"ვიცავ ჩემი ქვეყნის საზღვარს" - კვირის პალიტრა

"ვიცავ ჩემი ქვეყნის საზღვარს"

"მეამაყება, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს საქართველოს"

ბავშვობაში, ბევრ სხვა პროფესიასთან ერთად, ჯარისკაცობაზეც ვოცნებობდი. მამაჩემის ჯარის ფორმას ვიცვამდი, სათამაშო ავტომატს გადავიკიდებდი და საზღვართან (ჭიშკართან) ვდგებოდი - ,,ჩემს საზღვარს" ვიცავდი. საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის ყველა ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ის პროფესიები (დილეტანტის დონეზე) გამოვცადე, რომელზეც ოდესღაც მიოცნებია. რამდენიმე დღის წინ ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საზღვართან ორი დღე გავატარე.

11 ივლისი, ალექსეევკას აეროდრომი. ვერტმფრენში პირველად ვჯდები, სიმაღლისა და ფრენის შიში მაქვს, თუმცა ვიცი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც კავკასიონზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ქართველ მესაზღვრეებთან სწრაფად შეგვიძლია მოვხვდეთ...

რამდენიმე წუთი და უკვე ჰაერში ვართ. მიუხედავად შიშისა, ილუმინატორს არ ვშორდები, ვინ იცის, კიდევ როდის მომიწევს თბილისიდან კახეთში ვერტმფრენით გადაფრენა. გაფართოებული თვალებით ვუყურებ ფერადოვანი ხალიჩებივით მოფენილ მიწის ნაკვეთებს და წერტილებად ქცეულ სახლებს. ეს ჩემი საქართველოა, ჩემი კახეთი! თბილისიდან შილდამდე საავტომობილო გზა 160 კილომეტრია, ვერტმფრენით კი 25 წუთში დავფარეთ.

ბლოკპოსტი ,,ხუბერა"

ზღვის დონიდან 1225 მეტრ სიმაღლეზე, მინდორზე ვეშვებით. შილდა საზღვრისპირა სოფელია, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკას ესაზღვრება. მესაზღვრეებთან ერთად, სექტორიდან საზღვრამდე გზას ცხენებითა და კვადროციკლებით ვაგრძელებთ. გზა რთული და სახიფათოა, თუმცა ვრისკავ და ცხენზე პირველად ვჯდები. დაახლოებით ექვსკილომეტრიანი, ხრამში გადასაჩეხი ქვაღორღიანი აღმართი თეთრი ბედაურით ავიარე. შიში ადრენალინმა გადაფარა. დაახლოებით ერთ საათში ქართულ ბლოკპოსტთან ვჩერდებით. აქედან ზუსტად ოთხ კილომეტრში ის ხაზგამყოფი ზღვარია, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთისგან აცალკევებს. აქ ქართველი მესაზღვრეები წელიწადის ოთხივე დროს, სახელმწიფო საზღვრის 23-კილომეტრიან პერიმეტრს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ოსიპოვი სექტორის მუშაობის სპეციფიკას გვიხსნის:

- სასაზღვრო სექტორი "შილდა" აკონტროლებს საზღვრისა და რეჟიმის დაცვას, გამოავლენს და აღკვეთს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მონაწილეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში. საზღვარზე პატრულირებენ ქვეითი და ცხენოსანი პატრულები, ჩასაფრებისა და სათვალთვალო ჯგუფები, ასევე სასაზღვრო ავიაცია...

მოგახსენებთ, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაცია, კონფლიქტური სიტუაციები, საჰაერო სივრცის დარღვევა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებით.

- ბოლო დროს თუ იყო რაიმე პროვოკაცია ან საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტი?

- ლაფანყურის მოვლენების მერე მსგავსი რამ ამ მონაკვეთზე არ  დაფიქსირებულა.

უკვე 7 წელია, შალვა გულიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს:

- მე მიყვარს ჩემი საქმე. მზად ვარ, შევასრულო სამშობლოს წინაშე დადებული ფიცი და ერთგულად ვემსახურო ქვეყანას. სამი წლის ბიჭი მყავს და მასაც უკვე ჯარისკაცობა უნდა. რომ გაიზრდება, ალბათ, მამის კვალს გაჰყვება...

რამაზ ფარადაშვილი, მესაზღვრე: - 13 წელია, სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობ. ერთხანს ლაფანყურის სექტორზე ვიყავი, მერე ლაგოდეხში, შვიდი თვეა, რაც შილდაში ვარ. რთული და საპასუხისმგებლო ცხოვრება გვაქვს. ერთხელ მკითხეს, როგორ ხვდებით სხვადასხვა დღესასწაულსო? აქაც ისე ვემზადებით ახალი წლის, აღდგომისა თუ სხვა დღესასწაულისთვის, როგორც ოჯახში. ზამთარი აქ ცივი და თოვლიანია, მაგრამ სულაც არ არის ხელის შემშლელი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მეამაყება, რომ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ და ვიცავ ჩემს სახელმწიფო საზღვარს...

ორი საათი გავატარე ბლოკპოსტზე. უკან გამობრუნება რომ დავაპირე, ჩემი თეთრი ბედაური ვეღარსად ვიპოვე, ვიღაცას წაეყვანა. მესაზღვრეებმა თაფლისფერი ბედაური შემიკაზმეს. რამდენჯერმე ისე მაგრად გააჭენა, რომ გადმოვარდნისგან თავი ძლივს შევიკავე. ბოლოს მაინც მიმტყუნა. ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, რომ გადმომაგდო. ხრამს ზუსტად ერთი მეტრი მაშორებდა. იმ დღემ ხელზე რამდენიმე ჭრილობა და ბევრი მოგონება დამიტოვა.

ისევ სექტორი...

ბაზაში დაღლილი ვბრუნდები, მაგრამ თავი იარაღის სროლაშიც გამოვცადე... საღამო ხანს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი გვესტუმრა.

- მას შემდეგ, რაც სასაზღვრო პოლიციას ვემსახურები, ამ ტერიტორიაზე არც ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაადგილება არ დაფიქსირებულა. სრული სიმშვიდეა და ჩვენი მონაცემებით, არც მომავალში ველოდებით...

მესაზღვრეების კვებაზე ქალბატონი ნანა ზრუნავს. მისი მომზადებული უგემრიელესი კერძები ჩვენც დავაგემოვნეთ.

ნანა მერსეზაშვილი, შილდის სექტორის დიასახლისი: - ზეპირად ვიცი, რომელს რა უყვარს და ვცდილობ, ყველა მათგანს ვასიამოვნო. ექვსი თვეა, რაც აქ ვარ. ყველაფერს ისე ვუკეთებ, როგორც ჩემს შვილებს. მათი სიხარულის და გაჭირვების გამზიარებელი ვარ. მეამაყება, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს საქართველოს.

საზღვაო და საჰაერო საზღვრები

მეორე დილით ჩაქვისკენ გავფრინდით. იმიტირებულ სამძებრო-სამაშველო სწავლება "ნეპტუნი 2015"-ის სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის ავიაციაც იყო ჩართული.

რამაზ პაპიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: - სააბორდაჟო ოპერაცია, რომელშიც სპეციალური დაცვის რაზმი მონაწილეობდა, საქართველოში პირველად ჩატარდა.

- ბოლო პერიოდში თუ დააკავეთ უკანონოდ შემოჭრილი მცურავი საშუალება?

- ყოველთვიურად 50-მდე ოპერაციას ვატარებთ, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენება ექსტრემალურ სიტუაციაში, ჯერ არ დაგვჭირვებია. რაც შეეხება სამაშველო ოპერაციებს, შარშან 112 ოპერაცია ჩატარდა და 50-მდე კაცი გადავარჩინეთ. ასეთ ოპერაციებში ავიაციის გამოყენება ძალიან ეფექტურია...

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში გამოვფრინდით. თუ ოდესმე პროფესიის შეცვლას გადავწყვეტ, აუცილებლად დავდგები მათთან ერთად ქვეყნის სადარაჯოზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრა ტვ-ზე