"როცა აყვავდა ნუში" - ამბავი, რომელიც ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად
13-07-2015
"როცა აყვავდა ნუში" - ამბავი, რომელიც ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად
"ყოველი ფილმი არის ნატეხი ცხოვრებისა", - ამბობს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და იხსენებს ფილმ "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებას. ის 1972 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ლანა ღოღობერიძე:
- "მე და ზაირა­ არსენიშვილი ერთად ვმუშაობდით ამ სცენარზე. გვაინტერესებდა მთავარი - სახე მაშინდელი ახალგაზრდობისა... როგორები­ არიან, როგორ იქცევიან... მეორე ასპექტი მათი მსხვილი პლანით დანახვა იყო -  რას ფიქრობენ, რა აწუხებთ...

მაშინ ერთი შემზარავი ამბავი მოხდა - ავარიაში ახალგაზრდა დაიღუპა. მოხდა­
ისე, რომ გარდაცვლილი დაადანაშაულეს, თითქოს ის იჯდა საჭესთან...
გარკვეულწილად, ამ ამბავმა­ გვიბიძგა სიუჟეტის შესაქმნელად, ამასთან, მართლაც ვხედავდით პრობლემას, რომელიც ეხებოდა გავლენიანი, მდიდარი, საქმოსანი, ყოვლისშემძლე მამების
დამოკიდებულებას შვილებისადმი.

ფილმის მთავარი პერსონაჟი ზურა ყიფშიძის გმირია. ის დაბადებულია მსახიობად და იოლად შევარჩიეთ. ამ ბიჭში თავმოყრილი იყო თაობის ყველა თვისება. ლამაზი, მოხდენილი,­ ელეგანტური, გათამამებული და თავხედი ახალგაზრდა... ფილმში­ მისი ანტიპოდია გოგა ფიფია. მას ბევრი სინჯის შემდეგ გადავაწყდით.

რაღაცნაირი, თითქოს საბედისწერო სილამაზე­ ჰქონდა. ხათუნას მომხიბლავი გოგონა, თინა ვარდანაშვილი განასახიერებდა, ისიც არ იყო მსახიობი... ფილმში თამაშობდნენ ისეთი­ მეტრებიც, როგორებიც არიან: სესილია თაყაიშვი­ლი, დოდო აბაშიძე, მნიშვნე­ლოვანი იყო ჭაბუა ამირეჯიბიც, რომელმაც დიდი სიამოვნებით განასახიერა მამის როლი.  
"საბჭოთა ხელოვნება" წერდა, ეს ფილმი ქადაგებს ცარისტულ იდეებს მამებისა და შვილების დაპირისპირების შესახებო. ახლა ეს ფრაზა კომიკურად ჟღერს.

გადაღებები ბიჭვინთაში მიმდი­ნარეობდა­. ზღვა... სანაპირო... ზურასა და თინას­ ველოსიპედით სეირნობა - ახლა ეს ყველაფერი იწვევს რაღაც დაკარგულის ასოციაციას. ამ განცდას უფრო ამძაფრებს გია ყანჩელის მელოდია, რომელიც მგონია, რომ განსაკუთრებულია.

მე არ ვარ ის რეჟისორი, სახალხო ფილმები­ რომ აქვს გადაღებული, რომელიც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს,­ მაგრამ "როცა აყვავდა ნუში" სწორედ ასეთი­ ფილმია.
ერთ კადრში მოდის ლიკა ქავჟარაძე, რომელსაც ნუშის ტოტი უჭირავს, უკან კი, მთელ ფონზე, თბილისი მოჩანს. ძალიან ლამაზი კადრია. სწორედ აქედან წარმოიშვა აზრი, რომ ეს ამბავი ნუშის ყვავილობისას ხდება. "როცა აყვავდა ნუში" მგონი, კარგი­ სათაურია".

თინა ვარდანაშვილი, ხათუნას როლის შემსრულებელი იხსენებდა: "მთელმა საქართველომ ამ ერთადერთი ფილმით გამიცნო. მასზე დღესაც სიყვარულით ლაპარაკობენ და მეც ბედნიერი ვარ.
ზურა ძალიან მეხმარებოდა. მიჭირდა­ კამერასთან ურთიერთობა. პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ. სად ხელოვნება და სად ჩემი პროფესია. ნუშის ყვავილობის ხანა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი დროა".

ეკა მაღალაშვილი და კახა ჩიტაია "როცა აყვავდა ნუშში" ზურას მეგობრები არიან. მათ, ისევე როგორც ზურა ყიფშიძეს ფილმში თავიანთი სახელები ჰქვიათ.

ეკა მაღალაშვილი:
- პუტკუნა­ ვიყავი და მშობლები სულ დამძახოდნენ, - ამას ნუ ჭამ, დიეტურად იკვებეო. გადაღება­ რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მთლად ისეთი­ პუტკუნაც არ ვიყავი, როგორიც საჭირო იყო, ამიტომ რეჟისორიც და დედ-მამაც სულ დამდევდნენ, - ეკა, ჭამე, ეკა, ჭამეო!
გოგა ფიფია საოცრად პლასტიკური­ იყო, არაჩვეულებრივად ცეკვავდა. ყოველ საღამოს მთელი ჯგუფი წრეს კრავდა, მე და გოგა კი შუაში ვცეკვავდით. ეს იყო ჩვენი­ საღამოს გართობა. ასე მგონია, ჩვენი­ ზღვის­ სანაპიროზე ცეკვის ეპიზოდიც ამ საღამოებზე იშვა.
ამ ფილმმა დროს გაუძლო. პროფესიით მხატვარი ვარ. სასიხარულოა, რომ ერთხელ ვითამაშე ფილმში და ისიც - ასეთში.

ზურა ყიფშიძე:
- გაზაფხული იყო და ნუშიც აყვავდა ჩვენს დროს. კარგი იყო ნუში...
დოდო აბაშიძის ტორი ჩემს მტერს მოხვდა. როდესაც სილას გამაწნავდა, კადრიდან ვვარდებოდი, თუმცა ვცდილობდი, თავი შემეკავებინა. მერე დოდო ნერვიულობდა, ვალიდოლს სვამდა და მეკითხებოდა, - ხომ არ გატკინე, რამე ხომ არ მოგივიდაო. არა-მეთქი, ვამშვიდებდი, მაგრამ  რაღაც პატარა კომოციო კი მქონდა.

კახა ჩიტაია: - თავიდანვე ითქვა, რომ მე დადებითი პერსონაჟი უნდა ვყოფილიყავი, რადგან სათვალე მეკეთა და თანაც ფრიადოსანი სტუდენტი ვიყავი... ფილმი რომ გამოვიდა, ჩემმა კურსელმა გოგონამ მითხრა: - რა კარგი ფილმი იყო და რატომ უთხარი ზურას, - "წადი!" ეს რომ არ გეთქვა, ხომ არ დაიღუპებოდაო?! ეტყობა, ზურა მოსწონდა. ძალიან დამტუქსა...
ჩემი კინოკარიერა არ გაგრძელებულა. დღეს ფიზიკოსი ვარ.

იხილეთ ასევე: "ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი დამეღუპა" - გოგონა ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში" და ტკივილიანი ცხოვრების დასასრული

ეკა სალაღაია
lali
09 ივნისი 2016 16:00
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ქალბატონ თინას სულს!
lali
09 ივნისი 2016 15:56
lea,შენ ალბათ, იმ თაობის არ ხარ და ამიტომ, არ იცი რა ცხოვრება,რა სითბო,რა სიყვარული,რა ურთიერთობები იყო.თქვენ თაობას მხოლოდ ევროპა გგონიათ ცხოვრება.ევროპის ვერც ერთი ქვეყნის და მითუმეტეს ამერიკის ცხოვრება ვერ მოვა მაშინდელ დროსთან.არ იფიქროთ,რომ მე რუსეთს მივტირი,მაგრამ ეს რეალობაა და ვერსად გავექცევით.მე 10 წელია ევროპაში ვცხოვრობ და ვიცი, რასაც ვამბობ.ისიც მინახია და ესეც.
დღევანდელი ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არის,თავს ვიტყუებთ უბრალოდ და აღარც კულტურა გვაქვს,აღარც განათლება,აღარც სითბო,აღარც ადამიანური ურთიერთობები და ა.შ.
liziko
07 აგვისტო 2015 11:47
საყვარელი კინოა და მენატრება ,ის ხალხი და ის მსახიობები , რა სილამაზე იყო , ცხოვრების და ერთმანეთის სიყვარულის, ვეღირსებით ნეტავი ოდესმე, ასეთ სიყბარულს, რაღაცა გაჩივდა Yველაპერი.

რედაქტორის რჩევით