"სიცოცხლის უკვდავი ფორმულა იგივეა, რაც სიყვარულის ფორმულა" - კვირის პალიტრა

"სიცოცხლის უკვდავი ფორმულა იგივეა, რაც სიყვარულის ფორმულა"

23 თებერვალს გოგი გეგეჭკორი 87 წლისა გახდებოდა...

რუსთაველის თეატრში მსახიობების შესასვლელი კარიდან შევედი. გარეთ ციოდა, თეატრში კიდევ უფრო მეტად. იმ დროს მთელ ქალაქში არ იყო შუქი. და კიდევ... კარში მდგარ ადამიანს დაცვას კი არა, კარისკაცს ან ყარაულს ეძახდნენ. ახლანდელებისაგან განსხვავებით, მათ არც იარაღი ჰქონდათ და არც ათლეტურები იყვნენ.

რუსთაველის თეატრის კართანაც კარისკაცი იდგა. ჭაღარა, დაბამბულ ჯუბაში გახვეული. ვიდრე მე რესპონდენტს ველოდებოდი, სიგარეტით გაყვითლებული თითები პირთან მიიტანა, დაიორთქლა, მერე შემომხედა და ძველი დრო გაიხსენა...

კიდევ ერთხელ წარმომიდგა თვალწინ მაყურებლით გადავსებული დარბაზი. გარეთ დარჩენილი უბილეთო ადამიანები, თეატრის კართან მომლოდინე არტისტზე შეყვარებული გოგონები და ნაცნობობით კულისებში შეპარული შეყვარებული ბიჭები. მერე არტისტებზე დაიწყო მოყოლა... და უცებ სახე გაუნათდა, მსუქანი ლოყა ღიმილმა ჩაუჩხვლიტა:

- ადამიანს სალამზე იცნობ, - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა, - ახლა ზოგი ისე შემოვა, ზედ არ შემოგხედავს, ან სალამს ისე მოგიგდებს, ვითომ მისგან ფული გაქვს ნასესხები, შენ კი ვალს არ აძლევ, მაგრამ ის მაინც ადამიანად გთვლის რა! აი, გოგი გეგეჭკორია, შემოვა, ქუდს მოიხდის, ხელს ჩამომართმევს. ისე მომიკითხავს, გეგონება, შინაც სულ ჩემზე ფიქრობდა... გული ყელში მებჯინება. მინდა ყველაფერს მოვუყვე, შვილების ამბებიც ვუთხრა, შვილიშვილებისაც. ვხედავ, მიყურებს და ჩემში თავისნაირ კაცსა ხედავს. არა, განა არ ვიცი, რო მაგისნაირი არა ვარ, მაგრამ თვითონ იქცევა ისე, თითქოს დიდებულ კაცად ვეჩვენებოდე.

...

მეც მინახავს მოღიმარი არტისტი, უკვე ასაკში შესული, რუსთაველის პროსპექტზე მიმავალი როგორ ესალმებოდა შემხვედრებს, ზოგჯერ უცხოებსაც... როგორი კეთილი ნაოჭები უჩნდებოდა თვალის კუთხეებში... ხომ არ გაგიკვირდათ? მართლაც არსებობს "კეთილი" და "გაბრაზებული", "მოღიმარი" და "დაბოღმილი" ნაოჭები და ისინი თითქოს თავისას ჰყვებიან კაცზე. აბა, დააკვირდით და ნახავთ. განვლილი ცხოვრება რამდენიც უნდა მალო, ვერ დამალავ - ან ნაოჭები "გაგყიდის", ან სალამი.

გოგი გეგეჭკორი გულღიად ამბობდა გამარჯობას, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, არც ნაორჭოფარი ცხოვრება უმძიმებდა სულს და არც უსამართლო დიდება...

გოგი გეგეჭკორის მეუღლემ, ქალბატონმა ნათელა ურუშაძემ არაჩვეულებრივი სურათი აღიდგინა: თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე შალვა დადიანი იყო, ერთი დიდი ოთახი იყო კავშირში, ერთ კუთხეში თავმჯდომარე იჯდა, მეორეში - ანდრო თევზაძე - გამომცემლობის ხელმძღვანელი, მესამეში - ბუღალტერი... მახსოვს, გამომცემელთან მივედი, დავინახე, შალვა დადიანის მაგიდასთან ორი სავარძელი იდგა. ერთში აკაკი ხორავა ზის, მეორეში - ლადო გეგეჭკორი - ჩემი მამამთილი.

მეგრულად ლაპარაკობდნენ და იმ მეგრულს არაფერი ჰქონდა საერთო, ახლა რომ გაიგონებთ, იმ მეგრულთან. საოცრად  ჟღერდა მათი მეგრული.

მშვიდად გაიარა 80-მა წელმა. გოგი გეგეჭკორი არასოდეს ჩართულა ინტრიგებსა და დაპირისპირებებში, სწორედ იმ სიმაღლითა და სიდარბაისლით უყურებდა ყველაფერს, რომელიც ოჯახიდან ჰქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი.

თეატრში მთავარი როლი ჯერ კიდევ 1949 წელს ითამაშა დიმიტრი ალექსიძის "ნიკოლოზ ბარათაშვილში". უამრავი დიდი და პატარა როლი ჰქონდა შესრულებული. ყველა ერთმანეთზე საინტერესო და დასამახსოვრებელი.

რომელი ერთი უნდა დაასახელო: "სამანიშვილის დედინაცვალი", "საბრალდებო დასკვნა", "ჩემო კალამო", "ექიმი სტოკმანი", "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" თუ "ჰამლეტი"... უთუოდ გახსოვთ, უნიკალური მგელიც ლეგენდარული "ჭინჭრაქადან". სად მგელი და სად დახვეწილი, მორიდებული ინტელიგენტი - გოგი გეგეჭკორი. ვის დააჯერებ... რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ რამდენიმე კადრით შეიძლება ამ ფანტასტიკური სპექტაკლის აღდგენა. სპექტაკლის, სადაც დათვი - ეროსი, ტურა - ზინა კვერენჩხილაძე, მელა - მედეა ჩახავა და მგელი - გოგი გეგეჭკორი სიმღერას "ამუშავებენ". ნეტავი მას, ვისაც "ჭინჭრაქა" სცენაზე უნახავს, და "გვიან" არ დაიბადა, ჩემსავით ტელეკადრების ამარა არ დარჩა.

კინოფილმები, სადაც ხშირად ეპიზოდური როლი ჰქონდა, მაგრამ დღემდე გვახსოვს: "ჭრიჭინა", "აბეზარა", "კაცია ადამიანი?!", "ანთიმოზ ივერიელი". მერაბ კოკოჩაშვილის "არდადეგებმა" რომ ყველა ბავშვის გულის კარი გააღო, სხვათა შორის, მთავარი როლის შემსრულებლის - გოგი გეგეჭკორის დიდი დამსახურებითაც.

სიცოცხლის ბოლომდე ისეთი იყო, როგორიც ახალგაზრდობაში: მაღალი, მოხდენილი, ღიმილიანი. ცოტა ჭაღარა მოუმრავლდა და ეს თუ ჩაეთვლებოდა ცვლილებად.

...

საღამოს სპექტაკლია დანიშნული... რუსთაველის თეატრის შესასვლელთან ხვდებიან ერთმანეთს ელენე საყვარელიძე, მედეა ჩახავა და გოგი გეგეჭკორი თავის მეუღლესთან ერთად.

- მოდი, ფოტო გადავიღოთ, - მხიარულად ამბობს ერთ-ერთი... მაშინ ხომ ფოტოებს იშვიათად იღებდნენ დღევანდელისაგან განსხვავებით...

- გადავიღოთ...

ახალგაზრდები არიან, ბედნიერები, სიცოცხლით სავსენი. მედეა ჩახავას თვალებში ეშმაკუნები დაუხტის, დანარჩენებსაც ეღიმებათ... და ახალგაზრდა გოგი გეგეჭკორის თვალის კუთხეებში უკვე კრთის კეთილი, სიყვარულით სავსე პატარა ღარები და ამ დღიდან ათეული წლების მერე, 80 წლისა იტყვის:

- სიცოცხლის უკვდავი ფორმულა იგივეა, რაც სიყვარულის ფორმულა.

და ახლა, როცა გოგი გეგეჭკორი ჩვენთან აღარ არის, მენატრება რუსთაველის პროსპექტზე ჩავლისას მისი სალამი. მენანება ის კარისკაციც, თეატრის კარში რომ აღარ დგას და სალმიანი კაცის გამოჩენას აღარ შეჰხარის; მენანება სცენაც, იმ შტრიხის გარეშე, ბატონი გოგის ინტელექტი და კულტურა რომ სძენდა...