ამერიკელები აჭარელი ლომის დასაცავად და რა ბედი ეწია ქართულ-აზერბაიჯანულ კოსმოსურ ბაზებს - საპარლამენტო კურიოზები
27-07-2015
ამერიკელები აჭარელი ლომის დასაცავად და რა ბედი ეწია ქართულ-აზერბაიჯანულ კოსმოსურ ბაზებს - საპარლამენტო კურიოზები
იუმორი დიდი ხანია ქართული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. პოლიტიკოსების შემყურე მოსახლეობას, სოციალური პრობლემების გაუმჯობესება თუ არა, პერიოდულად სიცილით მკურნალობა გარანტირებული აქვს. "ლურჯ ვაშლთან" სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატები სახალისო ამბებს იხსენებენ:


როგორ იცავდნენ აჭარელი ლომის უფლებებს

ელენე თევდორაძე, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი:
-
თბილისში ასლან აბაშიძეს აჭარელ ლომს ეძახდნენ. ერთხელაც­ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით გავემგზავრე. აეროპორტში გიდი დაგვხვდა, რომელმაც გამანდო, რომ უსურ­იული ვეფხვის­ საზოგადოების წევრი იყო - ეს სახეობა თანდათან ქრება და
მის გადარჩენაზე ვზრუნავთო. იცით რა, დედამიწაზე რამდ­ენიმე უსურიული ვეფხვი მაინც დადის, ჩვენ კი მთელ გალაქტიკაში ერთადერთი აჭარის ლომი გვყავს-მეთქი. გაგიჟდა,­ - მსგავსი სახეობა არასოდეს გვსმენიაო. მეორე დღეს ისევ შევხვდი და ბედნიერი სახით მახარა, - გუშინ ჩვენს ორგანიზაციაში აჭარელი ლომის საკითხს დიდხანს ვიხილავდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ,
რომ მის უფლებებს ყველანი ერთად დავიცავთო.


ქართულ-აზერბაიჯანული კოსმოსური ბაზები


დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი: - 90-იან წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, ხელმოწერამდე დეპუტატებს ტექსტი უნდა შეესწავლათ. ტექსტში კი ეწერა: საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი კოსმოსური ზესახელმწიფო, პირობას დებენ, რომ საქ­ართველო აზერბაიჯანს კოსმოსურ ბაზებს დაუთმობს, ანალოგიურად მოიქცევა აზერბაიჯანიც, საიდანაც ორი ქვეყნის კოსმოსური ხომალდები პერიოდულად იფრენენ. ამის კითხვისას ნამდვილად გააფრენდი. მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ვიღაცას რუსეთსა და ყაზახეთს შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ, მხოლოდ ქვეყნების სახელ­წოდებების შეცვლით გადმოუთარგმნია. ეს რომ არ წაეკითხათ, შეიძლებოდა კანონადაც დაემტკიცებინათ.

"ქაქის ჭამას მიგაჩოვს"

ჯანსუღ ჩარკვიანი, სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პოეტი:
- დსთ-ში შესვლის საკითხი ცხარე­ დებატების ფონზე განიხილებოდა, თუმცა მე ინიციატივისთვის ხელი არ მომიწერია. ამ დროს, იქვე დაწერილი ლექსი შევარდნაძეს გავუგზავნე:
"ასე გვითხრა შევარდნაძემ, / ტრიბუნაზე შემდგარმა, / - შეხვალთ, დედა მოგეკვლებათ, / თუ არ შეხვალთ - დედ-მამა"...
როგორც კი შევარდნაძემ ლექსი წაიკ­ითხა, დამიძახა და შეწუხებული სახით მეუბნება, - ბიჭო, მამა შემეცოდა, თორემ დედა ამ ამბავს მიჩოულიაო...
მახსოვს, საქართველოში ცეკას პირველი­ მდივანი ლიგაჩოვი ჩამოვიდა, რომელსაც პარლამენტარები შევხვდით. მითხრეს, რამე შენებური სიტყვა გვითხარიო. დავთანხმდი და რაც შემეძლო, ხმამაღლა წარმოვთქვი:
"ნუ ენდობით ლიგაჩოვს,
ქაქის ჭამას მიგაჩოვს."

მთელი დარბაზი იცინოდა. ჟიული შარტავა წამოხტა, - არ უთარგმნოთო...

"ბოქსიორებივით" რატომ სხედხართ?!"


ზვიად ძიძიგური, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი:
- 1991 წელს ჩეხური ბოტასები და ჯინსი იყო მოდაში. ყველა­ დეპუტატი სხდომებზე ასე ჩაცმული დადიოდა. მხოლოდ ზვიად გამსახურდია, როგორც ნამდვილი ინტელიგენტი, პარლამენტში კოსტიუმით მოდიოდა. ერთ დღესაც სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. უცებ გვესმის გამსახურდიას აღშფოთებული ხმა: - რა ხდება, აქ პარლამენტია, საკანონმდებლო ორგანო და თქვენ "ბოქსიორებივით" რატომ სხედხართო?! ბუნებრივია, შენიშვნა მეორე დღესვე გავითვალისწინეთ. 

სიუჟეტი იხ. "palitra tv"-ის
გადაცემა "ლურჯ ვაშლში"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით