გოგა... თენგო... ახლა უკვე გიორგიც... - დედამ ამოუცნობი დაავადებით მესამე შვილიც დაკარგა - კვირის პალიტრა

გოგა... თენგო... ახლა უკვე გიორგიც... - დედამ ამოუცნობი დაავადებით მესამე შვილიც დაკარგა

ენით აუწერელი ტრაგედია

"ახლა ჩემი 18 წლის გოგოს ამბავიც უნდა ვთქვა: მე და მამამისს რომ გვეგონა, ჩვენი გოგონა მკვდარი იყო, 6 თვის წინ დაგვიბრუნდა და გიორგი ცოცხალი ნახა..."

"საფლავში კიდევ 2 შვილი მელოდება. ჩემი გიორგიც წავიდა. აღარ მეუბნება, დედა, მიშველეო.

ვერ უშველა დედამ"

იაშვილის საავადმყოფოდან 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის ცხედარი დედ-მამამ 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე გამოასვენა და ქუთაისში გადაასვენა. მაკა კოხრეიძე, რომელსაც 2 ვაჟი - 6 წლის გოგა და 11 წლის თენგო ჰყავდა გარდაცვლილი, მესამე შვილის შველას 7 წელი დაჩოქილი იხვეწებოდა, მაგრამ ამაოდ. უბედურ დედას ბოლოს ბევრი გამოეხმაურა, მაგრამ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. ბიჭის დასახმარებლად "კვირის პალიტრაში" რამდენჯერმე დავწერე და არასოდეს ამომივა თვალიდან, რა მუდარით მიცქერდა დედის მკერდზე მიყრდნობილი...

მაკა კოხრეიძის ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა. ერთ დღეს 6 წლის გოგა მამასთან თამაშობდა, რომ მოწყვეტით დაეცა და... ამოუცნობი დაავადებით გარდაცვლილი შვილი მაკამ მანქანაში ჩაასვენა და მასთან ერთად გადმოლახა რუსეთ-საქართველოს საზღვარი... შემდეგ ამავე ამოუცნობი დაავადებით დაუძლურებული თენგოს ხელი ეჭირა. შვილი შველას სთხოვდა, ის კი ვერაფერს შველოდა. ახლა უკვე გიორგი! გიორგის შველა მთელი საქართველოს ფიქრად იქცა. ჩვენს მწირ პირობებში ყველამ ერთად იმდენი შეძლო, რომ ბიჭი გერმანიაში გაიგზავნა სამკურნალოდ. ბავშვს ნივთიერებათა ცვლის სრული მოშლა დაუდგინეს. თითქოს უშველეს კიდეც... მერე დედა-შვილი ისევ იაშვილის საავადმყოფოში აღმოჩნდა. დედას ახლა 12 წლის გიორგის გალეული ხელი (ის 15 კილო იყო!) ეჭირა ხელში...

- ნუგეშის ყოველი სიტყვა ამაოა, ახლაც ჩამესმის ყურში თქვენი სიტყვები, რომელსაც გიორგის ეუბნებოდით, - მოგიკვდა დედაო.

- საფლავში კიდევ 2 შვილი მელოდება. ჩემი გიორგიც წავიდა. აღარ მეუბნება, დედა, მიშველეო. ვერ უშველა დედამ.

- რაც შეგეძლოთ, ყველაფერი გააკეთეთ, არავინ მეგულება, ვინც თქვენსავით ტანჯვა-წამებას გაუძლებდა.

- არც არავის ვუსურვებ! ჩემი შვილების ხვეწნა მესმოდა, - მიშველე, დედა, მტკივაო და ყველას ვემუდარებოდი, შვილები გადამირჩინეთ-მეთქი. ხვეწნა-მუდარით გაბეზრებული მყავდა ხალხი, თან სხვა გზა არ მქონდა. თან მრცხვენოდა - მარტო მე კი არა, ჩემი ცოდვით სხვაც მათხოვრობდა... ბოლოს ფული, რითაც გიორგი გერმანიაში უნდა წასულიყო, "ქართუმ" მოგვცა. ეს ფული რომ ცოტა ადრე გვქონოდა, მოვასწრებდით წასვლას, - იქიდან შემოგვითვალეს, ჩამოდით და მკურნალობას გავაგრძელებთო. ფული რომ გადმოირიცხა, გიორგიმ მითხრა, - დედა, ნუ გეშინია, ახლა რომ წავალთ გერმანიაში, უკვე მოვრჩებიო...

11 ივლისს ძვლადქცეული ხელები შემომხვია და მითხრა, - ჩქარა, მიშველე, ვეღარ ვსუნთქავო. ჩავიხუტე და ვიყვირე, - ექიმი-მეთქი. ან ყვირილი რად მჭირდებოდა, შინაც რომ ყოფილიყვნენ წასულები, იმწამსვე გამოიქცეოდნენ - არ მეგულება, სადმე იმდენი გაუკეთონ პაციენტს, რასაც ამ საავადმყოფოში ჩემს გიორგის უკეთებდნენ... ექიმები ჩემს შვილს ჩემსავით დასტიროდნენ... მეორე დღეს კიდევ უფრო ცუდად გამიხდა. ექიმებმა დამაიმედეს, - ახლა აპარატზე ხელოვნურად დავაძინებთ, რომ ძალა აღარ დახარჯოს და მკურნალობას გავაგრძელებთო. სანამ პირში აპარატს ჩაუდებდნენ, - ჩქარაო, დაიძახა. მალე უნდოდა, რომ დასძინებოდა და ტკივილი არ ეგრძნო. მანამდე მითხრა, - ნუ გეშინია, დედა, არ დაგტოვებო. მომატყუა. იცოდა, რომ წავიდოდა და მაინც ასე მითხრა. ერთი თვით ადრე, თავის ძმებს დაუწყო ლაპარაკი. გადაბრუნდებოდა და მეტყოდა, - დამაცადე, დედა, ჩემს ძმებს ველაპარაკებიო. რას გეუბნებიან-მეთქი და - არაფერსო.

ახლა თვალს დავხუჭავ და იმ ხალხზე ვფიქრობ, ვინც ამ შვიდი წლის მანძილზე გვერდით მედგა. მადლობა ცოტაა, არაფერი მადლობა არ უშველის იმ ცრემლს და ზრუნვას, რაც ჩემს გიორგის აჩუქეს. იაშვილის საავადმყოფოში თვეობით ვიყავით. ექიმები გვერდიდან არ მოგვშორებიან, მაგრამ თბილისში იმ მეზობლებმა, სადაც ბინა ნაქირავები გვქონდა, რომ გაიგეს, გიორგი აღარ არისო, მისი პატარა სასახლე ნახევარ საათში მომიტანეს. იმ სასახლით წავიყვანე ქუთაისში ჩემი ბიჭი.

საკუთარ თავს სულ ვეკითხები, ამდენმა უბედურებამ რატომ მოიცალა ჩემი ოჯახისთვის-მეთქი. პასუხს ვერ ვიღებ. 5 შვილი მყავდა, უფროსი 20 წლის არის და ღვთის წყალობით ჯანმრთელია. 3 ვაჟი კი გამომეცალა ხელიდან. გოგონაზე რომ ვიმშობიარე, ექიმებმა მითხრეს დაიღუპაო. მასზე არასოდეს ვლაპარაკობდი. ვფიქრობდი, ისე წაიყვანა უფალმა, რომ მისი ძმებივით ტანჯვა არ შეახვედრა-მეთქი. ახლა ჩემი 18 წლის გოგოს ამბავიც უნდა ვთქვა: მე და მამამისს რომ გვეგონა, ჩვენი გოგონა მკვდარი იყო, 6 თვის წინ დაგვიბრუნდა და გიორგი ცოცხალი ნახა. მე რომ დავიღლებოდი, ძმა მას დაჰყავდა ხელში აყვანილი.

- რას ამბობთ?!

- როცა დაიბადა, მითხრეს, მოკვდაო, თურმე ცოცხალი ყოფილა და გაუშვილებიათ. მე და ჩემმა ქმარმა ცხედარი მოვითხოვეთ. გახვეული ჩვილი გვანახეს... 7 წლის წინ, როცა თენგო გარდამეცვალა, ვიღაცამ ეზოში წერილი შემომიგდო, - შენი გოგონა ცოცხალიაო და იწერებოდა, სად იყო - ალბათ ჩემი უბედურების გამო სინდისმა შეაწუხა. დიდხანს ვიძიებდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო, თუ არა. როცა დავადგინე, მის ოჯახს ვუთხარი... ამიტომ მოესწრო ჩემი გიორგი დის ნახვას...

ჩემს გიორგის რომ მივაბარებ მიწას, არ ეგონოს მთავრობას, რომ ახლა უკვე სხვისი შვილების ტანჯვას მოვითმენ - ბავშვს რომ ფული ჰქონოდა, წავიყვანდი უცხოეთში და არ მომიკვდებოდა. სახელმწიფომ ხომ თქვა, - ჩვენ მომაკვდავი ბავშვებისთვის იმდენი ფული არ გვაქვს, რომ საზღვარგარეთ გავუშვათო. ახლა ამ უგულობას სხვისი ავადმყოფი ბავშვების გამო არ შევარჩენ და სანამ ძალა მექნება, მათ დედებთან ერთად არავის მოვასვენებ!

ეთერ ერაძე