"ეს რა აკადრეს არზაყანს" - ძეგლის დადგმა 13.735 ლარი დაჯდა
27-07-2015
"ეს რა აკადრეს არზაყანს" - ძეგლის დადგმა 13.735  ლარი დაჯდა
"ადამიანი ლევილშია დაკრძალული და საქართველოში მემორიალი მე-8 "ატეკის" სასადილოს ეზოში დაუდგეს, ეს დაცინვა და უზნეობაა"

ზურაბ კოკაია: "ის ისწრაფვის ცისკენ და ორ ნაწილად არის გაყოფილი.... კლდის ნახეთქში ემუხვარის ზნეობრივი თვისებები და შინაგანი მრწამსია გადმოცემული"

"იმ ადგილას სხვა რამის გაკეთება, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა, არ მოუხდებოდა იქაურობას"


- ძეგლია თუ ქვის ნატეხი? ადამიანი ლევილშია დაკრძალული და საქართველოში მემორიალი მე-8 ,,ატეკის" სასადილოს ეზოში
დაუდგეს, ეს დაცინვა და უზნეობაა, - აღშფოთდა ხანში შესული მამაკაცი და ჭაღარა, თხელი წვერი ნერვიულად მოიქავა.    

- აბა, აბა... მაინტერესებს, რაზე ფიქ­რობდა ავტორი, ამ ძეგლზე რომ მუშაობდა?­ ერთი საათია მემორიალს ზევიდან, ქვევიდან და გვერდებიდან ვათვალიერებ, მაგ­რამ თავი­-ბოლო მაინც ვერ გავუგე. მე სოხუმელი­ ვარ და მრცხვენია, ეს რა აკადრეს არზაყანს, - მხარი აუბა იქვე მდგომმა მამაკაცმა.
როგორც ჩანს, სოხუმელს ძეგლზე კიდევ ბევრის თქმა სურდა, თუმცა­ მოულოდნელად შემამჩნია და ეჭვნარევი ხმით მკითხა:

- თქვენ ვინ ბრძანდებით, ქალბატონო, მერიიდან ხართ?
სანამ სოხუმელს ჩემს პროფესიას, წარმომავლობასა და ახალგახსნილ ძეგლთან მისვლის მიზეზებს ვაცნობდი, ხანში შესული­ მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა - "სამეული" ემუხვარის ცხოვრებასა და ჩვენ წინ აღმართულ შედევრზე, შიგადაშიგ თავის ქნევით, დიდხანს ვსაუბრობდით...

მართლაც, გასულ კვირას ვაშლიჯვრის დასახლებაში დედაქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზეიმოდ გახსნეს მემორიალი, რომელსაც უამრავი "დამთვალიერებელი" ჰყავს - ნამუშევარი უცნაური ფორმის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა. ნაწილი­ ფიქრობს, რომ არზაყან ემუხვარის ხსოვნისადმი მიძღვნილი კომპოზიცია უკეთეს ადგილს იმსახურებდა, ზოგი კი, ქანდაკების მთავარ გზავნილს საერთოდ ვერ ჩასწვდა. საბედნიეროდ, ძეგლის ავტორისა და დამკვეთებისგან განსხვავებით, ისტორიამ არზაყან ემუხვარს ღირსეული ადგილი მიაკუთვნა.

"კვირის პალიტრა" მემორიალური კომპოზიციის ავტორს, აფხაზეთიდან დევნილ, სოხუმელ ზურაბ კოკაიას დაუკავშირდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოე­ბის რეაქციამ გააკვირვა:

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმეს ამ კომპოზიციის გაგება და აღქმა გაუჭირდებოდა... ეს არის თითქოს ბზიფის­ ხეობის ნაწილი, კლდიდან მოგლეჯ­ილი ქვა, რომელიც ხელოვნურად დავამუშავე ასე. რადგან აზრის დეტალურად გადმოცემა დაგვჭირდა, ავხსნი: ის ისწრაფვის ცისკენ და ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი­ არის მისი დაბადება და ახალგაზრდობა, მეორე კი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა, რადგან ის გააქციეს სამშობლოდან. კომპოზიციაში ასევე არის დაუმუშავებელი ნაწილი, ანუ ის პერიოდი, როდესაც­ მან საქმეების დასრულება ვერ შეძლო, ებრძოდნენ და არ აცალეს. კომპოზიციაში, აგრეთვე ჩადებულია ორი მოძმე ერის, ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაც... როდესაც ამ კომპოზიციაზე დავიწყე მუშაობა, მის შთამომავალს ვკითხე,­ როგორ ხასიათი ჰქონდა-მეთქი და მითხრა, პრინციპული, მტკიცე და შეუვალი ხასიათის გამო, თანამოაზრეებმა კაცი-კლდე შეარქვ­ესო. ამიტომაც ვარჩიე კლდის ნახეთქში მისი ზნეობრივი თვისებებისა და შინაგანი მრწამსის გადმოცემა... იმ ადგილას სხვა რამის გაკეთება, ფოტოთი ან რამე სხვა ფიგურით, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, არ მოუხდებოდა იქაურობას".

"ეს პროექტი მთავრობის, მერიისა და საკრებულოს  ხელშეწყობით განხორციელდა"


მემორიალის საბოლოო ვარიანტის შერჩევამდე ჩატარდა თუ არა კონკურსი და რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მის შექმნაზე,­ ამის გასარკვევად თბილისის მერიას დავუკავშირდით. დეტალებზე დედაქალაქის არქიტექტორთან საუბარი გაურკვეველი მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ კი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ამ შინაარსის განმარტებითი წერილი მოგვაწოდა:

"მიმდინარე წელს აღინიშნება აფხაზეთის­ ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, საქა­რთველოს დამფუძნებელი კრების წევრის, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135 წლის იუბილე. დამოუკიდებელი საქართველოს განუყოფელ ნაწილად აფხაზეთის ქცევისა­ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემოვიდა შუამდგომლობით (მერიაში რეგისტ­რაციის #06/150551338-1), არზაყან (დიმიტრი)­ ემუხვარის მემორიალის მისივე სახელობის ქუჩაზე განთავსების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობამ თავადვე წარმოად­გინა პროექტი, რომელიც შპს "დიოსკურია­ 2012"-ის მიერ იყო შემუშავებული. პროექტის საერთო ღირებულება­ შეადგენს 13.735  ლარს. პროექტი საქართველოს მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს  ხელშეწყობით განხორციელდა"

არზაყან ემუხვარი

"ვინც საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიას იცნობს, მისთვის მათი განცალკევების წარმოდგენაც კი შეუძლებელია", - წერდა აფხაზი თავადი და სწამდა, რომ აფხაზეთის გადარჩენა მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიძლებოდა... მსგავსი დამოკიდებულების გამო მას აფხაზების ნაწილი მოღალატედაც კი მიიჩნევდა.

არზაყან ემუხვარი დემოკრატიული აფხაზეთის ჯერ ეროვნული საბჭოს, შემდეგ­ კი ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე­ გახლდათ. ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლისას ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და "მესამედასელებს" მიემხრო. ეს მართლაც გაბედული ნაბიჯი გახლდათ იმ აფხაზისა, რომელიც ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიანტი იყო. საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ მისი სტიპენდიანტი მღვდლად ეკურთხებოდა, წარჩინებულ მისიონერად მოევლინებოდა აფხაზეთს, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებდა და აფხაზთა გულსა და გონებას რუსეთის ინტერესებს დაუმორჩილ­ებდა. თუმცა არზაყანმა საზოგადო მოღვაწისა და რევოლუციონერის გზა აირჩია... ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის შემდეგ, რასაც აფხაზეთის გასაბჭოება მოჰყვა, იძულებული გახდა, პრაღაში ემიგრაციაში წასულიყო, სადაც თითქმის შვიდი წელი ქართულ კოლონიას ხელმძღვანელობდა. ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სახლს, სადაც არზაყანმა 1926-1933 წლებში იცხოვრა, მემორიალური დაფა დღემდე ამშვენებს. 1939 წლის მარტის დამდეგს მეგობრების­ თხოვნით, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა­ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო, არზაყან ემუხვარი პარიზში გაემგზავრა.

ის ქართულ ემიგრაციას, მათ შორის, აკაკი ჩხენკელს, კონსტანტინე კანდელაკსა და გრიგოლ ურატაძეს შეხვდა. სულ მალე კი პარიზის კლოდ ბერნარის კლინიკაში სისხლის მოწამვლის დიაგნოზით 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს. არზაყან ემუხვარი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, ნოე ჟორდანიას გვერდით არის დაკრძალული.

კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი რომანის "მთვარის მოტაცების" მთავარი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი სწორედ არზაყან ემუხვარი იყო. დიდმა კონსტ­ანტინემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის შვილს, ვლადიმერ ემუხვარს მისწერა კიდეც: "ჩემო პატარა ემუხვარო! ჩემს ნაწარმოებში "მთვარის მოტაცებაში" შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან, იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი.

ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ".
vaja17
30 ივლისი 2015 06:11
vaja 17-s-ს

ეხლაც ხომ ხარ თავის დროშით, ღერბით, ჯარით, კონსტიტუციით და არჩეული მთავრობით, იმიტომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ყურებიდან გადმოგდის! 
vaja 17-s
28 ივლისი 2015 11:19
გაგიტყდა ხომ დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ მესაძირკვლეს ძეგლი რომ დაუდგეს, რუსეთისგან დამოუკიდებელის (ახლა არ დამიწყო ბინძური საბჭოური კორიანტელი მაშინდელი საქართველოში ბრიტანეთის და საფრანგეთის და ა.შ. კოლონიური ინტერესები იდო, ალბათ რაღაც დოზით იყო ესეც, მაგრამ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყანა თავის დროშით, ღერბით, ჯარით, კონსტიტუციით და არჩეული მთავრობით); 
luxo
28 ივლისი 2015 09:58
unda geyos moTmineba sxvisi azri moismino, magram yvelafris gaziareba rodia aucilebeli.

რედაქტორის რჩევით