შავტუხა ნიკა და "რიჟა" ქურთის ბიჭი ფილმიდან "მაცივარში ვიღაც იჯდა" - კვირის პალიტრა

შავტუხა ნიკა და "რიჟა" ქურთის ბიჭი ფილმიდან "მაცივარში ვიღაც იჯდა"

"ჩემი შავი ბიჭი მომეცი, შენი რიჟა ბიჭი წაიყვანე" - ყველას კარგად ახსოვს ეს ფრაზა გუგული მგელაძის შესანიშნავი ფილმიდან "მაცივარში ვიღაც იჯდა". ფილმში "რიჟა" ბიჭს 6 წლის საბა პაპაშვილი განასახიერებს, რომელიც დღეს 39 წლის გახლავთ, შავტუხას კი - 9 წლის ზურაბ ყუფუნია, რომელიც ახლა 42 წლისაა. "კვირის პალიტრა" ორივეს შეხვდა.

საბა პაპაშვილი, ქურთი ბიჭის როლის შემსრულებელი: - დედაჩემის ძმა ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, რომლის მომხმარებლებიც ცნობილი ადამიანები იყვნენ. ერთ დღეს რეჟისორებისგან გაუგია, რომ ახალ ფილმზე იწყებდნენ მუშაობას და ქურთი ბიჭუნას როლის შემსრულებელ რატომღაც Hჟღალ ბიჭუნას ეძებდნენ. ბიძაჩემს უთქვამს, ასეთ ბიჭს მე მოგიყვანთო.

სინჯების შემდეგ როლზე დამამტკიცეს... დაიწყო გადაღებები. თავიდან ძალიან მეხამუშებოდა. ერთ-ერთ სცენაში ღამის ქოთნით რომ შემოვდივარ, მეღიმებოდა ხოლმე და ამის გამო ბევრი დუბლი გადამიღეს.

გადაღების მოლოდინში პატარები ვისხედით და დროის გასაყვანად მზესუმზირას მივირთმევდით. ეტყობა, რეჟისორს მოვეწონეთ და გვთხოვა, აჰა, თქვენ, მზესუმზირა და დიდი ხანი აკნატუნეთო. ასე შევიდა ფილმში ეს სცენა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პოპულარული გავხდი სკოლაშიც და ფეხბურთზეც. მაშინ ფეხბურთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბანაკებში დავდიოდი და ჩემს პატივსაცემად ბანაკის კლუბში ამ ფილმს უჩვენებდნენ.

მსახიობობაზე არ მიოცნებია. ამ პატარა როლმა პოპულარული გამხადა. ახლა ინჟინერ-კონსტრუქტორი ვარ. ბევრი შენობა მაქვს დაპროექტებული და ახლა ამ შენობებით ვამაყობ. მყავს მეუღლე და სამი შვილი.

ზურაბ ყუფუნია, ნიკას როლის შემსრულებელი: - სკოლიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი კლასელი და დედამისი. ამ დროს მანქანით გამოიარეს გუგული მგელაძემ და ლია გოგელიამ.  ტროტუართან ვიდექი. მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ. ჩემი კლასელის დედას გული გაუსკდა - ეტყობა, მაშინ ისევ ეშინოდათ შავი "გაზ 24"-ების. ამ შეხვედრის შემდეგ აღმოვჩნდი სინჯებზე. ჯერ ფოტოები გადამიღეს, მერე მითხრეს, ვითომ ველოსიპედი მოგპარეს და იჩხუბეო. ეს საქმე იმთავითვე კარგად გამომდიოდა და როლზეც დამამტკიცეს. გადასაღებმა მოედანმა თავიდანვე მომხიბლა. განათებები, უჭერო ოთახები, კულისები ძალიან უჩვეულო და საინტერესო იყო. იქ ვმეცადინეობდი, იქ მივირთმევდი და ხანდახან იქ მეძინა კიდეც...

ახლა ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების მენეჯერი ვარ. ფილმის გადაღების”შემდეგ დიდი ხანი გავიდა. უკვე 42 წლისა ვარ. მყავს მეუღლე და 3 შვილი. დღეს ვეღარავინ მცნობს. შვილებიც კი ამ ფილმში რომ მხედავენ, მეუბნებიან, სულ სხვანაირი ხარო.

"მაცივარში ვიღაც იჯდა"

ახალგაზრდა მეცნიერი მერაბი, კარგა ხანია საგონებელშია ჩავარდნილი. მერაბიც და მისი მეუღლე ლიაც ქერათმიანები არიან, ხოლო მათი ვაჟი შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანია. სწორედ ამის გამო მერაბი ცოლზე ეჭვიანობს. მისი ახალგაზრდული გონება რას არ წარმოიდგენს, - ხანდახან იმასაც ეჭვობს, რომ ბავშვი სამშობიაროში შეუცვალეს. მოულოდნელად მათ ეწვევათ მერაბის სიდედრი, რომელიც სიძეს მანამდე არ ჰყავდა ნანახი. როგორც აღმოჩნდება, ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებიას. აი, ასეთია გუგული მგელაძის კომედიის სიუჟეტი, რომელიც 1983 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.

ეკა სალაღაია