"გახსოვდეს, შინ გელიან!" - გზისპირა ეპიტაფიები უყურადღებო მძღოლების გასაფრთხილებლად
20-07-2015
"გახსოვდეს, შინ გელიან!" - გზისპირა ეპიტაფიები უყურადღებო მძღოლების გასაფრთხილებლად
დაღუპულთა სახსოვარი
ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ინტერესმა­ - საქართველოს გარდა, სხვა რომელიმე ქვეყანაშიც თუ ეწყობა, ჩვენში ესოდენ გავრცელებული გზისპირა ეპიტაფიები, ჯვრები თუ სულის მოსახსენიებელი წყაროები, რომელიც აგებულია  სატრანსპორტო შემთხვევისას დაღუპუ­ლთა სახსოვრად. გარდა ხსოვნ­ისა, მათ კიდევ სხვა დანიშნულებაც აქვთ, - გვახსენებენ, რომ ცხოვრება წამია... და მძღოლს სრული მობილიზაციისაკენ მოუწოდებენ.


მსგავს ნიშნებს გზის პირზე­ ხშირად შეხვდებით მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯ­ანშიც. ეს ტრადიცია თურმე თურქეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთშიც არსებობს. აქ ავარიით დაღუპულების მოსაგონებლად
მცირე­ ზომის ნაგებობებსაც დგამენ (მსგავს ფაცხა-ჯარგვალებს გზის პირზე აგებდნენ კავკასიის მთებში, აფხაზეთში, სამურზაყანოში... მას მგზავრისთვის დასასვენებელი, სასტუ­მროს დანიშნულებაც კი ჰქონდა და აბაკა ერქვა.­ - ავტ.).
გერმანიაში უბედური შემთხვევის ადგილებს ამკობენ ყვავილებით, სანთლებს ანთებენ, ან მიცვალებულის სახელზე ჯვრებს დგამენ. ამ ადათის ყველაზე აქტიური მიმდევარნი ავსტრიელები ყოფილან.
თურმე ავარიის შედეგად დამსხვრეულ-დაღეჭილ მანქანებსაც კიდებენ ბოძზე, რომ გამვლელმა გაითვალისწინოს სავალი მონაკვეთის სირთულე და გაფრთხილდეს.

მექსიკაშიც ყოფილა გზისპირა ეპიტაფიები დაღუპულთა სახსოვრად...
ცხადია, ეს ტრადიცია სათავეს არ იღებს­ 1886 წლიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც პირველი ავტომობილი გამოიგონეს და სულ რამდენიმე საათში პირველი საგზაო შემთხვევაც იხილეს. ეს უფრო შორეული წარსულიდან მოდის. ცხენით მგზ­ავრობისასაც ხდებოდა უბედური შემთხვევ­ები...

ნიკოლოზ პირველის საქართ­ველოში­ მოგზაურობას გავიხსენებ. მაშინდელ დედა­ქ­ალაქში გმირთა მოედნის ტერიტორია თბილისის შემოსასვლელად ითვლებოდა­. აქ მთავრდებოდა საქართველოს სამხედ­რო გზა. იმ ადგილას, სადაც ახლა ცირკის­ შენობაა, აღმართული იყო თუჯის­ დიდი ჯვარი, რომელიც 1846 წელს დაიდგა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის გადარჩენის აღსანიშნავად - 1837 წელს ტფილისიდან ვლადიკავკაზი­სკენ მიმავალი იმპერატორის ეტლი გადაბრ­უნებულა და მონარქი სასწაულებრივად გადარჩენია სიკვდილს. ამ მოვ­ლენას მიუძღვნეს ე.წ. ვერის ჯვარი. მოგვიანებით კი მოედნის გაფართოება-რეკონსტრუქციისას აიღეს.

ვასო ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოტრანსპორტცენტრის" აღმა­ს­რულებელი დირექტორი:
- გზის პირას აღმართული სამახსოვრო­ ეპიტაფიები ევროპის ქვეყნებშიც ბევრი მინახავს. იქ მათ კიდევ უფრო პრევენციული ხასიათი შესძინეს. აბრების სახით შეხვდებით მოწოდებებს: "იარე ფრთხილად!" "იჩქარე ნელა!" "გაუფრთხილდი სიცოცხლეს!" "გახსოვდეს, შინ გელიან!"

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის ადგილები, რომელთაც შავ წერტილებს ეძახიან. იქ ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევაც. შესაბამისი აბრები მძღოლს მოუწოდებს მაქსიმალური მობილიზაციისაკენ.
მე გერმანიაშიც მინახავს ბოძზე დაკიდებული დალეწილ-დამსხვრეული ავტომობილი. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი ხედავს მას, უცებ ფხიზლდება და სიჩქარეს ამცირებს... ეს მეთოდი ფსიქოლოგების მიერ არის აპრობირებული...

გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, ჰოლანდიაში, გერმანიაში) ტელევიზიით გადის შემზარავი ვიდეოები, რომლის ნახვისას შესაძლოა, ცუდად გახდეთ. ესეც პრევენციის ნაწილია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გერმანიაში საგზაო მოძრაობის წესის დამრღვევი, გარდა იმისა, რომ აჯარიმებენ, შეჰყავთ შავ სიაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში უნდა გაიარონ სპეციალური კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. იქ მძღოლებს­ აჩვენებენ ვიდეორგოლებს, თუ რა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს.

- როგორც მახსოვს, მსგავსი მეთოდი, ოღონდ ქვეითად მოსიარულეთათვის, საქართველოშიც იყო შემოღებული.

- დიახ და მიკვირს, რატომ არ გაგრძე­ლდა, მან მართლაც დადებითი შედეგი გამოიღო.
რაც შეეხება ჩვენი საუბრის მთავარ თემას - ხსოვნის ნიშნებს, ხშირად მსმენია, რომ ცუდ ასოციაციას იწვევს გზის პირას აღმართული სურათები, ჯვრები... პირადად ჩემთვის, ნებისმიერი ეს ნიშანი მისასალმებელია, რადგან ადამიანს მიანიშნებს, რომ უსაფრთხოდ იმოგზაუროს...



საგანგაშო ციფრები

ოთხი სახეობის ტრანსპორტიდან (სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო) ყველაზე სახიფათოდ საავტომობილო ტრანსპორტია აღიარებული.
მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევა ყველაზე ხშირია.

საქართველოში 2014 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 3 ათასი საგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 180 კაცი, დაშავდა­ 3600.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ შემთხვევათა რაოდენობა 2011-12 წლებთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში, საშუალოდ,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დღეში­ 1 კაცი იღუპება, მსოფლიოში კი ყოველ 6 წუთში - ერთი.

ეკა სალაღაია

ანო
20 ივლისი 2015 13:01
საქართველოშიც იყო მაგრამ გზების გაფართოვება რომ დაიწყეს მოხსნეს, ისე შემიმჩნევია მძღოლი იმ ადგალის ყოველთვის ფრთხილად დადიოდა ....

რედაქტორის რჩევით