"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ" - კვირის პალიტრა

"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

"გამოდის, მე და "ნიუ ჰოსპიტლის" ექიმები ვიტყუებით, რომ დაზიანებები მქონდა"

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, რომელშიც ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი ლიკა კიკიანი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, იპჰონე 5 დაუმტვრიეს. კიკიანის მტკიცებით, პოლიციელებმა სცემეს ისინიც, ვინც მას გამოექომაგნენ. გოგონას თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ.

ლიკა კიკიანი: - კლუბ "ვიტამინში" მენეჯერად ვმუშაობ. კლუბში ჩემი ნათესავი ბიჭებიც იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთში კამათი მოუვიდათ. ფასიანი ავტოსადგომისკენ წავიდნენ და მეც გავყევი. მათკენ მიმავალმა ათზე მეტი მამაკაცი დავინახე. ზოგს შავი მაისური ეცვა, რომელზეც პოლიცია ეწერა, ზოგი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო. როცა მათ გავუსწორდი, ვუთხარი, ბიჭებო, ჩემი მეგობრები არიან და მე მივხედავ-მეთქი. ბიჭებს რომ მივუახლოვდი, პოლიციელებიც მოვიდნენ და თავხედური ტონით ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს. ბიჭებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოხდა, მე ერთ-ერთ მათგანსა და პოლიციელს შორის ჩავდექი, რადგან შევატყვე, რომ პოლიციელი მის წაყვანას ცდილობდა. ამასობაში, ჩემი მეგობრები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კი სამსახურისკენ წავედი. ერთმა პოლიციელმა "ფასიანი" გოგო მიწოდა. მაშინ მეც ვუთხარი, ამ ცინიკური სახეებისთვის ღამეში 20 ლარს გიხდიან-მეთქი? ამის თქმა იყო და, ყელში მწვდა. ორი პოლიციელი ჩვენ  შორის ჩადგა. მათ რამდენჯერმე ფეხი მივარტყი. დაწყნარდიო, მეუბნებოდნენ. როგორ დავწყნარდე, როცა მცემთ-მეთქი. ტელეფონი ამოვიღე, მინდოდა, დამერეკა, ალბათ, იფიქრეს, ვიდეოს გადაღება უნდაო და სულმთლად გადაირივნენ. ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ სანახევროდ მაისური არ მაცვია, თურმე ჩხუბის დროს ცალი სახელო გამძვრა.

- ვიდეოში ამბობ, რომ შემოგახიეს, რომ ოცმა პოლიციელმა გცემა...

- არ შემოუხევიათ, ჩხუბის დროს გამძვრა. შემდეგ

ვიფიქრე, ვიტყვი, ორსულად ვარ და არ მცემენ-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვებზე უარესი დაემართათ. პოლიციელმა წამაქცია. მარჯვენა მხრით დავეცი, ორსულად არა, შენი დედაო...

ამის მერე ხელში ამიყვანეს და მანქანისკენ წამიყვანეს. როცა გავიაზრე, რომ დამიჭირეს, დავმშვიდდი. ვიდეოშიც ჩანს, რომ მშვიდად მივყვები. ორი ნაბიჯის გადადგმის მერე, რაც ვიდეოში არ ჩანს, ისევ პანიკა ავტეხე. მანქანაში არ ვჯდებოდი. პოლიციის შენობაში კი მშვიდად შევედი და გამოვედი. არ მეგულება ადამიანი, ვინც პოლიციაში ბუნტით შევა და გამოვა.

- ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნდით, სადაც სასწრაფო გამოიძახეს. თუმცა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვით.

- სასწრაფოს ის პოლიციელები ამოჰყვნენ, რომლებმაც რამდენიმე საათის წინ შეურაცხყოფა მომაყენეს. მათ დანახვაზე ისტერიკაში ჩავვარდი... ვუთხარი, თქვენს დანახვაზე გული მერევა-მეთქი. ამიტომ სასწრაფოს ხელი მოვუწერე, რომ დახმარებაზე უარი ვთქვი. სასწრაფოს ექიმებს მივმართავ: რის საფუძველზე თქვეს, რომ დაზიანებები არ მქონდა? მათ არც კი უნახავთ ჩემი დაზიანებები. შემდეგ მეგობრებმა "ნიუ ჰოსპიტალში" გადამიყვანეს და იქაურმა ექიმებმა გამსინჯეს. გამოდის, მე და "ნიუ ჰოსპიტლის" ექიმები ვიტყუებით, რომ დაზიანებები მქონდა, ხოლო სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გარეგნულადაც კი არ შევუმოწმებივარ, ამბობენ, დაზიანებები არა აქვსო?!

მე ახლა ის უფრო მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ. შსს-მ იმ კამერის კადრები აჩვენა, სადაც ნაკლებად ან თითქმის არ ჩანს ჩემი ცემის ფაქტი. მხოლოდ ის ჩანს, რომ დამიჭირეს და მივყავარ. სამწუხაროდ, უშუალოდ ჩხუბს არავინ შესწრებია, რომ შველა მეთხოვა.

- თავიდან თქვით, რომ ჩხუბს თქვენი კლუბის დამლაგებელი შეესწრო.

- ჩემს ცემას არავინ შესწრებია. როცა უკვე დამიჭირეს, დამლაგებელი მაშინ დავინახე.

- რას მოელი?

- დამნაშავე პოლიციელები უნდა დასაჯონ, რომ შემდეგ სხვებს მსგავსი საქციელის განმეორების სურვილი არ გაუჩნდეთ.

პროკურატურის დიდი იმედი მაქვს, რომ საქმეს გამოიძიებს, რომ ისე არ მოხდება, ერთ დღესაც ინტერნეტში შევიდე და ინფორმაცია დამხვდეს, პროკურატურამ საქმე დახურაო.

პროკურატურის ინფორმაციით, ძიება პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

შსს-ს პასუხი ლიკა კიკიანს

ლიკა კიკიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ განცხადება გააკეთა:"ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ.-ს, რომელიც მას გამოექომაგა და რომელსაც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ.-ს ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი, როსტომ ო., აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მიჰყავს. ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დადგინდა, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს. ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური შემოახიეს. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისური აცვია და ის დაუზიანებელია. როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი მშვიდად იყო".

სალომე გოგოხია