ირაკლი ნასიძე - "ადამიანის ყველაზე ძვირფასი სამოსი მისი სულია"
20-07-2015
ირაკლი ნასიძე - "ადამიანის ყველაზე ძვირფასი სამოსი მისი სულია"
როდესაც ქალი შიგნიდან ანათებს,­ ის ყოველთვის გამორჩეულია და მისი ელეგანტურობა ყველა დროსა­ და ასაკს გადალახავს..."

მსოფლიო მოდის ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე გულახდილ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- როგორც ვიცით, ისეთ ოჯახში იზრდებოდით, სადაც მშობლები თანამედროვე აზროვნებით გამოირჩეოდნენ.
- ჰარმონიული, საოცარი ადამიანების­ გარემოცვაში ვიზრდებოდით მე და ჩემი და ნინო. დედა, ანი თორია-ნასიძე და მამა, ვახტანგ ნასიძე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. მათ გვასწავლეს, რომ სიყვარული და კეთილგანწყობა ადამიანს ამშვენებს და სულიერად აძლიერებს. მიუხედავად
იმისა, რომ არაორდინარული ბავშვი­ ვიყავი და ჩემი ექსტრავაგანტური აზროვნება ყოველთვის არ შეესაბამებოდა რეალობას, მშობლებს არასდროს გაუწევიათ წინააღმდეგობა. პირიქით, დიდი ინტერესით და ყურადღებით მომყვებოდნენ ჩემს სამყაროში... რომ არა მშობლების ამგვარი განწყობა, ვერ შევძლებდი ისეთი სირთულეების გადალახვას, რომელიც ცხოვრებაში მელოდებოდა...

ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია საოცარ­ კოლხეთთან, სადაც ზაფხულის
არდადეგ­ებს ვატარებდით. ჯერ სამეგრელოში, დედულეთში მივდი­ოდით, შემდეგ აფხაზეთში... ის ემოციები დღემდე­ მომყვება და იქ გატარებუ­ლი ყოველი წუთი ჩემი ყოველდღიური განწყობის ნაწილია, რაც უზარმაზარ ენერგიას მაძლევს.

- როდის აღმოაჩინეთ, რომ დიზაინერობა­ გსურდათ?

- ჩემში რაღაც განსხვავებული იყო კოდირებული. მე ამას გენეტიკურ საუნჯეს­ დავარქმევდი, რომელიც შემდგომ მხატვრულ აზროვნებაში გამომეხატა ძალიან ადრეული წლებიდან. 5 წლისამ დავიწყე ხატვა. აქცენტს ყოველთვის სამოსზე ვაკეთებდი, 15 წლისამ კი ნამდვილად ვიცოდი, რომ კოსტიუმების მხატვარი უნდა ვყოფილიყავი.­ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ესთეტიკური ხედვის ჩამოყალიბებაში­ დიდი როლი ითამაშა­ დედამ, რომლის სილამაზეც მხიბლავდა და მაოცებდა. ვფიქრობდი, თუ რა იყო მასში განსაკუთრებული. შემდეგ მივხვდი­ - ადამიანის ყველაზე ძვირფასი სამოსი მისი სულია. როდესაც ქალი შიგნიდან ანათებს,­ ის ყოველთვის გამორჩეულია და მისი ელეგანტურობა ყველა დროსა­ და ასაკს გადალახავს...

- როგორ აღმოჩნდით პარიზში?

- პარიზში დაახლოებით 20 წლის წინ აღმოვჩნდი. ფრანგულს ბავშვობიდან მასწავლიდნენ, თურმე მე გამომითქვამს სურვილი, ფრანგული ესწავლებინათ. ალბათ, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ შემდგომში ჩემი ცხოვრება საფრანგეთსა და ფრანგულ კულტურას დაუკავშირდებოდა. როდესაც თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, გადავწყვიტე კვლავ წავსულიყავი საფრანგეთში, სადაც ერთხელ უკვე ნამყოფი ვიყავი. პარიზში ჩემი ჩასვლის მიზანი იყო, პროფესიას ვრცლად დავუფლებოდი და პერსონალური კოლექციები შემექმნა. გადავწვიტე, დავკავშირებოდი ფრანგული მოდის სახლებს, რომლებიც მაღალი მოდის, ანუ HAUTE-COUTURE-ის კოლექციებს ქმნიდნენ. მსურდა მათთვის წარმედგინა ჩემი ნამუშევრები, რომლებიც ქსოვილის ნაქარგებისა და მოხატულობის სხვადასხვა ტექნიკას მოიცავდა. ჩემმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მომეცა შანსი, შევსულიყავი იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც HAUTE-COUTURE  ჰქვია. ჩემ მიერ შექმნილი ნაქარგები ამშვენებდა ისეთი მაღალი მოდის სახლებს, როგორებიცაა: ჟან ლუი შერერი, კრისტიან ლაკრუა, ივ სენ ლორანი­, დიორი, შანელი, ფრანსუა ლოსაჟი... 2002 წელს წარვადგინე პირველი კოლექცია პარიზის მოდის მუზეუმში PALAIS GALLIERA.­  ჩემი პროტეჟე ფრანსუა ლოსაჟი იყო.  LESAGIE-ს სახლი განთქმულია ნაქარგობის ხელოვნებით. დღეს ეს სახლი ეკუთვნის შანელს. ჩემი პირველი კოლექციის 2 სამოსი წარწერით:  IRAKLI ART-COUSU Pპარიზის მოდის მუზეუმის მფლობელობაშია. მქონდა პატივი, 3-ჯერ მემუშავა მოდის ლეგენდა ივ სენ ლორანთან HAUTE-COUTURE-ის კოლექციაზე. ეს დაუვიწყარია და ჩემს მოგონებაში საოცრებად დარჩება!

- ერთგან ამბობთ, რომ ყოფილი მეუღლე თქვენი მუზაა და მთელი ცხოვრებ­ა ასე დარჩება...
- უბრალოდ გეტყვით, რომ ყოველი­ მუზა შეესაბამება ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს და განწყობას. მუზები კი ყოვე­ლთვის მუზებად რჩებიან! დღევანდელი ჩემი მუზა აზიური გარეგნობისაა. ის ჩემი მეუღლე კიაო კიაა. ხვალ არ ვიცი, ვინ იქნება,­ მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემი დარჩება ჩემი ცხოვრების მთავარ მუზად, რადგან მისი გარეგნობა კრეატიულ სივრცეებში მამოგზაურებს!

- მწვერვალზე ასვლა იმდენად რთული­ არ არის, როგორც დარჩენა... როგორ ახერხებთ დარჩეთ მწვერვალზე?
- გეთანხმებით! ვინც ჩათვლის, რომ მწვერვალებს უკვე მიაღწია, მალე მოუწევს­ მისი დატოვება. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო მწვერვალი არსებობს, რომლის დაპყრობაც მინდა და ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა ახალი ხაზი IRAKLI -Paris.  prêt-à-porter-luxe (ანუ ყოველდღიური ტანისამოსი). ეს ხაზი უკვე 4 წელია არსებობს. კოლექციების ფილოსოფია აწყობილია სილუეტების სისადავეზე, კომფორტულობაზე, განწყობაზე, ახალი ტექნოლოგიების შესწავლაზე, ხელოვნებაზე, კერძოდ - მუსიკა და პოეზია ჩემი შთაგონების მუდმივი­ მოტივაციაა... როდესაც სრული გულახდილობით ემსახურები საქმეს, ის ყოველთვის იარსებებს. მოხარული ვარ, რომ ჩემში კიდევ ბევრი მწვერვალი არსებობს, რომლის დაპყრობა ახალ ჰორიზონტს გამიხსნის...

- ამბობენ, რომ დღეს მსოფლიოში მოდა გაიყინა...
- სამწუხაროდ, ეს რეალობაა! ვფიქრობ, ეს არა მარტო მოდას, გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგსაც ეხება. თუმცა, მოდის სფერო ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდივიდუალიზმის ნაკლებობას განიცდის. სხვადასხვა ბრენდი ერთმანეთს ჰგავს, აღარ არსებობს ტენდენციები, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ დაიწყო გადახარისხება­. მხოლოდ ისეთი ბრენდები შეძლებენ განვითარებას, რომლებიც ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. რაც შეეხება ტენდენციას, ის რეალურად არ არსებობს. ჩემი რჩევა იქნება,­ შეიმოსოთ განწყობის მიხედვით. შეიძლება ტენდენციური არ იყოს მოჩითული­ კაბა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, ატაროთ - ატარეთ! თქვენი სურვილი და განწყობა შექმნის თქვენს პირად სტილს!

მანანა გაბრიჭიძე
.
29 ივლისი 2015 02:37
ადამიანის ყველაზე ძვირფასი სამოსი მისი სულია. როდესაც ქალი შიგნიდან ანათებს,­ ის ყოველთვის გამორჩეულია და მისი ელეგანტურობა ყველა დროსა­ და ასაკს გადალახავს... Ulamazesi da shtambechdavia es sityvebi rogorc mtlianobashi tqveni shemoqmedeba! Warmatebebs gisurvebt!!!
nino
28 ივლისი 2015 10:51
გულახდილი,სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული სიტყვები,გრძნობები, ნიჭი,შრომისმოყვარეობა,მიზანდასახულობა და საქმე,რომელიც უსაზგვროდ გიყვარს ტანხვედრაშია ერთმანეთთან,მაშინ ყველაფერი ნაღდი და ხარისხიანია...ეს პოზიტიური განწყობა გადმოდის მკითხველზეც და შესაბამისად ამაღლებულ განწყობას გვიქმნის. მადლობა ირაკლის!წარმატებები და მისი ყველა ჩანაფიქრის ასრულება მინდა უსურვო!ყოველთვის გულისყურით ვადევნებ მის შემოქმედებას თვალს და მეამაყება,რომ ქართველი ვარ!!! ყოჩაღ!!! ასევე მადლობა კვირის პალიტრას,ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის.
nino
20 ივლისი 2015 12:47
­ შეიმოსოთ განწყობის მიხედვით. შეიძლება ტენდენციური არ იყოს მოჩითული­ კაბა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, ატაროთ - ატარეთ! თქვენი სურვილი და განწყობა შექმნის თქვენს პირად სტილს!

რედაქტორის რჩევით