როგორ "დაშლიან" სახიფათო მეწყერს - კვირის პალიტრა

როგორ "დაშლიან" სახიფათო მეწყერს

9 ივლისს, დილით, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ერთ-ერთ უბანზე მეწყერი ჩამოწვა და ახალაღდგენილი გაზსადენი მწყობრიდან გამოიყვანა. სპეციალისტების განმარტებით, დაახლოებით 200 კუბმ მყარმა მასამ საავტომობილო გზის მონაკვეთი სწორედ იმ ტერიტორიაზე დაფარა, სადაც 13 ივნისის ღამით მასშტაბური მეწყრული ზონა წარმოიქმნა. საავტომობილო გზის ჩახერგვის გამო მოძრაობა დროებით შეფერხდა. ახალაღდგენილი გაზსადენის დაზიანების შედეგად კი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ახალდაბასა და მიმდებარე აგარაკებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი:

-  იმის გამო, რომ მეწყერი კვლავ მოსალოდნელია, გადავწყვიტეთ, ღამით შეიზღუდოს მოძრაობა, დღისით კი სპეციალური რეჟიმით გადავაადგილოთ მოქალაქეები, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.

როდესაც ვამბობ, რომ შესაძლოა, მეწყერი გააქტიურდეს, არ ვგულისხმობ 13 ივნისის ღამით მომხდარი სტიქიის განმეორების საფრთხეს.

ასეთი მასშტაბური მოვლენის შემდეგ გართულებები ყოველთვის არის, მაგრამ არამასშტაბური.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მეწყრის ჩამოწოლის საფრთხე?

- ზუსტი დროის დასახელება შეუძლებელია. 13-14 ივნისს მხოლოდ ახალდაბასთან არ ჩამოწოლილა. ასამდე ადგილზე ჩამოიშალა სხვადასხვა ოდენობის მასა. შესაბამისად, მაშინ ძალიან დიდი დაძაბულობა განიმუხტა ფერდობებზე, მაგრამ კვალი დარჩა და სანამ სრულად არ ჩამოიშლება, სტიქიის საფრთხე არ გაქრება.

დიდ მეწყრულ ადგილზე  500 მლნ კუბმეტრამდე მასა ჩამოსასვლელია.

- ხელოვნურად ჩამოშლას არ აპირებთ?

- ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, რადგან ძალიან რთული მონაკვეთია. მე არ ვემხრობი აფეთქებას, რამაც შესაძლოა, სხვა მეწყრული ზონები გაააქტიუროს.

განიხილება სამთო კარიერების დამუშავების პრინციპით ზემოდან ქვემოთ, საფეხურებრივად მოხსნის მეთოდიც.

ნაწილი ბუნებრივად ჩამოვა, ნაწილშიც ხელოვნურად უნდა ჩავერიოთ. ერთ და ორ დღეში ეს არ მოგვარდება. ჩვენ მზად ვართ, მუდმივად ვაკონტროლებთ კრიტიკულ ზონას როგორც ჰიდრომეტეოროლოგიურად, ისე გეოლოგიურად. ნალექმზომები და მდინარეში დონეების მზომი უკვე დამონტაჟებულია და თუ წყლის დონე მოიმატებს, ინფორმაციას მალევე მივიღებთ ქალაქის ქვედა ზონის უსაფრთხოებისთვის.

- რაც დარჩენილია, ის მასა რომ წყალმა წამოიღოს, იგივე განმეორდება?

- ტრაგედიის ღამეს წყალი ხის მასალის ჩახერგვის გამო დაგუბდა. ახლა ჩამონაშალ მასაში  ხის მერქნოვანი ნაწილი მოცილებულია, რჩება ღორღოვანი და ქვიანი მასა, რომელსაც მდინარე ვერე, კალაპოტის თავისებურების გამო, თბილისამდე ვერ ჩამოიტანს. იმ მასშტაბის წყალდიდობა და წყალმოვარდნა არ გვემუქრება.

- თუ არსებობს წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატივა?

- რთული გეოდინამიკური ფაქტორების გამო დაძაბულ ფერდობებზე ალტერნატივის მოძიება გაძნელდება. მე უფრო ვფიქრობ ამ გზის აღდგენასა და ექსპლუატაციის მომენტში მუდმივი ზედამხედველობის დაწესებას. თუმცა ალტერნატივასაც არ გამოვრიცხავ ბეთანიის ან ნაფეტვრების მხრიდან. ძალიან ძნელი იქნება ახალი გზის გაკეთება, ვადასა და ფინანსურ შესაძლებლობას არ ვგულისხმობ, გეოლოგიურად რთული გარემოა. მიუხედავად ყველაფრისა, გზების სპეციალისტებთან ერთად მაინც განვიხილავთ სხვადასხვა გზას.

დევდარაკი წლისთავზეც საშიშია

17 მაისს ერთი წელი შესრულდა დარიალის ხეობაში მყინვარის ჩამოშლიდან, რამაც ღვარცოფი მოიტანა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მსხვერპლი მოჰყვა დევდარაკის მიერ გასული წლის 20 აგვისტოს განმეორებულ სტიქიურ შემოტევას. თუმცა დარიალის ხეობაში მოსალოდნელი საფრთხე ამით არ დასრულებულა. მდინარე დევდარაკის კალაპოტის სათავეში შეჩერებულია უზარმაზარი ინერტული მასა, რომელიც ჭარბი ნალექის მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა დაიძრას.  "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, უსაფრთხოების რა ზომებს იღებს სახელმწიფო. გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვიპასუხეს, რომ შვეიცარიელ სპეციალისტებთან ერთად შეირჩა ხეობაში დასაინსტალირებელი ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიმართება ხეობაში.

დაინსტალირებამდე, უსაფრთხოების მიზნით, ხეობის ზედა ნაწილში მოწყობილია საგუშაგო, სადაც გეოლოგები და გლაციოლოგები აკვირდებიან პროცესებს და გართულების შემთხვევაში ოპერატიულად აცნობებენ მდინარე თერგის ქვემო ჭალაში მდებარე საგზაო თუ სხვა ტიპის საკომუნიკაციო ობიექტებს.

"სისტემა მდინარე ამალი-დევდარაკის კალაპოტში გაიმართება. ძირითად ზონაში, მყინვარის ენიდან ქვედა დინებაში, მთელი კალაპოტის გასწვრივ, დამონტაჟდება გვარლი, რომელზე დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების  აღჭურვილობა 24-საათიან რეჟიმში გაზომავს მდინარის კალაპოტში დონეების აწევას და ინფორმაცია უწყვეტად გადაეცემა შესაბამის სამსახურებს ინტერნეტრეჟიმში. საგანგაშო სიგნალის შემთხვევაში, ხეობის დაბლა ნაწილში მყოფთ ათი წუთი ექნებათ საევაკუაციო ბანაკებში, შემაღლებულ ადგილებზე ასასვლელად.

„ღვარცოფის ტრანზიტის ზონაში დარჩენილია საკმაოდ დიდი მასა, ნაწილი 4600 მეტრზე მომწყდარი კლდოვან-მყინვარული მასისა. უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, შარშანდელი ნატანი დაიძვრება და ჭალაში ჩამოვა. ამიტომაც პერიოდულად შვეულმფრენით ვაკონტროლებთ მყინვარის ზედა ნაწილის მდგომარეობას", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.