რწყილების სასახლე
20-07-2015
რწყილების  სასახლე
"კვირის პალიტრის’’ რუბრიკაში, "დააგემოვნე", საშუალება გაქვთ გაეცნოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამოცემულ მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს  ელიფ შაფაქის  წიგნიდან  "რწყილების  სასახლე"

სალონის კარი უეცრად გაიღო, ეჟვანმა გაიჟღრიალა და სალონში სწრაფი, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯით ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. მას შემოჰყვა ნესვების გამყიდველის მჭექარე ხმა (ეტყობა, ვიღაცას ბრძანებებს აძლევდა). სამი უქნარა დედაკაცი, ჯემალის სამივე კლიენტი, ერთმანეთის გვერდიგვერდ, დიდი სარკეების წინ მბრუნავ სკამებზე ჩამომჯდარიყო. ყველას ლეოპარდის ბეწვივით მოხატული ცელოფანის გულსაფრები ეკეთა. სტუმრის გამოჩენისთანავე ბიგუდებიანი,
სარჭებიანი, ქუდიანი თავები ერთდროულად მოაბრუნეს და ახალმოსული თავით ფეხებამდე შეათვალიერეს. როცა მიხვდნენ, ვინც იყო, გაორმაგებული ცნობისმოყვარეობით მიაჩერდნენ, მაგრამ ამჯერად ფეხებით დაიწყეს. ეს იყო ისტორიული მომენტი, რადგან ცისფერ ხასას მას შემდეგ ამ სალონში ფეხი აღარასდროს შემოუდგამს. ჯელალმა კარისკენ გააპარა მზერა და მუშაობა განაგრძო. იმ წუთში თავისი
მეგობრის ქერა კულულების გარდა არაფერი აინტერესებდა.

ვინც უნდა ყოფილიყო ეს ახალგაზრდა ქალი, მის კლიენტს ნამდვილად არ ჰგავდა. სამაგიეროდ, ჯემალი თავისი ტყუპისცალივით გულგრილი და გაუთვითცნობიერებელი არ აღმოჩნდა. პირიქით, სილამაზის სალონში დილიდან საღამომდე მოქოთქოთე ჭორიკანების მეშვეობით ამ ქალის შესახებ უხვი ინფორმაცია მოეპოვებინა. მაგალითად, იცოდა, რომ ის მხოლოდ ოცდაორი წლის იყო; ისიც სმენოდა, რომ ორიოდე კვირის წინ ქუჩის თავში ვიღაც მამაკაცი აეკიდა და ცისფერმა ხასამ მას თავზე ნაგვის ყუთი ჩამოამხო; ისიც მოეხსენებოდა, რომ ამ ქალს კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა სახლის კომენდანტთან, ფანატიკურად მორწმუნე ჰაჯი ჰაჯისთან მოუვიდა იმის გამო, რომ სულადობის მიხედვით წყლის ქვითრების დანაწილებისას ცისფერ ხასას ერთის მაგივრად ორი ქვითარი გამოუწერა. არახალი იყო ის ამბავი, რომ ცისფერმა ხასამ #8 ბინა თავისთვის იქირავა, რადგან მისი თქმით, მარტო ცხოვრება სურდა, მაგრამ ერთი უცხვირპირო ზეითუნის ზეთით მოვაჭრე კაცი, რომელიც ლამის მამად ერგებოდა, კვირაში სულ ცოტა, ოთხ დღეს მასთან ატარებდა. ჯემალმა ეს ყველაფერი იცოდა და ერთი სული ჰქონდა, მეტი გაეგო. ამიტომ თმის შესაღები ფუნჯი მუწუკებიან შეგირდს შეაჩეჩა, პირზე აკრული ღიმილით კარისკენ დაიძრა და მოულოდნელი სტუმარი ერთი თვალის შევლებით შეისწავლა. ქალი მაინცდამაინც ტანადი ვერ იყო.

მთლად მსხალი არ ეთქმოდა, მაგრამ მაინც წააგავდა. გრძელი, უსარჩულო გამჭვირვალე კაბა ეცვა და ფეხები მთლიანად მოუჩანდა. თითქოს ერთდროულად სხეულის გამოჩენაც სურდა და დაფარვაც. მაგრამ... სახე... მისი მორცხვი, სახე... აი, რა იყო ყველაზე საინტერესო.

ზოგიერთი ადამიანის სახეს კანქვეშ თითქოს მაგნიტი აქვს. ასეთი პიროვნების ავანჩავანი და ასავალ-დასავალი, მისი არსიცა და გარსიც სახეზე იყრის თავს. ასეთი ადამიანი სახით ფიქრობს, სახით საუბრობს, სახით სეირნობს, სახით ჩხუბობს, სახით ბრაზდება, სახით შიმშილობს,­ სახით ხარობს, სახით უყვარს და სარეცელზე ტკბობასაც სახით ეძლევა. ასეთ შემთხვევაში სხეული არაფრისმთქმელი კვარცხლბეკია, რომელსაც ამ სახის ტარების ფუნქცია აკისრია. ასეთი ადამიანი, არსებითად, მოარული სახეა. მას საკუთარი განცდების მიჩქმალვა არასგზით არ შეუძლია. რასაც გრძნობს, მაშინვე სახეზე ეტყობა. ეს პაწია, ფერმკრთალი, ლაჟვარდისფერი ჰიზმით დამშვენებული სახე იმ წუთებში პირდაპირ გაჰყვიროდა, ვიტანჯები, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ ვიმჩნევო.

ჯემალი ქალს მიუახლოვდა და ხელიც კი ჩამოართვა, რითაც აღმაშფოთებლად დაარღვია კლიენტთან მისალმების ქალის სტილისტისთვის ჩვეული მანერა. როგორც ყველა რეპრესირებული ჰომოსექსუალი, რომელიც სუსტ სქესთან ზოგადად მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს, მაგრამ იმავდროულად დამცინავი თვალითაც უყურებს, ჯემალიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იმ ქალების მიმართ, რომლებიც სხვა ქალების შურისა და სიძულვილის ობიექტები ხდებოდნენ. ცისფერი ხასა ძალიან შეეცადა სილამაზის სალონის სხვადასხვა კუთხიდან მისკენ მიმართული კვიმატი მზერისთვის ყურადღება არ მიექცია და არეული ნაბიჯით სასწრაფოდ მიუახლოვდა ჯემალის მიერ შეთავაზებულ მბრუნავ სკამს.

სალონის კლიენტი ქალებიდან ერთი ქერა იყო და ცალი თვალი ცოტა გაურბოდა; მეორე, შავთმიანი, წამითაც ვერ ისვენებდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ბამბიან ფეხის თითებს ათამაშებდა; მესამეს, ტანდაბალს, ფაშფაშასა და წითურს თვალებს ზემოთ ორი სქელი, სტაფილოსფერი ხაზი გაევლო - წარბების ფერი თმის ფერისთვის შეეხამებინა; კუთხეში კი ვიღაც ელფის მსგავსი მოხუცი ქალი მიმჯდარიყო. ცისფერ ხასას ყველა ისე შეჰყურებდა, თითქოს ეუბნებოდნენ, თუ შეიძლება, გაგვეცანიო.

მუწუკიანმა შეგირდმა ცისფერ ხასას ლეოპარდის ბეწვივით მოხატული, საეჭვოდ დალაქული გულსაფარი გაუკეთა, მაგრამ ძალიან შეეცადა, რომ ქალს არ შეხებოდა. ასეთ მგრძნობიარე ასაკში ბიჭისთვის ნამდვილი სატანჯველი იყო ქალთა სალონში მუშაობა და უხამსი შენიშვნების მოსმენა: „ნახეთ, ნახეთ, სახეზე აწერია ის ცოდვები, რომლებსაც ღამ­ღამობით ხელებით სჩადისო!“ მოზარდმა ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, წაიბორძიკა და ფანჯრიდან უხმაუროდ შემოპარულ კატას შემთხვევით ფეხი დააბიჯა. ცხოველმა ნატკენი კუდის გამო ისეთი ომახიანი კნავილით შეიცხადა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. ეს ფუმფულა, მრისხანე, ზორბა, კუპრივით შავი კატა იყო; ერთი იმათგანი, ყველა შემხვედრ ადამიანს ავად მოჭუტული თვალებით ისე რომ უმზერენ ხოლმე, თითქოს ადამიანისა და კატის მოდგმას უხსოვარი დროიდან ერთმანეთის სისხლი მართებდეს... თუმცა დრუნჩსა და ნიკაპზე ისეთი თეთრი ბეწვი ჰქონდა, თითქოს ცხვირ-პირი იოგურტში ჩააყოფინესო, ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საყვარელი იყო.

- მოდი, ნაგავო, მოდი, შე ოხერო! - დაუძახა ჯემალმა, როცა შეატყო, რომ ცისფერ ხასას კატა მოეწონა.
- ნაგავს რატომ ეძახით? - იკითხა ცისფერმა ხასამ.

კატამ გუმანით იგრძნო, ვისგანაც მიიღებდა ყველაზე მეტ ყურადღებას და ქალს ფეხებზე გაეხახუნა. ცისფერი ხასა დაიხარა, კატა ხელში აიყვანა და ისეთი დათაფლული ხმით მიმართა, ქალები რომ ბავშვებს ესიყვარულებიან:
- რატომ გეძახიან ნაგავს? მითხარი, რატომ, ჩემო ლამაზო?! ასეთ მშვენიერ კატას ნაგავი როგორ უნდა უწოდო?!
- ალბათ იმიტომ, რომ ბატონი ნაგავი სანაგვეში ათენებს და აღამებს. - მხიარულად უპასუხა ჯემალმა.- მთელი სტამბოლი რომ შემოიაროთ, ასეთ იღბლიან კატას მეორეს ვერ ნახავთ. Aმე შენ გეტყვით და სილამაზით ბრწყინავს! თუ ღმერთი გწამთ, ერთი შეხედეთ, რასა ჰგავს... გინახავთ კატა, ასეთი მურტალი გამომეტყველება რომ ჰქონდეს? თითქოს თავიდან გველობას აპირებდა და კანს ვერ მიაგნო... არა, მაინც რომ ახერხებს და ყველას თავს აწონებს! რა ჯადო აქვს ასეთი? როგორ ახერხებს საჭმლის დათრევას ყველგან, სადაც კი წავა? ხომ არ გგონიათ, რომ ერთი ადგილით კმაყოფილდება? არც იფიქროთ! აქ რომ შეჭამს, მერე თავის სამეფოში - სანაგვეში ამოყოფს ხოლმე თავს. გეფიცებით, არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა. ეს ოთახი ახალი ნაქირავები გვქონდა, სალონი უნდა გაგვეხსნა და სამუშაოს ვერ ავუდიოდით; ერთხელაც, დაღლილობისგან ენაგადმოვარდნილებმა და მგლებივით დამშეულებმა შემწვარი წიწილა შევუკვეთეთ. ხომ იცით, რამხელა ულუფებს გზავნიან ხოლმე: ბრინჯის, სალათის, შემწვარი კარტოფილის ზვინებს აყენებენ! რაღა ბევრი გავაგრძელო და იმ დღეს შეეშალათ, ერთის მაგივრად ორი წიწილა გამოგვიგზავნეს. აღარ დავაბრუნეთ, გვეგონა, მეორესაც მივაყოლებდით, მაგრამ ვერ მოვერიეთ. ისიც ძლივს შევჭამეთ, რაც თეფშზე გვედო. აბა, თუ მიხვდებით, ვინ იყნოსა საჭმლის სუნი და ვინ დაგვადგა თავზე? მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სახელად ნაგავი ერქვა. ისე საცოდავად გვეხვეწებოდა, მაჭამეთო, რამდენიმე დღის ნაშიმშილარი გეგონებოდათ. რა გვექნა, დავუდეთ ის ზედმეტი წიწილი და ღმერთმა შემაჩვენოს, თუ ვტყუოდე, ისე ეცა საჭმელს, თითქოს ორი დობერმანი მოსდევდა უკან. ძვლებიც კი არ დატოვა! დაიჯერებთ, კატამ ერთი წიწილი ჩვენ თვალწინ შესანსლა!

იმ დროს #2 ბინაში კატების წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. გაგიგიათ ეგეთი ვინმე? იყო, რა, ერთი დარტყმული... ოცი თუ ოცდაათი კატა ჰყავდა. კატის ფსელით ყარდა აქაურობა. მაგრამ ამ ნაგვის სუნს მაინც ვერ შევადარებ. სანამ შემოხვიდოდით, ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდით. ჯელალს ვეუბნებოდი, აქ იმდენი ნაგავია, რომ მალე მამლებივით დავიწყებთ შიგ ქექვას.

ჯელალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- რაც შეახრამუნა, ხომ შეახრამუნა ამ ნაგავ-ბატონმა, მერე სტუმრად კატების წინასწარმეტყველთან გადაბრძანდა, მაგრამ იქაურმა საკატეთმა, როგორც ჩანს, შავი დღე აყარა და კუდამოძუებული ისევ ჩვენთან მოიძურწა ნარჩენების სათხოვნელად. რა გვექნა, კარტოფილი მივართვით. კარტოფილს სხვა დროს ვითომ იწუნებდა, მაგრამ ამჯერად თეფში გალოკა. სამუშაოს თავი მივანებეთ და თვალთვალი დავუწყეთ. სანაძლეოებიც კი დავდეთ, როდის გასკდებოდა...

არა მხოლოდ სარკის წინ ჩამწკრივებული ქალები, არამედ თვით მემანიკიურეებიც და შეგირდებიც კი, რომლებსაც ეს ამბავი ერთი ორმოცჯერ მაინც ჰქონდათ მოსმენილი, ჯემალს ყურებდაცქვეტილები უსმენდნენ. მართალია, ძმას საქმით ვერ სჯობდა, მაგრამ სიტყვამრავლობაში ტოლს ვერავინ დაუდებდა. ენების ათვისების საოცარი ნიჭიც ჰქონდა. რომ აგეყვანათ და ისეთ ქვეყანაში დაგესვათ, რუკაზეც რომ ვერ იპოვიდა, იქაურ ენას წამში ისწავლიდა, რადგან ხომ უნდა გაეგო, მის ირგვლივ ვინ რას ლაპარაკობდა, ერთი-ორი შენიშვნაც ხომ უნდა მიეშველებინა! როცა სამშობლოში ჩამოვიდა, უცხოობაში ძალაუნებურად შემოცვეთილი თურქულიც დასძლია და ხუთ წელიწადში მშვენივრად აჭიკჭიკდა. ოღონდ ერთი პრობლემა ჰქონდა: კილოს ვერაფერს უხერხებდა; თუმცა ჯელალის აზრით, ეს კიდევ საკითხავი იყო, მართლა ვერ იშორებდა მისი სამწუთ-ნახევრით უმცროსი ძამიკო უცხოურ კილოს, თუ განგებ იჩლექდა ენას იმ მოსაზრებით, რომ კლიენტებს დამტვრეული თურქული უფრო მოსწონდათ...

გაგრძელება წაიკითხეთ წიგნში "რწყილების სასახლე". წიგნზე ფასდაკლების კუპონი იხილეთ ნომერში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით