"მე მესროლონ რუსებმა!" - კვირის პალიტრა

"მე მესროლონ რუსებმა!"

ცნობილ მომღერალსა და ქართველებისთვის საამაყო ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. მოზღვავებული ემოციების გამო ჩვენი საუბარი არაერთხელ შეფერხდა...

- ძალიან დიდ განცდებში ვარ და ძალიან გაბრაზებული! ვგიჟდები პირდაპირ! ახლაც რომ გესაუბრებით, სულ ჟრუანტელი მივლის. არანორმალურად შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე! ჩემი ქალაქი მიყვარს უზომოდ! თუმცა, ბოლო დროს მგონია, ჩემს თბილისში კი არა, სხვა ქალაქში ვცხოვრობ! როცა ახალ მშენებლობებს ვხედავ, ცუდად ვხდები. თითქოს ხომ აშენებენ, მაგრამ ეს ქალაქის დანგრევაა. ისედაც პატარა ადგილი უჭირავს, და ამ ქალაქის მთებზე რომ წამომიყუდებ ამხელა სახლებს, როგორ შეიძლება, გული არ გამისკდეს?! აბაშიძის ქუჩაზე ისეთი სახლები შენდება, შეიძლება თავი მოიკლა ადამიანმა! მე მთაწმინდაზე დავიბადე და ცოტა ხნის წინ ეკას ვუთხარი, ძალიან მენატრება, დედიკო, იქაურობა, ამიყვანე კოტე მესხის ქუჩაზე, გეხვეწები-თქო... მინდოდა ის ძველი თბილისი მენახა, ძველი შენობებით... ამიყვანა ეკამ და ახლაც გულამოსკვნილს მეტირება, რადგან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა ვიამაყო მისით. ბავშვობიდან თბილისი კარგად მახსოვს: პატარა ქალაქი ერთი ოჯახივით იყო, ცოტა მანქანა დადიოდა. რა თქმა უნდა, ცხოვრების ტემპს უნდა აჰყვე, დროს მოაქვს სიახლეები და ახლის მიღება თავის დროზე პარიზშიც გაუჭირდათ - ეიფელის კოშკი რომ დადგეს, ჭკუიდან გადადგა ხალხი, თუმცა, ახლა სიმბოლოა ქალაქის, მაგრამ თბილისში რაღაც საშინელება შენდება. მაპატიონ მათ, ვისაც მშენებლობა ეხება, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: ამ ხალხს ძალიან არ უყვარს ქალაქი, მხოლოდ ფული უნდათ! ვინმე თუ იტყვის ჩემზე, რა მკაცრად გამოდისო, ვეტყვი, რომ მე ჩემი ქალაქის სიყვარული მალაპარაკებს! ჩემი სამშობლო, ჩემი ქალაქი და ჩემი ოჯახი - ეს სამი რამ მასულდგმულებს!

არ მინდა ისე ჩანდეს, თითქოს მხოლოდ  მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და სხვას - არა. ყველა პატრიოტია თავისი ქვეყნის და ვინც უცხოეთშია წასული, მეტად უყვართ და ენატრებათ თავიანთი მიწა-წყალი...

- ახლახან თბილისს სტიქია რომ დაატყდა თავს, ალბათ, ძალიან განიცადეთ...

- იმ დროს დაღესტანში სცენაზე ვიდექი, კონცერტი მქონდა და არაფერი გამიგია. მეორე დღეს გავიგე და ვინც კი ჩემ გვერდით იყო, ყველა ჩემს დაწყნარებას მოუნდა. მემუდარებოდნენ, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნებაო. გავგიჟდი და ახლაც ვერაფრით ვიკავებ თავს, რომ არ ვიტირო...

თავად წვერში მაქვს აგარაკი. 25 წლის წინ შევიძინე და ვგიჟდები იქაურობაზე, ენით აუწერელი სილამაზეა. სულ ვეხვეწებოდით რაიკომის მდივნებს, გზა გაეკეთებინათ, რადგან ნაპრალებიან გზებზე დავდიოდით. იქ არც წყალია, არც გაზი, არც მაღაზიები, მაგრამ თავისი სილამაზით უზომოდ გიზიდავს. სულ ხელოვანები ისვენებდნენ, რომლებსაც ფული არ ჰქონდათ, თორემ ვინმე მილიონერი რომ ყოფილიყო, გზასაც გააკეთებდა... იქნებ მოხერხდეს და გზა გაკეთდეს, სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს. წყალიც არ არის, მაგრამ სულ იქ მინდა ყოფნა, ვეთიშები ყველაფერს. ოთხივე მხრიდან მთაა, არაჩვეულებრივი ჰაერია და სამკურნალო მდინარე ვერე. ამ მდინარეში ვბანაობდით სულ...

- ქვეყნის დიდი ტკივილია ისიც, რომ ისევ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია...

- დიახ, ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამწარებული ვარ. ჩემი შუათანა შვილიშვილი რაღაც საზოგადოებაშია, სულ იქ დადის და ეხმარება მოსახლეობას. საჭმელი მიაქვთ, მოხუცები თბილისში ჩამოჰყავთ... ეს ახალგაზრდები კიდევ უფრო გამწარებული არიან, გიჟებს ჰგვანან, რადგან ყველაფერს თავისი თვალით ხედავენ. მეც წავიდოდი იქ, მაგრამ არავინ წამიყვანს...

ომი რომ იყო, 11 აგვისტოს ჩამოვფრინდი და როცა თქვეს, ქალაქში შემოდიანო, სინდისს გეფიცებით, თუ რამეს ვამატებდე, ვამბობდი, გავალ და პირველ ხაზზე დავდგები-მეთქი! მერე რა, მესროლონ, ხომ გამოჩნდება, მათ რა ჩაიდინეს-მეთქი! არაფრის არ მეშინია, რადგან შინაგანად ძალიან უშიშარი ვარ! ახლაც შემიძლია წავიდე და წინა ხაზზე დავდგე! მე ასე მწამს! არ მიყვარს ასეთი გამოსვლები, ჟანა დ,არკი ხომ არ ვარ, მაგრამ თუ რამ ეშველება ჩემს სამშობლოს, ყველაფრისთვის მზად ვარ! იქ დავდგები წინა ხაზზე, მაგრამ ქალების ქუჩაში გამოსვლებსა და მიტინგებს ვერ ვუძლებ...

- მიიჩნევთ, რომ არსებობს ორი რუსეთი?

- დიახ! რუსეთში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, ისინი არაფერ შუაში არიან... ომის შემდეგ რუსეთის დიდ ქალაქებში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვაგან კონცერტი აღარ გამიმართავს. შინაგანად ვერაფრით გადავლახე... თუმცა, ეს არის ჩემი ლუკმაპური და არ შეიძლება გავჩერდე. ამიტომ დავბოდიალებ სადღაც, პატარა ქალაქებში... როდესაც "თბილისოს" ვმღერი, გეფიცებით, ყველგან ფეხზე დგებიან. ყველა კონცერტს ამ სიმღერით ვამთავრებ. კივიან და არის ერთი ამბავი. სულ ვფიქრობ, ამ ხალხს რას ვერჩი, რომ არ ვიმღერო-მეთქი... პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, რადგან ძალიან ბევრ რამეზე წარმოდგენა არ მაქვს. ბევრი რამ კეთდება არასწორად და ვერ გავერევი ამ ჭუჭყში... საშინელება ხდება რუსეთშიც და უკრაინაშიც. უკრაინაში რაღაც კლუბია ჩემი სახელობის და იქ რომ ვეკითხები, მითხარით, რა ხდება-მეთქი, გაგიჟებული არიან, - ნანი, ვერც კი წარმოიდგენ, რა პროპაგანდა მიდის ჩვენს წინააღმდეგო. უკრაინაშიც არიან ისეთები, რუსეთს რომ ემხრობიან...

- რუსეთში ალბათ, ბევრი კარგი მეგობარი გყავთ...

- ყველგან არის კარგი, ცუდი და საუკეთესო. რუსეთში საოცრად კარგი ახალგაზრდობაა, პროგრესულად მოაზროვნე. მათთან შეხვედრა ძალიან მახარებს. არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთი შევიჯავროთ. სიძულვილით არსად არავის არაფერი უშენებია. სიკეთე ვაკეთოთ და ყველასთვის კარგი იქნება. ვერ მოილაპარაკეს მთავრობებმა და ხალხი იჭყლიტება. მეუბნებიან, ოპტიმისტი ხარო, მაგრამ ესეც თუ დავკარგეთ, მაშინ მოგვიკლავს თავი...

მანანა გაბრიჭიძე