"მე გაჩუმება ვამჯობინე!" - კვირის პალიტრა

"მე გაჩუმება ვამჯობინე!"

ნოდარ მგალობლიშვილი - 84

ნოდარ მგალობლიშვილს დაახლოებით 12 წლის წინ მის სახლში შევხვდი. ცარიელ კედლებს თეიმურაზ ხევისთავი, ჰაკი აძბა, იულიუს კეისარი, იაგო ავსებდნენ. მას შემდეგ, ყველა შეხვედრისას უცნაური განცდა, ბავშვური სიხარული და გაოცება მიპყრობს. ყოველი შეხვედრისას ახალ ნოდარ მგალობლიშვილს ვხვდები!.. ერთი შეხედვით, იუმორითა და უშუალობით არის სავსე, მაგრამ დიდ და უთქმელ სევდას ფარავს...

-  ჩემს შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ. ერთხელ ლილი იოსელიანმა მითხრა, სხვებისგან განსხვავებით, ვერასოდეს ვხვდები, განაწილების დროს როლი მიიღე თუ არა, ზოგჯერ სიხარულისგან არტისტს ცრემლიც უნდა წამოუვიდესო... მაგრამ მე ყოველთვის მშვიდად ვიყავი, ეტყობა, არ დავიბადე მსახიობის ბუნებით!.. როდესაც შენში აჯობებ შურს, გადალახავ ვიღაცის დამცირების სურვილს, როცა გიხარია შენი კოლეგის წარმატება და შეგიძლია აღიარო,–ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, საკუთარ თავზე გამარჯვება. ასე მოვედი აქამდე!..“ყველაზე დიდი გმირობაა, მაშინ რომ წახვალ, როცა აღარ შეიძლება შენი სცენაზე გასვლა.

- ეს ხომ გადაჭარბებული თავმდაბლობაა?

- ეს არის ობიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე. მერიდება, მაგრამ მიგანიშნებთ, - საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა გამიჩნდა. იმდენი ვითამაშე კინოშიც, თეატრშიც... ცოცხალი უნდა დარჩეს ყველა სახე, ყველა ნათქვამი, ყველა გამოხედვა...

ბატონ ნოდარს არ ვეთანხმები! მინდა, ისევ ვნახო სცენაზე, მინდა, ჩემმა შვილმა და მისმა თაობამ ნამდვილი არტისტი იხილონ! ვბრაზდები რეჟისორებზეც!

ლირიკული გადახვევა: თანამედროვე რეჟისორებს შორის გოჩა კაპანაძეს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ნიჭიერი კაცი რომ არის, მარტო ამიტომ არა! რუსთაველის თეატრში სპექტაკლ ,,მოხუცი ჯამბაზებისთვის" თავი მოუყარა იმ თაობას, რომელმაც ეპოქა შექმნა... რეჟისორმა ბედნიერება მიანიჭა თეატრის მოყვარულებს! ამ ჩანართის მიზანს მიმიხვდება მკითხველი...

მარჯანიშვილის თეატრსაც სჭირდება ასეთი სპექტაკლი და ისეთი რეჟისორი, რომელიც ნოდარ მგალობლიშვილს გადააფიქრებინებს სცენის გარეშე ცხოვრებას და საკუთარი თავის ნდობას დაუბრუნებს!

- მთავაზობენ, მემუარები დავწერო, ვილაპარაკო თეატრში მიმდინარე პროცესებზე. იქ ადამიანები ზოგჯერ დაუნდობლებიც არიან, უსამართლოებიც და ეს დავწერო? მირჩევნია, ეს ამბავი ჩემში დარჩეს. ან ყველაფერი უნდა ვთქვა, ან გავჩუმდე! მე გაჩუმება ვამჯობინე!

ბატონი ნოდარი იუბილარია. ეს იუბილეც ისე ჩაივლის, როგორც შარშანდელი, შარშანწინდელი - უბრალოდ, პომპეზურობის გარეშე. რაც ვიცნობ, მხოლოდ ერთი დაბადების დღე იყო განსხვავებული - საგანგებოდ ჩამოსულმა რუსმა თაყვანისმცემელმა ზეიმი მოუწყო...

ბატონო ნოდარ, გმადლობთ იმისთვის, რომ დამანახეთ: ადამიანის ყველაზე დიდი სამკაული–უბრალოებაა! იმისთვის, რომ პრინციპულობის, ღირსების, ერთგულების მაგალითი მაჩვენეთ!

ნოდარ მგალობლიშვილი - 84

ნოდარ მგალობლიშვილი 1931 წლის 15 ივლისს სოფელ გომბორში დაიბადა. ბავშვობიდან ოპერის მომღერლობა სურდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ დარდისგან ხმა დაკარგა. მეგობრის რჩევით, რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა... სწავლის დამთავრების შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა... უამრავი გამორჩეული როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში...

1976 წლიდან საქართველოს დამსახურებული არტისტია, 1979 წლიდან კი - სახალხო არტისტი. 2001 წელს უარი თქვა პრეზიდენტ შევარდნაძის გადაცემულ ღირსების ორდენზე - განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმისგან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა, უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა. ნოდარ მგალობლიშვილს ჰყავს ცოლი, ვაჟიშვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

ნანა ჭრელაშვილი