"განგაშის ზარია შემოსაკვრელი" - რას ჰყვებიან ლუდომანიის ჭაობში ჩაძირული ცნობილი ადამიანები - კვირის პალიტრა

"განგაშის ზარია შემოსაკვრელი" - რას ჰყვებიან ლუდომანიის ჭაობში ჩაძირული ცნობილი ადამიანები

"ამ მარაზმს მომავალი ეწირება და პრობლემაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია!"

რას ჰყვებიან ლუდომანიის ჭაობში ჩაძირული ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა შეძლეს

ბოლო დროს აზარტული თამაშების მოყვარულები იმდენად მომრავლდნენ, რომ ლუდომანია სოციალური პრობლემა გახდა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს შეეხო და შესაძლოა ქვეყნის მომავალიც კი შეეწიროს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს სახელმწიფოც ახალისებს, რადგან სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სოლიდური თანხები ირიცხება.

"კვირის პალიტრამ" ამ თემას არაერთი სტატია მიუძღვნა. მოქალაქეები რედაქციაში რეკავენ და გვიამბობენ, თუ როგორ ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას და რა ძნელია ეს სახელმწიფოში, სადაც აზარტული თამაშებით ცდუნებისგან დამცავი მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს, ათასობით გაუბედურებული ოჯახისა და აზარტს შეწირული უამრავი ადამიანის ხარჯზე რომ ივსება ბიუჯეტი, არავის ანაღვლებს...

რამდენად შესაძლებელია აზარტულ თამაშებზე ფსიქოდამოკიდებულების მოხსნა და რა ზიანი მოაქვს აზარტს ლუდომანებისთვის, "კვირის პალიტრასთან" საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საუბრობენ:

"დაამარცხეთ კაზინო და საკუთარ თავზე გაიმარჯვეთ!"

მაია კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი: - საოცრად აზარტული ვარ. ერთი წლის განმავლობაში კაზინოში ინტენსიურად ვთამაშობდი, თუმცა როგორც ყველა, საბოლოოდ, მეც წაგებული და მოტყუებული დავრჩი. კარგად მახსოვს, ხუთი წლის წინ ჩემმა მეგობრებმა ერთ-ერთ სამორინეში ცხელი შოკოლადის დასაგემოვნებლად მიმიწვიეს. დავთანხმდი და კაზინოში წავყევი. ცოტა ხანში 25-დოლარიანი ორი ცალი ფიშკა მაჩუქეს, ტყუილად ხომ არ იჯდები, შენც გაერთეო. მეც თამაში დავიწყე და მას შემდეგ ჩემი ყოველი დილა კაზინოთი იწყებოდა.

კაზინო ორი კატეგორიის ადამიანებისთვის არის შექმნილი: მდიდრებისა და ღარიბებისთვის. მდიდრები სამორინეში გასართობად შედიან, ღარიბები - ფულის საშოვნელად, მაგრამ შენობიდან ორივე წაგებული გამოდის, იქ მოგება შეუძლებელია! თუ ერთხელ გაგიმართლა და თანხა მოიგე, ასჯერ მეტის დატოვება მოგიწევს - ეს კაზინოს დაუწერელი კანონია!

პირადად მე დაახლოებით ათი ათასი ლარი წავაგე.

- საქართველოში ლუდომანთა უმრავლესობა კაზინოში თამაშის სანაცვლოდ მზად არის, ოჯახი და სახლიც დათმოს...

- როგორც ბავშვობაში თოჯინებით თამაში არ გბეზრდება, კაზინოსაც ვერ შორდები და ბოლოს ეს გართობა საგანგაშო სახეს იღებს. მე არასდროს არაფერი დამილომბარდებია, მაგრამ

მინახავს ადამიანი, რომელიც კაზინოში სათამაშო ფულის სანაცვლოდ ცოლ-შვილის გასაყიდადაც კი მზად იყო. ასევე ვიცნობ ადამიანს, რომელმაც სახლიდან ყველაფერი, მათ შორის, ჭურჭელიც კი, გასაყიდად ბაზრობაზე გაზიდა და მთელი თანხა კაზინოში წააგო.

- კაზინოში თქვენთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც თამაშობდნენ?

- მეგობრები, რომლებმაც კაზინოში ცხელი შოკოლადის დასაგემოვნებლად დამპატიჟეს, დღემდე საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ. საბედნიეროდ, ამ მარაზმს მათ თავი დააღწიეს.

ყველაზე დიდი საშინელება მაინც ის არის, რომ ამ უბედურებით პატარა ბავშვები იწამლებიან.

ბათუმში ბევრი ოჯახი ვიცი, რომელთა შვილებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები მოიპარეს და სათამაშო აპარატებში წააგეს. თუ ახალგაზრდებმა ვერ გაიაზრეს, რამდენად დიდ პრობლემაში აქვთ თავი გაყოფილი, მომავალს დაინგრევენ. სამწუხაროდ, ბევრი სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს.

ერთ საღამოს, როდესაც კაზინოსგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი, ქალის ყვირილმა გამომაფხიზლა - სიმპათიური ახალგაზრდა ქალი კრუპიესა და ირგვლივ მყოფებს უშვერი სიტყვებით აგინებდა, ცოტა ხანში კი "რულეტკაც" დალეწა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, რამდენიმე ათასი ერთ ღამეში წაუგია. წარმოიდგინეთ, ახლა რამდენად სერიოზულ პრობლემაზე ვსაუბრობთ.

საბედნიეროდ, ოთხი წლის წინ გამოვედი და მას შემდეგ სამორინეში თამაშის სურვილი აღარ გამჩენია.

ამ გადაწყვეტილებამდე საკუთარი ძალით უნდა მიხვიდე! დაამარცხეთ კაზინო და საკუთარ თავზე გაიმარჯვეთ!

"ფულის საშოვნელად უამრავი საზიზღრობა გამიკეთებია"

ნიკა გრიგოლია, ტელეწამყვანი: - აზარტი სიყვარულსა და ურთიერთობაში კარგია, მაგრამ კაზინოში - დამღუპველი! პირველად კაზინოში 2008 წელს, ლას-ვეგასში ყოფნისას ვითამაშე. მანამდე ისიც კი არ ვიცოდი, სამორინე როგორი იყო.

ერთხელ თამაშიც კი საკმარისია, რომ ცხოვრება დაინგრიო. მე ორი წელი თავგადაკლული მოთამაშე ვიყავი. კაზინო მხოლოდ ფინანსურად კი არა, მორალურადაც მანადგურებდა. ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, საოცრად მრცხვენია. ფულის გარდა, ნებისყოფა, ხასიათი და რაც მთავარია, დრო წავაგე, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებ.

სანამ ვერ გავაცნობიერე, რომ სრულ მარაზმში ვიყავი, ამ მძორ საქმეს თავი ვერ დავანებე.

- როგორც ერთ დროს აზარტული თამაშების მოყვარულს, შეგიძლია განმარტო, რატომ იზიდავს ადამიანებს კაზინო?

- კაზინოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ რეალობას აბსოლუტურად მოსწყდე. შენობას არა აქვს ფანჯრები, ვერ ამჩნევ, დაღამდა თუ გათენდა.

როდესაც მოპოვებულ თანხას აგებ, რევანშის სურვილი გიჩნდება, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებ, რომ შენ მხოლოდ მორიგი მსხვერპლი ხარ.

ლას-ვეგასიდან რომ ჩამოვედი, კაზინოში სისტემატურად დავდიოდი. ორი წლის განმავლობაში თუ რამე დანაზოგი და ხელფასი მქონდა, ყველაფერი წავაგე. სამი წლის წინ წაგებულ ფულს დღესაც ვიხდი, მაგრამ გული მაინც დაკარგულ დროზე მწყდება, კაზინოში დაკარგულ ვერც ერთ ღამეს ვერ დავიბრუნებ. ფულის საშოვნელად უამრავი საზიზღრობა გამიკეთებია. ბევრი რამ გავყიდე, ერთადერთი, თავი არ მომიკლავს. ერთხელ მეგობარმა, რომელმაც ჩემი პრობლემების შესახებ იცოდა, მითხრა, მაინც ყოჩაღი ხარ, შენს ადგილას მე თავს მოვიკლავდიო.

- როგორ შეძელი ამ დამოკიდებულების დამარცხება, თუ კაზინოში თამაშის სურვილი დღესაც გიჩნდება?

- ფსიქოლოგისთვის არ მიმიმართავს, მისგან თავის დაღწევა თავადვე შევძელი.

ახლა ქუჩაში რომ დავდივარ, კაზინოებისკენ გახედვის სურვილიც კი არ მიჩნდება, სამორინეების რეკლამებზეც ცუდად ვხდები.

- არ ფიქრობ, რომ სათამაშო ბიზნესი სახელმწიფოსგან წახალისებული არ უნდა იყოს და რეგულაციების შემოღება აუცილებელია?

- მხოლოდ სახელმწიფო კი არა, ყველა, ვისაც ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლია, მაგრამ ფინანსური სტაბილურობის გამო არაფერს აკეთებს, უამრავი ადამიანის ცხოვრების გაუბედურებაში პირადად არის დამნაშავე. ამ მარაზმს მომავალი ეწირება და პრობლემაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია!

მეზობელ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია, ჩვენს ქალაქში კი ნებისმიერ კუთხეში მხოლოდ კაზინოების სარეკლამო ბანერებს შეხვდებით.

იმის გამო, რომ მეც ვთამაშობდი, კარგად ვიცი, ეს ქვეყნისთვის რამდენად სერიოზული პრობლემაა. მერწმუნეთ, ლუდომანია ნარკომანიაზე დიდი უბედურებაა. რაც მთავარია, ბოლო დროს ონლაინკაზინოებიც გაჩნდა, სადაც სხვისი პირადობით დარეგისტრირება ნებისმიერ მცირეწლოვანს შეუძლია. ჩემი 12 წლის შვილიც კი არ არის დაცული ამ მარაზმისგან. განგაშის ზარია შემოსაკვრელი, თაობა იწამლება, ბევრი თვითმკვლელობამდე მიდის, ნაწილი სხვის მკვლელობაზეც თანახმაა, ოღონდ სათამაშო ფული იშოვოს. ყველა მოთამაშეს მივმართავ: ამ არარსებულ იმედს თავი დაანებეთ. თქვენი უბედურების ხარჯზე ვიღაცები მდიდრდებიან!

რუსუდან შელია