"გუგუშვ­ილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა" - კვირის პალიტრა

"გუგუშვ­ილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა"

"ზვიადი გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაკლავად მიჰყავდათ"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ამ ეტაპზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაიკითხნენ მოწმეებიც. გამოძიების დეტალებზე პირველი პრეზიდენტის ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას ვესაუბრეთ.

- 1994 წლიდან მოყოლებული, 2004 წლის ჩათვლით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება მხოლოდ პროცესის იმიტირებისა და რეალობის მიჩქმალვის მცდელობა გახლდათ. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელმა კომისიამ საქმეში 70-ზე მეტი წინააღმდეგობა აღმოაჩინა - მოწმეები პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტს, საწოლში მის მდგომარეობასა თუ სხვა დეტალებს აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერდნენ.

- შევარდნაძის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება რატომ არ განახლდა?

- როდესაც 2011 წელს პროკურატურაში კომისიის დოკუმენტაცია გადავგზავნეთ, საბუთების ნაწილი დაიკარგა, საქმეში კი აფხაზეთის ომის დაწყების თემა და თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევა "ჩააკერეს". ბუნებრივია, ვერავინ აგვიხსნა, ეს ორი ფაქტი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან რა კავშირში იყო. ფაქტია, რეალობის დადგენა არც წინა ხელისუფლების ინტერესებში იყო, ამ პროცესს კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უშლიდნენ ხელს. ოქრუაშვილი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, საქმის გამოძიება არ განახლებულიყო, რადგან მისი მამა პროკურატურაში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც მან "ნაცმოძრაობის" რიგები დატოვა, საქმეს ადეიშვილი ბლოკავდა. გამსახურდიას თემა მათ მხოლოდ პიარის ნაწილად გამოიყენეს, სიმართლის დადგენა კი არ აწყობდათ.

მთავარი მოწმეები, რომლებიც ზვიადის გარდაცვალების ღამეს იქ იყვნენ, დღეს საქართველოში არ არიან. ბესარიონ გუგუშვილი (ყოფილი პრემიერი) ფინეთშია, გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა 2011 წელს ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, ბაჩუკი გვანცელაძე (გამსახურდიას დაცვის წევრი) უკრაინაშია. ჩემი ინფორმაციით, მკვლელობის ღამეს ბესარიონ გუგუშვილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა. სამწუხაროდ, მარგველანის დაკითხვა კომისიამ ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ავთანდილ იოსელიანმა გვითხრა, პრეზიდენტის გარემოცვას სრულად ვაკონტროლებდითო. ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ეს სამი კაცი სიმართლეს მალავს. საქართველოში იმყოფებიან მოწმეები, რომლებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

გამსახურდიას ფეხდაფეხ ორი ჯგუფი მიჰყვებოდა - შსს, შოთა კვირაიასა და გია გულუას ხელმძღვანელობით და უშიშროების სამსახური. მოკლეს გია გულუა, ბადრი ზარანდიაც (ხიბულაში გამსახურდიას მასპინძელი), რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნინუა კი 2009 წლის 11 ნოემბერს, ჩვენი კომისიის პირველი სხდომის მეორე დღეს მოკლეს. შსს-მ ამ საქმეზე მოქალაქე თამაზ გოგია დააკავა - თითქოს ნინუას ვალი ჰქონდა და ამიტომ მოკლა. ნინუა და მისი მეუღლე სპეციალური ტყვიით, შP-4-ით დახოცეს. არადა, ეს ტყვია შეიარაღებაში აქვთ მხოლოდ სპეცსამსახურებს, იშვიათად - კილერებს. ტყვიას ისვრიან განსაკუთრებული იარაღით და ვარდება თითქმის უხმოდ, არ გამოისვრის გაზებს და არც დენთის კვალს ტოვებს. ამიტომაც უაზრობაა საუბარი დენთის კვალზე, რომელიც თითქოსდა გოგიას ხელებზე აღმოაჩინეს. გოგიას ალიბიც ჰქონდა, მოწმეებიც ჰყავდა, მაგრამ სასამართლომ მკვლელად მაინც ცნო. ამ მკვლელობის ჩადენა კი მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებს შეეძლოთ...

პროკურატურას 48 კაცის სია გადავეცი, რომლებიც საინტერესო დეტალებს ჰყვებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ბადრი ზარანდია თავის დღიურში ახსენებს პოლკოვნიკ ბასიკაშვილს, რომელიც, მისი ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ბატალიონ "ალფას" მეთაურის მოადგილე იყო. მან, გამსახურდიას მკვლელობის სანაცვლოდ, მილიონი დოლარი და საზღვარგარეთ თავშესაფარი შემომთავაზაო. უშიშროების სამსახურში ბასიკაშვილი კი არა, ბასიაშვილი და ბასილაშვილი მუშაობდნენ. დღეს პროკურატურას იოლად შეუძლია დაადგინოს, ვისზე საუბრობდა ზარანდია. ზარანდია არ მალავს, რომ მკვლელობის შესრულებაზე უარი განაცხადა, თუმცა ოჯახზე ზეწოლის გამო, გარკვეულ ჯგუფებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებას 1994 წლიდან ჟურნალისტი გიგლა გობეჩიაც იძიებს:

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მიერ გავლილი მარშრუტი თავადაც გავიარე, დავრწმუნდი, რომ ეს კარგად შენიღბული მკვლელობა იყო - ზვიად გამსახურდია გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაკლავად მიჰყავდათ. მაშინ მოპოვებული ბევრი ინფორმაცია დღემდე გამოუქვეყნებელი მაქვს - ჩემს ინფორმატორებს ვუფრთხილდები. მიმაჩნია, რომ გუგუშვილი, მარგველანი და გვანცელაძე სიმართლეს შეგნებულად მალავენ. ამ საქმის გახსნა შესაძლებელია. სარწმუნო წყაროს ცნობით, გარდაცვლილი პრეზიდენტი თბილისშიც ჩამოასვენეს - მაშინდელი ხელმძღვანელობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ მთავარი მეტოქე ხელს ვერასოდეს შეუშლიდა.

ჩვენ ფინეთში დავუკავშირდით საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილს:

- პროკურატურის ქმედება მორიგი მატრაკვეცობაა და არ მაინტერესებს. ხომ ვერ მეტყვით, ეს მერამდენე "გამოძიებაა"? პროკურატურასთან თანამშრომლობა მეზარება, ეს პრობლემა ჩემი წიგნით მოვათავე - არ ვთვლი საჭიროდ მეტი დროის გაცდენას.

ბაჩუკი გვანცელაძე ამჯერად კიევშია. ის პროკურატურამ შარშან დაჰკითხა: - ამჟამინდელი მმართველი ძალა ხალხს მორიგ სანახაობას სთავაზობს. გარდაცვალების ღამეს გამსახურდიასთან ერთად ოთახში არ ვყოფილვარ. როდესაც შევედი, თვითმკვლელობის კლასიკური სურათი დამხვდა. უბედურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში თვითმკვლელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. მე არსად გავრბივარ. ერთ თვეში ჩამოვალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ.

რუსუდან შელია