებათ აფხაზეთი, როდის დაუბრუნებთ საქართველოს-მეთქი? დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

- თქვენ კორსიკელი ხართ, განსაკუთრებული ტრადიციების მქონე ხალხის წარმომადგენელი...

-  საქართველოს მიმართ ასეთ სიახლოვეს სწორედ ჩემი კორსიკელობა განაპირობებს. აქ ვნახე ჩემი ბავშვობის დროინდელი კორსიკა, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ტრადიციები გაქრა, დარჩა ფოტოები და მოგონებები. არ მინდა იგივე მოხდეს საქართველოში და როდესაც ჩემი ხნის გახდებით, სადღაც, სხვა ქვეყნებში დაუწყოთ ძებნა თქვენი ბავშვობის დროინდელ საქართველოს.

ქვეყანა უნდა განვითარდეს, მაგრამ ტრადიციები უნდა შენარჩუნდეს. სწორედ ორიგინალურობა და ინდივიდუალიზმია ის გასაღები, რითაც ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქართველებისა და კორსიკელების ტრადიციები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, განსაკუთრებით ფოლკლორი...

- ძნელია ფოლკლორში მსგავსება არ შენიშნო. ამიტომაც უნდა დავაახლოო ქართული და კორსიკული ფოლკლორული ჯგუფები. როდესაც ჩემი ქართველი მეგობარი აჩიკო ტყემალაძე ოჯახში მეწვია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბაბუაჩემის სურათს. აჩიკო მიმტკიცებდა, იერითა და აღკაზმულობით გურულს ჰგავსო. მიკვირდა და მიხაროდა კიდეც, რომ მან ეს მსგავსება დაინახა. შემდეგ ეს ფოტო აჩვენა ქართველ მეგობრებს და კითხვაზე, ვინ არისო? ყველა პასუხობდა: ალბათ ვიღაც ცნობილი ძველი გურული ან აჭარელიო. სექტემბერში ჩემი შვილი უნდა ჩამოვიყვანო და ვაჩვენო ისეთი ქვეყანა, როგორშიც მე „გავიზარდე.