”ზასტაველი ჭიჭიკიას” წარმატებული კარიერა - კვირის პალიტრა

”ზასტაველი ჭიჭიკიას” წარმატებული კარიერა

როგორ გაგზავნა საფიჩხიაზე ნიკოლოზ დერიუგინის მამამ სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელი

"ბედნიერი ვარ, რომ კარგი კალათბურთი ვითამაშე ჩემთვისაც და გულშემატკივრისთვისაც. პოპულარული ვიყავი, თუმცა თავში არასდროს ამვარდნია. ასე გამზარდეს მშობლებმა. დღესაც მცნობენ და ეს ძალიან მახარებს. თბილისის "დინამოში" მე-11 ნომრით ვთამაშობდი, 11-მა ბედნიერება მომიტანა, ამიტომ რიცხვებთან დაკავშირებულ ჩემს ყველა მონაცემს "11" ახლავს.

როგორც ტანმაღალი და დათვივით ადამიანების უმრავლესობა, მეც კეთილი ვიყავი და ვარ და, მგონი, ამით არაფერი დამკლებია", - ღიმილით მეუბნება 2 მეტრი და 6 სანტიმეტრი სიმაღლის სიმპათიური რესპონდენტი, რუსის იერით, რუსულ-ქუთაისური აქცენტით და წარსული დიდების პირისპირ მდგომი სპორტული ჟინით ისევ მომავალზე ამყარებს იმედს. დღეს "პირისპირს" ნიკოლოზ დერიუგინი სტუმრობს.

KvirisPalitra.Ge- მამა ტყიბულში დაიბადა, მერე კი დედასთან ერთად ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. 5-6 წლისა ვიყავი, სადარბაზოს წინ საკალათბურთო ფარი რომ დამიყენა და მეც ბურთის სროლით ვირთობდი თავს. ერთხელაც მამას მეგობარმა გაიარა მანქანით, შემნიშნა და შესთავაზა, სულიკო თორთლაძესთან მივიყვანოთო. ბატონი სულიკო ბევრი დიდი კალათბურთელის აღმომჩენი და გზაზე დამყენებელი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და პატივსაცემი პიროვნება იყო. მიმიყვანეს და მანაც აღარ გამომიშვა. არადა, იმხანად თითქოს არც განსაკუთრებული მონაცემებით გამოვირჩეოდი, არც სიმაღლით

- პირველ კლასში მეორე მერხზე ვიჯექი, თუმცა მეხუთე კლასში უკვე 2 მეტრს მივაღწიე და ბოლო მერხზეც აღმოვჩნდი (იცინის). ასე რომ, ყველაფერი ღვთის ნება იყო. ბატონი სულიკო მთელ გუნდს ჩემთვის ათამაშებდა - ეს მისი მეთოდი იყო. თუ პასს არ მომაწვდიდნენ, "შე შობელძაღლოო", უკმაყოფილოდ დაუყვირებდა - ასე იგინებოდა... და ასე, თითქოს ტვიფრავდა მომავალ წარმატებულ კალათბურთელებს (იცინის). მერე, 16 წლისა თბილისის "დინამოში" გადმოვედი. ჩვენი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი საოცარი კაცი იყო. ჩამოსვლისთანავე მითხრა: მე სულიკო თორთლაძე არ ვარ, ამიტომ თვითონ უნდა მოძებნო გუნდშიც და მოედანზეც საკუთარი ადგილიო. და ეს ძალიან წამადგა. 17 წლისამ მოსკოვის ცსკა-სთან თამაშისას მოსკოვში, ერთ მატჩში 59 ქულა მოვაგროვე, თანაც იმხანად 3-ქულიანი ტყორცნები არ იყო. ამას სენსაცია მოჰყვა. მახსოვს, გაზეთები აჭრელდა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა.

"საბჭოთა კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი" მიწოდეს პატარა ბიჭს, რუსული გვარის ქუთაისელ, "ზასტაველ" "ჭიჭიკიას" (იცინის). დიდი კალათბურთელის, ასევე ქუთაისელი მიხეილ ქორქიას გვერდით ვთამაშობდი და არ მავიწყდება, თვითონ კი არ ისროდა ბურთს კალათში, მე მაწვდიდა, რომ შანსი მოეცა... მას შემდეგ სსრკ-ის ნაკრებშიც ამიყვანეს და ხელფასიც დამინიშნეს - 300-350 მანეთი. "დინამოში" კი არაფერს მიხდიდნენ - საბჭოთა სინამდვილეში ორი ხელფასი არ შეიძლებოდა ისევე, როგორც არ შეიძლებოდა 2 ბინა

KvirisPalitra.Ge- ეს 100 კვმ ფართობის ოროთახიანი ბინა 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ მომცეს, თუმცა ამაზეც ერთი ამბავი ატყდა: ერთ კაცს (იმხანად დაოჯახებული არ გახლდით) ამხელა ბინა არ ეკუთვნისო (იცინის). არადა, მოგვიანებით შევიტყვე, რომ თბილისის "დინამოს" კალათბურთელებს, კაპუსტინსა და ბოროდაჩევს გაცილებით დიდი ხელფასი - 600-700 მანეთი ჰქონიათ, - თურმე მათი სპონსორი ლუდის ქარხნის დირექტორი ყოფილა, მე კი თავს ვიკლავდი მოედანზე, მთელ ენერგიას ვხარჯავდი, - სულიკო თორთლაძემ ასე გამზარდა, - და მხოლოდ ნაკრებიდან მიხდიდნენ. ისიც გამორიცხული იყო, ვინმეს მოვესყიდე, თუმცა დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ზოგიერთ მოთამაშესთან ხანდახან აწყობდნენ თამაშს, მაგრამ თანხის სანაცვლოდ-მეთქი, - ვერ დავიჩემებ (იღიმის)...

- გულშემატკივრის უარყოფითი დამოკიდებულებაც ხომ მოქმედებდა?

- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩემთვის არასდროს შეუგინებიათ, პირიქით, შეძახილებით ყოველთვის მამხნევებდნენ. ხშირად ჩვენს მოგებაში დიდი წვლილი სწორედ გულშემატკივრის მხარდაჭერას შეუტანია. თუმცა მიხეილ ქორქიას მონათხრობით ვიცი, ერთხელ გულშემატკივარმა როგორ გამოიყვანა წყობიდან: თამაშის დროს ვიღაცას ტრიბუნიდან ცოლი შეუგინებია მისთვის. მიშას მიუტოვებია თამაში, აჭრილა ტრიბუნაზე, 100 კაციდან ინტუიციით ამოუცნია ის ტიპი და კარგადაც მიუთეთქვავს (იცინის). მაგრამ ჩემს დროს ასეთი რამ აღარ ხდებოდა. სხვათა შორის, საფეხბურთო სტადიონებისგან განსხვავებით, ჩვენს თამაშებს ხშირად ქალებიც ესწრებოდნენ. უნდა გენახათ, ტაიმებს შორის რა პოდიუმი ეწყობოდა - თამაში ძირითადად ზამთარში გვქონდა და ქალები ქურქების ნაირ-ნაირ მოდელებს უჩვენებდნენ გულშემატკივარ მამაკაცებს (იცინის). არ დამავიწყდება, ჯარიმას ვისროდი, ფარს დავუმიზნე და... უცებ ფარს იქით, ტრიბუნაზე მდგომმა ქალმა ქურქი გადაიხსნა და სრულიად შიშველი მეჩვენა. გავოგნდი და ბურთი ისე ვისროლე, ლამის ყველა ტრიბუნას გადავაცილე (იცინის).

- რუსებს ან სხვა ქვეყნის კლუბებს არ უცდიათ თქვენი გადაბირება?

- 20-21 წლისას ბევრი მეხვეწებოდა, ძალიან კარგ პირობებსაც მთავაზობდნენ, მაგრამ არსად წავედი. ბევრჯერ მომიყოლია, რომ 17 წლის ვიყავი, თბილისში, ჩემპიონატის თამაშებზე სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელმა გომელსკიმ მამაჩემთან გასაუბრება ისურვა - უნდოდა, მოსკოვის ცსკა-ში გადავეყვანე. მამამ მოუსმინა და უთხრა: მე ვერ გადავწყვეტ, მამაჩემს ჰკითხეთ, საფიჩხიაზე არისო და ზურგი აქცია. გომელსკი დაიბნა, იწყინა, საფიჩხიასიც ვერაფერი გაიგო, მერე კი გაგიჟდა, როცა აუხსნეს: საფიჩხიის სასაფლაოზე გაგისტუმრათო,

- ასე "დელიკატურად" მიიღო მამაჩემისგან უარი სხვა გუნდში ჩემს გადასვლაზე (იცინის)... არაჩვეულებრივ კალათბურთელებთან მოვხვდი გუნდში: ზურა საკანდელიძე კარიერას ასრულებდა, მიშა ქორქიასთან ერთად კი ნაკრებშიც ვთამაშობდი, ამერიკაშიც ვიყავით ერთად... სხვათა შორის, ამერიკაში, სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ კლუბში შემომთავაზეს დარჩენა, მაგრამ იქაც უარი ვთქვი - რომ დავრჩენილიყავი, აქ ჩემს მშობლებს დაიჭერდნენ... 26 წლის ასაკამდე ბევრ რამეს მივაღწიე: მოვიპოვე მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, გავხდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და კიდევ ბევრს გავაკეთებდი, 1986 წელს სერიოზული ტრავმა რომ არ მიმეღო. ერთხანს ვისვენებდი. მერეც, მთელი დატვირთვით თამაში მიძნელდებოდა, თუმცა ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის კლუბებში თამაში მაინც შევძელი... სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავისრულე და საკუთარი საკალათბურთო დარბაზი არ მაქვს, მაგრამ    ამჟამად თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ბავშვებს ვავარჯიშებ,

KvirisPalitra.Ge- ძალიან მინდა, მათაც მიაღწიონ წარმატებებს, ამისთვის კი დიდი შრომა მოუწევთ. სხვათა შორის, ჩემი ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ჩემივე სეხნია ნიკოლოზ დერიუგინიც კალათბურთელია და ამერიკაში, დასავლეთ ვირჯინიის შტატში საკმაოდ წარმატებით თამაშობს, პარალელურად კი კოლეჯში სწავლობს. 2 მეტრი და 2 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ულამაზესია და საკმაოდ კარგ მოთამაშედაც მიიჩნევენ. სამწუხაროდ, აქ არ ათამაშეს, სულ სათადარიგოთა სკამზე ეჯდათ: სრულიად საკმარისია ერთი ვარსკვლავი დერიუგინი, მეორე არაფერში გვჭირდებაო. ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება... ახლა მეორე ოჯახი მყავს. ჩემი მეუღლე მადონა ცაავაა და მასთან 7 წლის ანა მყავს. ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ბევრ რამეს სწავლობს, სპორტულ ტანვარჯიშზეც კი დაგვყავს, თუმცა, მგონი, პოდიუმისთვის "ემზადება" (იცინის)...

- დღეს რომ იწყებდეთ თამაშს, სად იქნებოდით: აქ თუ უცხოეთში?

- საზღვარგარეთ ვითამაშებდი კონტრაქტით და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, თუმცა აქედან ნამდვილად ვერ გადავიხვეწებოდი. ისე კი, არ მოგატყუებთ: მაინც ის კოლია დერიუგინი მირჩევნია, 300 ლარი რომ ჰქონდა ხელფასი და მთელ საქართველოს რომ უყვარდა (იღიმის)...

ირმა ხარშილაძე