სრული იდილია - წიგნი და დასვენება
13-07-2015
სრული იდილია - წიგნი და დასვენება
ანუ როცა ცხოვრებისეული რუტინით არ ხარ გარემოცული...


დილის შვიდი საათია... სურამში გუშინ ჩამოვედი და ჯანსაღი ჟანგბადით სავსე გარემოსთან შეგუება ჯერ კიდევ მიჭირს. დილაუთენია მეღვიძება. სახლის ფანჯრიდან პირდაპირ სურამის ტყეს ვუყურებ. ძნელია ასეთ დროს ცდუნებას გაუძლო! რამდენიმე წუთიც და... აივანზე ჩამოკონწიალებულ ჰამაკში მოკალათებული, ჩემი თბილი და მზიანი წიგნის კითხვას ვიწყებ... აი, რა არის სრული იდილია! აი, რას ნიშნავს სრულფასოვანი დასვენება! ვგრძნობ, ეს ადგილი მალე ჩემი ზაფხულის თავშესაფრად იქცევა...

სხვათა შორის, ცოტა
ხნის წინ ერთ-ერთ სოლიდურ უცხოურ შემეცნებით ვებგვერდზე საინტერესო კვლევას წავაწყდი. მეცნიერების დაკვირვებით, წიგნის წასაკითხად ყველაზე პროდუქტიული დრო თურმე ზაფხული ყოფილა: კითხვა ხომ არა მხოლოდ ცოდნის, არამედ რელაქსაციის, დასვენების, ახალი სამყაროს აღმოჩენისა
და შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა. ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც საკმარისად თავისუფალი დრო გაქვს და ცხოვრებისეული რუტინით არ ხარ გარემოცული...
ერთი სიტყვით, ზაფხულში წიგნის კითხვა თქვენი სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

მონტენი ამბობდა: "ჩემთვის სამი რამაა აუცილებელი: სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა". რაც უფრო ხშირად ვფიქრობ ამ სიტყვებზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ეს სამი კომპონენტი ერთმანეთთან მართლაც მჭიდრო კავშირშია - წიგნის გარეშე ამ ორ უდიდეს ადამიანურ გრძნობას კაცობრიობა სრულყოფილად ვერასოდეს გააცნობიერებდა.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვგრძნობ და ვხედავ, რომ წიგნის კითხვა "მოდური" ახალგაზრდა თაობაშიც გახდა. კითხვა მათ სიტყვათა მარაგის დაგროვებაში, ლოგიკური აზროვნებისა და ანალიტიკური უნარის განვითარებაშიც ეხმარება.

თინეიჯერებმა კომპიუტერის სიყვარული მეტ-ნაკლებად გადალახეს და თანდათან ლიტერატურას უბრუნდებიან.
ამაში პირადად დავრწმუნდი, როდესაც ერთ საღამოს წიგნის მაღაზია "ბიბლუსთან" ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი შევნიშნე. ახლაც მახსოვს მაშინდელი განცდა: მოულოდნელობა, სიამაყე და სიხარული ერთმანეთში ამერია. ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს ქალაქგარეთ დასასვენებლად გამგზავრება წიგნის გარეშე ვერც კი წარმოუდგენია.

რა ჟანრის ლიტერატურაა ზაფხულში აქტუალური და რამდენად დიდია მკითხველთა რაოდენობა წელიწადის ამ დროს, დეტალების გასარკვევად წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერ მარიამ წამალაშვილს ვესაუბრეთ: "ზაფხული მზესა და სითბოსთან ერთად, უკვე კითხვასთანაც ასოცირდება. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ზღვისა თუ მთის კურორტზე წიგნის კითხვა რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. საბედნიეროდ, ამ მხრივ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა აქტიურობს: მოზარდებში წიგნის მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია.

13 ივლისიდან მკითხველებს "ბიბლუსის" ყველა ფილიალში, მათ შორის, რეგიონებშიც, 20%-იდან 50%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ.
რაც მთავარია, ფასდაკლებების განსაზღვრისას ქართველი მკითხველის გემოვნება მაქსიმალურად გავითვალისწინეთ - ის ყველა პოპულარული წიგნების სერიებზე გავრცელდება.
იმის დასადგენად, თუ რომელი წიგნები სარგებლობს წელიწადის ამ დროს პოპულარობით, "ტოპწიგნების" ოცეული შევადგინეთ. თუ წინა წელს მკითხველში აქტუალურობას მარტივად წასაკითხი ლიტერატურა არ კარგავდა, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. მსგავსი რომანები "ლიბერთინსის" სერიამ სრულად ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, ამ სერიის წიგნებზე საერთოდ წლის განმავლობაში "ბიბლუსის" შესასვლელთან მუდმივად უზარმაზარი რიგი იდგა. მართალია, "ლიბერთინსის" მიერ წარმოდგენილი სერია თინეიჯერებზეა გათვლილი, თუმცა ასაკობრივი ზღვარი ამ შემთხვევაში არ არსებობს და მას უამრავი უფროსი თაობის მკითხველიც ჰყავს.


მკითხველებში მოთხოვნადი წიგნების ოცეული ასე გამოიყურება:


1. მარკუს ზუსაკი  - "წიგნის ქურდი"
2. ემი იტერანტა - "წყლის საიდუმლო"
3. ჯეიმზ დაშნერი - "ლაბირინთში მორბენალი"
4. დათო ტურაშვილი - "ჯინსების თაობა"
5. გეილ ფორმანი - "თუ დავრჩები"
6. ელიფ შაფაქი - "სიყვარულის ორმოცი წესი"
7. ჩარლზ ბუკოვსკი - "მაკულატურა"
8. ჯეიმზ პეტერსონი - "ობობას გამოჩენა"
9. ლუის ლოური - "გამღები"
10. ჯონ გრინი - "ალასკას ძიება"
11. გიორგი კეკელიძე - "გურული დღიურები"
12. იუსტიან გორდერი - "ფორთოხლის გოგონა"
13. გილიან ფლინი - "გაუჩინარებული ქალი"
14. გაბრიელ გარსია მარკესი - "იცხოვრე, რომ მოჰყვე"
15. ჰარუკი მურაკამი - "ნორვეგიული ტყე"
16. ჰარპერ ლი - "ნუ მოკლავ ჯაფარას"
17. პაულო კოელიო - "ადიულტერი"
18. სტივენ კინგი - "ნისლი"
19. ვერონიკა როთი - "განსხვავებული"
20. სტივენ ჩბოსკი - "მარტოსულობის უპირატესობანი" 

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით