რატომ გაუგზავნა ლეხ კაჩინსკიმ გორელი გოგონას დედას პირადი თვითმფრინავი
27-07-2015
რატომ გაუგზავნა ლეხ კაჩინსკიმ გორელი გოგონას დედას პირადი თვითმფრინავი
ისტორია, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, თუმცა ის რეალობაა. როგორ შეცვალა გორელი გოგონას ცხოვრება 2008 წელმა და როგორ იქცა პოლონეთი მის მეორე სამშობლოდ, ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი...

2008 წლის 5 აგვისტო, სოფელი ერედვი. ეზოში გამოსული 14 წლის გოგონა ქუჩაში სამხედროებს ათვალიერებს. ბავშვური ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს. არა, ჯერ არ იცის, რომ სამშობლოს დასაცავად ეს ბიჭები სიცოცხლეს გაწირავენ და საქართველოს უახლესი ისტორიის გმირები გახდებიან. ის ცოცხალ გმირებს უყურებს, აგვისტოს
გმირებს!

7 აგვისტო, ერედვი...

სოფელში დარჩენილი ბავშვები, ქალები და მოხუცები სარდაფში იმალებიან. ყოველი აფეთქების ხმაზე შეშინებული გოგონა დედას ეხუტება და გრძნობს, პატარა გული როგორ ეკუმშება... სოფელი 8 აგვისტოს დატოვეს. ბერუაშვილების ოჯახმა თბილისში ერთ-ერთ შენობას შეაფარა თავი.

ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როდესაც პოლონეთის მთავრობის
ინიციატივით 300-მდე დევნილი მოზარდი ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ვარშავაში გაემგზავრა. მათ შორის იყო ეკა ბერუაშვილიც. ფსიქოლოგიური დახმარებისა და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა.

ეკას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ოპერაციამდე კი პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ბრძანება გასცა, მისი კუთვნილი თვითმფრინავით საქართველოდან ეკას დედა სპეცრეისით ჩაეყვანათ შვილთან.
ეკა ახლა 20 წლისაა. დღეს ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობას ეუფლება. არდადეგებს საქართველოში ატარებს და სწავლის დაწყებამდე ზაფხულში გორში რჩება. "კვირის პალიტრასთან" საუბარს ომის პერიოდის გახსენებით იწყებს.     

"ომი რომ დაიწყო, სოფელ  ერედვში რამდენიმე ოჯახი ვიყავით დარჩენილი. ორი დღის შემდეგ გორში ჩამომიყვანა დედამ და ახლობლის სახლს შევაფარეთ თავი. სარდაფში ჩვენთან ერთად 18 წლის ჯარისკაცებიც იყვნენ... გორი რომ დავტოვეთ, შემდეგ გავიგეთ, რომ  ჩემი სახლი მიწასთან იყო გასწორებული. სოფელი მთლიანად განადგურებულია. ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დავკარგე, აღარაფერი მქონდა, გარდა ბავშვური მოგონებებისა.  გორი 8 აგვისტოს დავტოვეთ. მანქანის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ყოველ წამს ველოდებოდი, როდის აგვაფეთქებდნენ... თბილისში ჩასულები სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეგვასახლეს. აგვისტოს ბოლოს გვითხრეს, პოლონეთის მთავრობას დევნილი ბავშვები სარეაბილიტაციოდ ვარშავაში მიჰყავსო. 300-მდე დევნილი ბავშვიდან ერთ-ერთი მე ვიყავი. ამ პროექტს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მალგოჟატა გოშევსკა, რომელიც ამჟამად პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი გახლავთ. ყველა ბავშვს სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვიტარდა. მაშინ გავიგე, რომ გულზე პრობლემები მქონია. თურმე კაპილარი ჩაწყვეტილა და სისხლი ორგანიზმში იღვრებოდა. ოპერაციის დროს მარტო რომ არ ვყოფილიყავი, პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბატონმა ლეხ კაჩინსკიმ, ჩვენი ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით დედას პირადი თვითმფრინავი გამოუგზავნა და ვარშავაში ჩამოიყვანეს. ამისთვის მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები".“ 

მაყვალა ბერუაშვლი, ეკას დედა: "არ ვიცოდი, ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა თუ ჰქონდა... ეკა წავიდა და რამდენიმე დღეში საელჩოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, ეკას გულზე ოპერაცია უნდა გაუკეთდესო. წარმოიდგინეთ, იმ უბედურების გამოვლის შემდეგ, მარტოხელა დედას ერთადერთ შვილზე რომ გეუბნებიან, ოპერაცია სჭირდება, რომ გადარჩესო. იმ დღესვე დამირეკა ჩვენმა ელჩმა, კოტე ქავთარაძემ და მითხრა, ოპერაციის დროს შვილის გვერდით იქნებითო. მართლაც, მეორე დღესვე ჩამოფრინდა პრეზიდენტის თვითმფრინავით  ქალბატონი მალგოჟატა გოშDევსკა და წამიყვანეს ვარშავაში. ოპერაციის შემდეგ ერთი თვე საქართველოს ელჩის სახლში ვცხოვრობდით, თვითონ საელჩოში რჩებოდა. ეკა მონათლული არ იყო და ოპერაციის შემდეგ ჩემი შვილის ნათლია სწორედ ბატონი კოტე ქავთარაძე გახდა.  მიუხედავად ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობისა, ქართულმა მხარემ ძალისხმევა არ დაიშურა ჩემი შვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეექმნათ ის პირობები, რაც სჭირდება ოჯახს ცხოვრებისთვის".

ეკა ბერუაშვილი: "ომის შემდეგ პოლონეთმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავიწყე პოლონური ენის შესწავლა. რამდენიმე წლის შემდეგ, სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში გამარჯვების შემდეგ, რამდენჯერმე კიდევ ჩავედი პოლონეთში. დღეს  ვარშავის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ.
ხშირად მეკითხებიან, პოლონეთში აპირებ დარჩენასო? ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: არა! დავბრუნდები და მიღებულ ცოდნას ჩემს ქვეყანას მოვახმარ.
ახლა უკვე ორი სამშობლო მაქვს, საქართველო და პოლონეთი. მყავს ორი მისაბაძი მაგალითი: დედაჩDემი და ქალბატონი მალგოჟატა გოშევსკა. ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებს".

ლეხ კაჩინსკის უკანასკნელი საჩუქარი

ბერუაშვილების ოჯახში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, პირადი კალამი ინახება, რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერა აქვს გრავირებული.   
"ეს ნივთი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სიცოცხლეში მისთვის მადლობის თქმა ვერ მოვახერხე. როდესაც გავიგე, რომ ტრაგიკულად დაიღუპა, პოლონეთის საელჩოსთან მივიტანე ყვავილები და სამძიმრის წიგნში მისი ნაჩუქარი კალმით დავწერე გამოსამშვიდობებელი წერილი. მაშინ დავიფიცე, რომ ოდესღაც მის საფლავზე აუცილებლად მივიდოდი. ახლა რამდენჯერაც ვახერხებ კრაკოვში ჩასვლას, ყოველთვის მივდივარ მის საფლავზე და ყვავილები მიმაქვს. გავიცანი ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი, რომელმაც მისახსოვრა მისი საავტორო წიგნი "როგორ გავხდე ლიდერი" მისივე ავტოგრაფით:„"გისურვებ წარმატებას, საუკეთესო სურვილებით! იაროსლავ კაჩინსკი". მასთან კონტაქტი დღემდე მაქვს. მას ყოველთვის ვახსოვვარ, ხშირად მკითხულობს. ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ბატონი ლეხ კაჩინსკის ღვაწლი და ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს 2008 წელს გამოუცხადა".

იუჟეტი იხილეთ "პალიტრა TV"-ზე
თორნიკე ყაჯრიშვილი
Davit Svanidze
31 ივლისი 2015 22:20
უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! შენი ნებართვით მადლობას ვუხდი კაჩინსკების ოჯახს და მთელ პოლონეთს!!!
რუსეთურმებო
30 ივლისი 2015 10:58
ხოო,პუტინი გააკეთებდა ამას. მართმადიდებელია და მიტო
irma
30 ივლისი 2015 10:12
უთვალავ წარმატებას და სიკეთეს გისურვებ ჩემო კეთილო...,,სანთელ-საკმეველი თავის გზა -კვალს არ დაჰკარგავს''!!!

რედაქტორის რჩევით