ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?! - კვირის პალიტრა

ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!

როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს  სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

უახლოეს დღეებში კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევაზე დასკვნას წარადგენს. როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს  სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

იანვარში, მთავრობის სხდომაზე, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს და კითხვებს იწვევდა საქართველოში საწვავზე არსებული ფასები.

„შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევას. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება მთავრობის სხდომაზე. ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ",-აღნიშნა პრემიერმა.

სააგენტო ამ დრომდე არ ასაჯაროებდა კვლევის შედეგებს.  როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, კვლევის ფარგლებში უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი სასაქონლო ბაზრის დროით ჩარჩო და დაკვირვების პერიოდი, ასევე ბაზრის მოცულობა, ბაზრის მოქმედი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის სტრუქტურა, ფასების დონე და დინამიკა.

„ თუ მოკვლეულ ბაზარზე ადგილი ექნება დემპინგური ან მონოპოლიურად მაღალი (ან დაბალი) ფასების გამოყენებას, რასაც სერიოზული დასაბუთება სჭირდება, ასევე, კონკურენციის შემზღუდავ შერწყმებს, შეთანხმებებს (კარტელებს), დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ,  მსგავსი უკანონო ქმედებები უნდა აღიკვეთოს კონკურენციის სააგენტოს მიერ”, -აღნიშნა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხდებაში.