"დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია" - კვირის პალიტრა

"დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია"

"ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თითქმის ქუჩაში ვარ გაზრდილი - ვორონცოვზე"

"მე უფრო სუსტი ვარ ცხოვრებაში. ასეთ სიტუაციაში ალკოჰოლს მივეძალებოდი, ვერ ვირბენდი დუდუსავით და ბიჭებს, ალბათ, დაიჭერდნენ"

ბოლო დროს დუდუ, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ზოგი ასეთ მეგობარზე ოცნებობს, ზოგიც - შეყვარებულზე. საინტერესოა, დუდუს როლის შემსრულებელი ალეკო ბეგალიშვილი როგორ უყურებს თავის პერსონაჟს კამერის მიღმა.

- მიკვირს, სოციალურ ქსელებში ისე არჩევენ ამ ტიპს და საერთოდ სერიალს. გეგონება, სხვა საფიქრალი არ ჰქონდეთ: "ფუ, საზიზღარი კაცი"... "დიახაც, ჯიგარია!"... არადა, ერთი ჩვეულებრივი კაცია. ვითომ აგვარებდა რაღაცებს, მაგრამ თვითონაც ლაფში ამოყო თავი.

- არ არის კარგი მამა?

- ჩვეულებრივი მამაა. უმეტესობა ქართველი მამებისა, ალბათ, ეგეთია. მე დუდუსნაირი ბევრი მინახავს. შვილისთვის ხელის დაფარებას კი არა, მამაშვილურ ურთიერთობებს ვგულისხმობ. აი, მომდევნო სერიებს ნახავთ, აფარებს თუ არა დუდუ შვილს ხელს...

- დუდუს მეგობარ მაკაზე რას იტყვით?

- მაკა დუდუს ბავშვობიდან უყვარს. მართალია, მაკას არ ჰქონია მის მიმართ სიმპათია, მაგრამ დუდუ მაინც ცდილობს, სულ გვერდში ედგეს. პლატონური სიყვარულივითაა.

- დუდუს მაკასგან განსხვავებული მეუღლე ჰყავს...

- დუდუს ოჯახში დედას მეტი წონა აქვს, ვიდრე ცოლს. ცოლს აგდებით ელაპარაკება. შვილები უყვარს, მაგრამ ცოლისადმი გულგრილია. ხანდახან კაცს ცოლი მოჰყავს და მერე ხვდება, რომ არ ჰყვარებია...

- ბოლო დროს დუდუ ძალიან აქტუალური გახდა. ეს თქვენც იგრძენით?

- რა თქმა უნდა.

ადრე ქუჩაში 12-13 წლის გოგონები მაჩერებდნენ, სელფი გადავიღოთო. ახლა უფროსებიც მეუბნებიან ქათინაურებს, თან ისეთი ტიპები, სერიალის მოყვარულის შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებენ.

- თქვენ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი, დუდუს სიტუაციაში რა გამოსავალს ხედავთ?..

- დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია, მე უფრო სუსტი კაცი ვარ ცხოვრებაში. წავიდოდი და ალკოჰოლს მივეძალებოდი, ვერ ვირბენდი დუდუსავით და, ბიჭებს ალბათ, დაიჭერდნენ.

- თქვენ და თქვენს ძმებს როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან, მსახიობ ბადრი ბეგალიშვილთან?

- მე და ზურა ბადრი ბეგალიშვილის  პირველი ქორწინებიდან გავჩნდით. 7-8 წლამდე ზურას მამა ზრდიდა. მერე წავიდა... მაშინ ორი წლის ვიყავი. ჩვენი მესამე ძმა, ბადრი, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. მამის ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ ხშირად არ ვიყავით ერთად. უფრო ზურა იყო ჩემთვის მამის როლში... ბოლოს თითქმის სულ ერთად ვიყავით. უბრალოდ, ის იქით ცხოვრობდა, ჩვენ - აქეთ. დედაც მუშაობდა, ისიც მსახიობია.

მე ბებიასთან ვიზრდებოდი. ძალიან ვაბრაზებდი... ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თითქმის ქუჩაში ვარ გაზრდილი - ვორონცოვზე. დავბოდიალობდით ბიჭები, გადავძვრებოდით კინოში. "როლიკები" იყო მაშინ მოდაში. ჩავიცვამდით და დავგორავდით. მერე დაიწყო ბითლომანია. კონცერტებს, დისკოთეკებს ვმართავდით და ასე ვერთობოდით.

სკოლის შემდეგ ინსტიტუტში ძალით ჩამაბარებინეს, არ მინდოდა მსახიობობა. დედაჩემი და მამაჩემი მიჩიჩინებდნენ, - მაგ გიტარით რომ დადიხარ, ჩააბარე, დიპლომი მაინც გექნებაო. საესტრადო ფაკულტეტზე ისწავლე და შენი ჯგუფიც შეიძლება ჩამოაყალიბოო - ამით მომხიბლეს. ასე აღმოვჩნდი მუსკომედიის ფაკულტეტის საესტრადო განყოფილებაზე თეიმურაზ აბაშიძის ჯგუფში. მან თავისი ლექციებით ნელ-ნელა მსახიობობისკენ გადამქაჩა. დღეს მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვარ... რაც დოი (რეჟისორი დავით დოიაშვილი. - ავტ.) მოვიდა, თეატრში სიტუაცია შეიცვალა. მანამდე გულაცრუებული ვიყავი. კარგი თეატრი იყო, მაგრამ დამთავრდა ის დრო! ისევ "კურკას ქორწილი"... შეიძლებოდა ახლებურად დადგმა, მაგრამ რა ვიცი, არააქტუალურად მეჩვენებოდა. სიახლე იყო საჭირო... ამ პერიოდში მოვიდა დოი. არაყს ვსვამდით, ვისხედით და ვფიქრობდით, სად რა გვეშოვა, რომ დაგველია და დრო გაგვეყვანა. შემოქმედებითად არაფერი ვითარდებოდა ამ თეატრში. "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" - ხან ოთხი ჯუჯა ვიდექით სცენაზე, ბავშვები გვესროდნენ "რაგატკას", იყო ერთი რიარია. მოკლედ, საბავშვო თეატრად ვიქეცით. დოიმ კი დაგვქოქა...

- თეატრში უფრო ხედავთ თქვენს ადგილს, თუ კინოში?

- კინო კარგია, მაგრამ თეატრი მაინც პირველია ჩემთვის.

- ოჯახი გყავთ?

- მყავს მეუღლე და 2 შვილი. 12 წლის მარიამი და 10 წლის დათო, რომელიც ჩვენი საერთო შვილი არ არის... მე და მეუღლე დღემდე ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში შემეძინა ვაჟი. ის დედასთან იზრდება...

რაც შეეხება ჩემს ძმებს: ზურა მოწოდებით მსახიობია, ბადრი ორ თეატრში მუშაობს. მამის გენი მას მკვეთრად ეტყობა. დრამატული როლებიც კარგად გამოსდის, მაგრამ სახასიათოებში მართლაც შეუდარებელია.

- სერიალში თქვენს პარტნიორებზე რას იტყვით?

- კარგის მეტი რა მეთქმის. თუ რამე გამომივიდა, სწორედ მათი დამსახურებაა. უპირველესად ვემადლიერები ნინო კასრაძეს, რუსუდან კობიაშვილს, თამარ სხირტლაძეს. ჩემს შვილებსაც - მაგარი ბავშვები განასახიერებენ.

- ძალიან პრეტენზიული კი არის ფილმში თქვენი გოგო...

- დღეს გოგონები ცხოვრებაშიც ეგეთები არიან. ჩემი მარიამიც პრეტენზიულია. ცოტა მეჯიქება ხოლმე და ხანდახან ტოლებივით ვჩხუბობთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

გადაღების პროცესში ისე ვარ ჩართული, ერთ-ერთ სცენაში, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული, ჩემს ბიEჭს ისე გამეტებით გავაწანი სილა, ნათითურები ეტყობოდა. მერე რაღაც პრობლემა გაჩნდა და იგივე სცენა მეორედ გადავიღეთ. უკვე ისე ვეღარ გავიმეტე. ბოლოს რომ ვნახე კადრები, ვინანე, - ჯობდა, მაგრად დამერტყა, უფრო ნატურალური გამოვიდოდა-მეთქი. ჯერ ვპერტყე საწყალ ბიჭს და მერე ჩავეხუტე. ვკოცნე და ვკოცნე. არ მტკენიაო, მეუბნებოდა.

ანა-მარიამ ისე ითამაშა, გამაგიჟა. საპირფარეშოდან რომ მიკივის, იმ მომენტში ყელში ბურთი გამეჩხირა, - შევშინდი, კამერის წინ ცრემლები არ წამოვყარო-მეთქი.

მოკლედ, ძალიან მაგარი ბავშვები არიან და ძალიან მაგარი პარტნიორები მყავს.

- კმაყოფილი ხართ ამ სერიალში რომ მოხვდით?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ფინანსების გამო დავთანხმდი. სერიალების მოყვარული არ ვარ, მაგრამ როცა ხელფასი არ გყოფნის... თავიდან ამ სერიალს არც ვუყურებდი. ბოლო სერიებმა "ამიყვანა", სათამაშო წამოვიდა... ეს გმირი ბოლო სერიებში უფრო განვიცადე...

ეკა სალაღაია