თურქი კომპოზიტორის ქართული სამოთხე - კვირის პალიტრა

თურქი კომპოზიტორის ქართული სამოთხე

"მე განსაკუთრებული მამა მყავს"

ამას წინათ ერთმა უცხოელმა მკითხა, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდიო. დაუფიქრებლად ვუპასუხე, დიდ ბრიტანეთში-მეთქი. მართალია, ლონდონში ერთხელაც არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც ბავშვობიდან მიყვარს ეს ქალაქი. შეხვედრიდან წამოსული იმაზე ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა სხვა ქვეყანაში სამუდამოდ გადახვეწას. რომ წარმოვიდგინე, მარტივ დასკვნამდე მივედი: ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დავსახლდები, დროებით კიდევ, ჰო, მაგრამ სამუდამოდ? არასოდეს! მე, ალბათ, ვერასოდეს გავხდები ლონდონელი ქართველი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანას სამშობლოსავით იყვარებენ და უკან დაბრუნებაზე აღარც ფიქრობენ...

2001 წელს სტამბოლიდან ჩამოსულმა ჰასან ილდირიმმა საქართველოში გადაწყვიტა ცხოვრება. თითქმის ყველა კუთხე მოიარა და ექვსი წლის წინ ლაგოდეხის დასათვალიერებლად ჩასულმა ნაკრძალთან ახლოს გადაწყვიტა ბინის დაქირავება. მერე პატარა მიწის ნაკვეთი შეიძინა და  სახლი აიშენა. ამ ადამიანს სტამბოლში ყველა იცნობს. მის სიმღერებს ცნობილი თურქი მომღერლები ასრულებენ, მეტიც, ილდირიმის სიმღერების შესრულება მათთვის დიდი პატივია. უკვე წლებია, მუსიკოსი თურქული ესტრადის ვარსკვლავებისთვის სიმღერებს საქართველოში წერს.

54 წლის თურქი კომპოზიტორის "კახური ცხოვრების" გასაცნობად რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხს ვსტუმრობდით.

ქვით მოპირკეთებული ღობე ამვლელ-ჩამომვლელს არ გამორჩება. ჭიშკრიდან მოჩანს ხეხილით სავსე ეზო, რამდენიმე ადგილას კი წყარო გადმოჩუხჩუხებს. მასპინძელი დამტვრეული ქართულით შინ გვეპატიჟება.

საქართველომდე...

-1961 წელს სტამბოლში დავიბადე. 7 წლისა მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. მერე სტამბოლის სამუსიკო კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა. პირველი კომპოზიცია 24 წლისამ დავწერე, დღეს უკვე 100-ზე მეტი სიმღერის ავტორი ვარ. დიდი ინტერესი ჩემი სიმღერების მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად, ხშირად მიკავშირდებიან მომღერლები და მთხოვენ სიმღერის დაწერას. ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემს კომპოზიციებს თურქეთში ცნობილი მომღერლები ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი იბრაჰიმ თათლისია.

რაც შეეხება მშობლებს: დედა დიასახლისი მყავდა, მამა ყველაზე მდიდარ სტამბოლელთა ათეულში იყო. სამწუხაროდ, ერთ ღამეში მთელი ქონება დაკარგა... ჩემი ძმა და ნათესავები სტამბოლში ცხოვრობენ.“

საქართველოში

- 15 წლის წინ ცოლად შევირთე ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში გავიცანი. სტამბოლში ჩემს ახლობელთან ძიძად მუშაობდა. ორი შვილი გვყავს. გოგონა და ვაჟი: სევიმი-მარიამი და მუჰამედ ალი-გიორგი. თავდაპირველად რუსთავში ვცხოვრობდით. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. ჩვენი ქალიშვილი დედასთან დარჩა, ვაჟი კი ერთი თვის იყო, მე რომ წამოვიყვანე და მასზე მზრუნველობა მთლიანად ჩემს თავზე ავიღე. გიორგი ახლა 13 წლისაა.

გიორგის დედაც მე ვარ და მამაც. სულ ერთად ვართ, მე მისი ცხოვრებით ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ქალიშვილთან ხშირი ურთიერთობა არა მაქვს და ეს გულს მტკენს. მამაშვილურმა სიყვარულმა და უსაზღვრო მონატრებამ არაერთი სიმღერა დამაწერინა...

ჩემი "კახური" ცხოვრება ექვსი წლის წინ დაიწყო. მადლიერი ვარ იმ ადამიანის, ვინც ლაგოდეხში ჩამოსვლა მირჩია. ეს ის ადგილია, სადაც სულიერი დასვენებისა და მშვიდად მუშაობის საშუალება მაქვს.

პატარა სახლი ჩემი ხელით ავაშენე. მცენარეების მოვლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. იმიტომ ხარობს ჩემს ეზოში ამდენი ხეხილი, რომ ყოველ დილას ვუმღერი. არ მიყვარს ხმაური, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

დილით ადრე ვდგები, ვუვლი მცენარეებს, შვილს ვუმზადებ საჭმელს, ვალაგებ სახლს და მერე ვსეირნობ. ენობრივი ბარიერის გამო, ძირითადად, მარტო ვარ. მყავს ერთი მეგობარი, რომელიც თურქული ენის თარჯიმანია და ის მეხმარება. მინდა ავაშენო უფრო დიდი სახლი, რომელშიც არ იქნება თანამედროვე ინტერიერი. ჩემს სახლში არასოდეს იქნება ბუნებრივი აირი, დღესაც სადილს ეზოში, ცეცხლზე ვამზადებ.

აქ ყოფნის პერიოდში 20-მდე სიმღერა დავწერე. საქართველოს სიყვარული ასახული მაქვს სიმღერაში "სიყვარულის ყვავილები", რომელიც ქალიშვილს მივუძღვენი. ჩემს სამშობლოსთან დღესაც მჭიდრო კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვაპირებ, საქართველოში დავრჩე სიცოცხლის ბოლომდე...

გიორგი (მუჰამედ-ალი) ილდირიმი: - პირველ კლასში მამამ ლაგოდეხის რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა. მერე ქართულ სკოლაში გადავედი. წერა-კითხვა და საუბარი მალე ავითვისე. როდესაც სკოლაში მშობელთა კრება დაინიშნა, ცოტა შემეშინდა, რომ მამა ვერ გაიგებდა მასწავლებლის საუბარს. ამიტომ წავყევი და ვუთარგმნიდი, რასაც მასწავლებელი ამბობდა. მიმაჩნია, რომ მე განსაკუთრებული მამა მყავს.

ამ სახლს რომ ვიშენებდით, ეზოში კარავი გვქონდა გაშლილი და იქ გვეძინა. როგორც კი მამამ სახლი გადახურა, იმ დღეს დავიძინე საწოლში და ზუსტად იმ  საღამოს ისეთი წვიმა მოვიდა, ხევი ადიდდა, ღობე გადმოანგრია და ეზოში შემოვარდა. ჩვენი კარავი წყალმა წაიღო. ასე გადავრჩით...

დილით რომ ვიღვიძებ, მამა საუზმეს მახვედრებს. გაკვეთილების შემდეგ სახლში ვმეცადინეობ. საღამოობით ფეხბურთის სათამაშოდ მივდივარ. როგორც ჩემი თანატოლები ცხოვრობენ ლაგოდეხში, მეც ისე ვცხოვრობ. ჩვენ შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: მათ ოჯახებში დედაც ცხოვრობს, ჩემთან - არა... მე მამა მყავს თურქი და დედა ქართველი, რომელიც ჩემს დასთან ერთად რუსთავში ცხოვრობს. ზოგჯერ მირეკავენ, გიორგობასა და დაბადების დღეზე ჩემი და მოდის ხოლმე. საღამოობით მე და მამა ხშირად ვსხედვართ ეზოში. მამა მიყვება სხვადასხვა ამბავს თავის ახალგაზრდობაზე, ოჯახზე, სამშობლოზე. ბავშვობაში ხშირად მივდიოდი თურქეთში. კარგია იქ ყოფნა, მაგრამ ლაგოდეხში ცხოვრება მირჩევნია.“

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრა ტვ-ზე