"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"
"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"
"წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი"
13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიისას დაკარგულებს ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი სერგი კაპანაძეა, რომელიც იმ საღამოს, დებ ზარანდიებთან, ერთად სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი
დები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს მაგრამ, სერგის ძებნა დღემდე გრძელდება. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, ამ ცოტა ხნის განცხადებაც გაავრცელეს: "ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდეთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ფოტოებს. თუ ვინმე
შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც, სავარაუდოდ, ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის, გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე 04 31 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს."


ნინო თევდორაძე სერგი კაპანაძის ბებია:
- სერგი ობლად გავზარდე, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ ეს პატარა მდინარე წამართმევდა. ყველაფერს ვაკეთებდი რომ კაცი გამოსულიყო, გზაში რომ მომყვებოდა ყველა ეფერებოდა ანას შვილიაო და ისე უხაროდა დედაზე კარგს რომ ეუბნებოდნენ. სკოლაშიც კი ხელჩაკიდებული მიმყავდა და მომყავდა, ხელს არ ვუშვებდი, ერთი შვილი მყავს და ყველამ იცის რომ სერგი მაინც პირველი იყო. გთხოვთ, მიშველეთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ ჩემი დახატული ბიჭი! აღარ ვიცი როგორ ვიტირო ჩემი ბიჭი, ეკლესიაში ლოცვებში ვიხსენიებ, როგორც გზააბნეულს და ვეღარ ვხვდები როგორ ვიტირო, მკვდარია, თუ - ცოცხალია..
ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვფიქრობთ, რომ იქნებ სტრესზე ან დაშავების გამო ამნეზია დაემართა... მე და სერგის ძმა იმასაც კი ვფიქრობთ, რომ გავყვეთ მტკვრის ნაპირს და აზერბაიჯანის საზღვრამდე მივიდეთ. იქნებ, მოვძებნოთ, ან იქნებ, ვინმემ რამე ახალი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გაგვაგებინოს. ბავშვს შორს არსად ვუშვებდი. სერგის დიდი გეგმები ჰქონდა. მოსკოვში უნდოდა წასვლა, მაგრამ მე მეშინოდა იქ სკინჰედებთან არ შექმნოდა რაიმე პრობლემა. თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მეგობარს აცილებდა გერმანიაში.
არავინ გვეხმარება სერგის მოძებნაში, ვიღას მივმართოთ არ ვიცი. მესმის, რომ სტიქიას ვერავინ ვერ დაუდგება წინ და ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ ხომ იცოდნენ რომ ასეთი მდგომარეობა იყო, გზები მაინც გადაეკეტათ...
ინდირა და ლიზა ზარანდიები

- რა კავშირი ჰქონდა სერგის დებ ზარანდიებთან?

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი და ახალი გაცნობილი ჰყავდა, რომელმაც იმ დღეს გადაწყვიტა, რომ სერგი თავისი დისა და მისი შეყვარებულისთვის გაეცნო. რომ დაურეკეს, სერგი სახლში იყო. თავსხმა წვიმაში წავიდა მათთან შესახვედრად. გვპირდებიან, რომ პოლიციაშიც გაავრცელებენ ინფორმაციას, როგორც დაკარგულზე და დაგვეხმარებიან, მაგრამ პოლიცია კარდაკარ ხომ ვერ ივლის, ამიტომ უბრალო მოქალაქეების იმედი მაქვს. ეს მთავრობაც არაფერს აკეთებს, კარგი იმ მთავრობამ თუ უჭკუოებით გაიყვანა გზა შუა მდინარეში, ამათ მაინც გაეკეთებინათ რაიმე. სერგის ძმამ ბევრი მიმართვა გაავრცელა მაგრამ უშედეგოდ. ისევ მედიის და ხალხის იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებიან. მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ სერგი ცოცხალია და ვავრცელებთ სურათს, იქნებ ვინმემ იცნოს გზააბნეული და დაგვირეკონ, უკვე აღარ ვიცი ჩემი ბიჭი როგორ ვიტირო...

"კვირის პალიტრასთან" სერგი კაპანაძის და მედეა კაპანაძე ამ ცოტა ხნის წინ ყვებოდა: "სერგი ჩემი ნახევარძმაა, წლინახევრის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. 4 წლის მერე შეირთო მამამ მეორე ცოლი. ორი და და ორი ძმა ვიყავით. სერგი ქუთაისში, დედის ძმასთან, ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. მამამ იცოდა, რომ სერგის არაფერს აკლებდნენ, აქეთ წამოყვანის უფლებას კი არ აძლევდნენ, ამიტომ ელოდებოდა იმ ასაკს, როცა შვილთან დალაპარაკებას შეძლებდა. ჩვენც ერთი სული გვქონდა, როდის გავიცნობდით. 16 წლის იყო, რომ წამოვიყვანეთ და მას მერე მთაწმინდაზე ბედნიერად ვცხოვრობდით. დედაჩემთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. უსაზღვროდ თბილი და მზრუნველი იყო. ჩემი მშობლები რუსეთში იყვნენ, იქ გაიგეს ეს ამბავი. მამას ვუმალავდით, რადგან გვეგონა, სერგი გამოჩნდებოდა. ინტერნეტით გაიგო და სასწრაფოდ ჩამოვიდა. აეროპორტში ტირილით მოდიოდა, ყველა გზას უთმობდა. ვცდილობთ, გავამხნევოთ, მაგრამ არ გამოგვდის. გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა ტატო იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის. ახლაც იქ არიან. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს ხმას მოგვაწვდენდა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, ცურვაც იცოდა, საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, ვიცი, ვერავის მიატოვებდა საფრთხეში."

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)




!
27 ივნისი 2017 12:52
მხოლოდ თქვენ არ დაკარგეთ ,საქართველომ დაკარგა შესანიშნავი ახალგაზრდა
......
27 ივნისი 2017 12:26
გისურვებთ გეპოვოთ ჯანმრთელი
და უვნებელი
...
15 ივნისი 2017 10:48
Gmerto gaadliere es xalxi sergi ki tu cocxalia da sadmea apovnine mis damwuxrebul ojaxs da axloblebs

რუბრიკის სხვა სიახლეები