"მამულიჩა არც სვამს და არც სიგარეტს ეწევა. არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რამ..." - კვირის პალიტრა

"მამულიჩა არც სვამს და არც სიგარეტს ეწევა. არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რამ..."

რატი დურგლიშვილი: "არ მინდა პანიკაში ჩავვარდე, იქნებ  ტყუილია"

შსს-მ 18 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. დაკავებულის ჩხრეკისას მისი ხელბარგიდან და საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და მდმ, ე.წ. ექსტაზი”0,2048 გ კახი მ.-ს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და მას კოკაინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.

მოგვიანებით, სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებული ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახი მამულაშვილია. თუმცა 18 ივლისს ლელა წურწუმია აცხადებდა, რომ მისი მეუღლე არ დაუკავებიათ. კომენტარისგან თავს იკავებდნენ კახი მამულაშვილის მეგობრები, ბევრმა ტელეფონის ზარს არ უპასუხა.

ზემოხსენებულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში.

რატი დურგლიშვილი ირწმუნება, რომ ინტერნეტით შეიტყო ეს ამბავი და ლელას ვერ უკავშირდება: "ვაიმე, შოკში ვარ, ლელას დავურეკე და არ მიპასუხა. ღმერთმა ქნას, სიმართლე არ იყოს, არ მინდა, პანიკაში ჩავვარდე, იქნებ, ტყუილია".

ნინა წკრიალაშვილი: "ქუთაისში ვარ, იქ კონცერტი მქონდა და "ფეისბუკით" გავიგე ეს ამბავი. გაოცებული და გაოგნებული ვარ... საზიზღარი ერი ვართ, პატარა საქმეს დიდად ვაქცევთ. სიმართლე მამულიჩას გარდა არავინ იცის, მას ჯერ ვერ ველაპარაკებით. მამულიჩა არც სვამს და არც სიგარეტს ეწევა. არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რამ... მე და ლელა რომ სიგარეტს ვეწევით, სულ გვეჩხუბება, სუნი მაწუხებსო. არც ის ვიცი, ჩაუდეს თუ არა. მეცინება იმაზე, რომ მამულიჩა იყო მომხმარებელი, ყოველ დილით ვარჯიშობს, აუზზე დადის. ასეთი ადამიანი რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, დაუჯერებელია. სანამ მამულიჩა არ მომიყვება ყველაფერს, ვერაფერს დავიჯერებ. თუ ის მეტყვის, რომ იყო წამლის ზემოქმედების ქვეშ, მაშინ დავიჯერებ".