"უწმინდესი არასდროს ღელავს... ყოველთვის აქეთ გვამხნევებს" - რას ჰყვება პატრიარქის პირადი ექიმი - კვირის პალიტრა

"უწმინდესი არასდროს ღელავს... ყოველთვის აქეთ გვამხნევებს" - რას ჰყვება პატრიარქის პირადი ექიმი

"2008 წელს უწმინდესმა სტენტირება გაიკეთა. სწორედ სტენტებში იყო რაღაც პრობლემა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. ჩატარდა მარტივი პროცედურა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა."

საქართველოს სულიერ მწყემსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ჩვენი საზოგადოებისთვის სათუთი  და ფაქიზია. განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას ეხება.

უწმინდესი თითქმის ყოველ წელს მიბრძანდება ხოლმე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმურ სამედიცინო შემოწმებაზე. წელს პატრიარქი ბერლინში 14 ივლისს გაემგზავრა. ჩვენ ბერლინში პატრიარქის პირად კარდიოლოგს, შალვა პეტრიაშვილს დავუკავშირდით და უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ.

შალვა პეტრიაშვილი: - უწმინდესის კორონაროგრაფიული გამოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე.

- ჩვენი ინფორმაციით, 14 ივლისს პატრიარქი მორიგ გეგმურ გამოკვლევაზე გაემგზავრა. ეს პროცედურაც დაგეგმილი იყო?

- არა. 2008 წელს უწმინდესმა სტენტირება გაიკეთა. სწორედ სტენტებში იყო რაღაც პრობლემა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. ჩატარდა მარტივი პროცედურა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა.

- უწმინდესი მხნედ შეხვდა მოულოდნელობას?

- პატრიარქი არასდროს ღელავს. ძალიან ყოჩაღად და მხნედ არის, ჩვენგან განსხვავებით. ყოველთვის აქეთ გვამხნევებს.

- ამჯერად პრობლემა აღარ არსებობს?

- მისი ასაკიდან გამომდინარე, პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა, რისკები შემცირებულია...

ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს - მიუხედავად იმისა, გერმანელი ექიმები სხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან, დიდი მოწიწებით ექცევიან უწმინდესს და მის მიმართ უზომო ყურადღებით არიან განმსჭვალული.

- სად მკურნალობს პატრიარქი?

- ბერლინში არის უბანი ბუხი, სადაც მდებარეობს კლინიკა, ჰოსპიტალი "ჰელიოსი". ეს საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. უწმინდესი საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაბრუნდება.

ექიმის სულს მკურნალობდა...

მათ, ვინც უწმინდესისა და ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის ურთიერთობის შესახებ იციან, ხშირად უთქვამთ, ჩაფიძე - პატრიარქის გულს, უწმინდესი კი ექიმის სულს მკურნალობდაო... გულიკო ჩაფიძემ ორივე ვაჟი ნაადრევად დაკარგა, რის გამოც ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს. არაერთხელ უთქვამს, რომ საშინელი ტკივილი უწმინდესმა გაუყუჩა და სული გაუძლიერა.

"რეანიმაციაში ვმუშაობდი და მეგონა, მუდმივად სიკვდილთან ბრძოლით რაღაცას ვაშავებდი, რის გამოც შვილის სიკვდილით დავისაჯე. უწმინდესმა მითხრა, შენ ღმერთს უყვარხარ და შენი საქმე უნდა აკეთოო. არ მიპასუხა, რას გულისხმობდა ღმერთის სიყვარულში, მაგრამ მიმეორებდა, შენ აგირჩია და უნდა აკეთო შენი საქმეო. მეორე შვილიც რომ დამეღუპა, პატრიარქმა სამების დედათა  მონასტერში მიმიყვანა. იქ თვეზე მეტხანს დავყავი... ერთ საღამოს უწმინდესმა მითხრა, ხვალ დილით გერმანიაში მივფრინავ და შენც უნდა წამოხვიდეო. უჩემოდაც შესანიშნავად ჩაივლიდა ყველაფერი, მაგრამ მივყავდი არა თავისი თავისთვის, არამედ ჩემთვის, რომ ისევ დამეწყო მუშაობა. გერმანიიდან ადრე წამოსვლა კი აღარ დაუშლია, როდესაც ვუთხარი, იმიტომ მივდივარ, რომ შვილების საფლავი მენატრება-მეთქი... მან ჩემს სულს დიდი საყრდენი დაუდგა ღმერთის სიყვარულით".

რამდენიმე ეპიზოდი პატრიარქის ცხოვრებიდან

აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: - ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენც, მუსლიმანებსაცო?

ილია მეორე (მაშინ ჯერ კიდევ არქიმანდრიტი) 1963 წლიდან 1972 წლამდე მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ. სემინარია სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ახლოს 5-6 წლის გოგონა ცხოვრობდა. სემინარიის ეზოში ძველისძველი დიდი ქვევრები იდგა. ბავშვი ჩაძვრებოდა ქვევრში და საათობით ელოდებოდა არქიმანდრიტ ილიას ეზოში გამოსვლას. გოგონა მასთან მისვლას ვერ ბედავდა. ერთხელ უწმინდესმა შეამჩნია გოგონა, მივიდა მასთან, გაესაუბრა. ბავშვი გათამამდა, მუხლებზე ჩამოუჯდა და უთხრა: პაპა მღვდელო, რა ლამაზი ხარ! შენ ღმერთი ხარ?“უწმინდესს გულიანად გაეცინა: -არა, მე ღმერთი არა ვარო. გოგონა ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა: - თუ ღმერთი არა ხარ, მაშ, ასეთი ლამაზი რატომ ხარ? ალბათ, როგორი ლამაზი იქნება ღმერთი... უწმინდესი მას სულზე ესაუბრა. მალე გოგონამ დედასთან ერთად ტაძარში დაიწყო სიარული.

უწმინდესმა თავის საგალობელი: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!" ბათუმში დაწერა 1980 წელს. უწმინდესი ამბობდა, - ეს ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი იყო... როცა დაიღლებით, სიმძიმეს და გამოუვალ მდგომარეობას იგრძნობთ, ეს საგალობელი იგალობეთ და უფალი შეგეწევათო.

დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!