როგორ გახდა ბიანკა ბალტის ქართველი ფანი ყველასთვის საოცნებო ქალის სოციალური მედიის მმართველი
03-08-2015
როგორ გახდა ბიანკა ბალტის ქართველი ფანი ყველასთვის საოცნებო ქალის სოციალური მედიის მმართველი
"იცით, ბიანკა ცხოვრებაში გაცილებით ლამაზია"

"ბიანკამ დამირეკა, აზერბაიჯანში მოვფრინავ,  მინდა, შენც ჩამოხვიდე და გავიცნოთ ერთმანეთიო"

ბიანკა ბალტის, "დოლჩე და გაბანას" სახეს, მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. იგი პოპულარობის ზენიტშია­ და ბევრისთვის მიუწვდომელი ოცნებაა. ჩვენს 23 წლის რესპონდენტს, გიორგი პაპიძესაც ულამაზეს მოდელზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, თუმცა რა იცოდა, ბედი რა სიურპრიზს უმზადებდა - გასული წლიდან გიორგი ბიანკას სოციალური მედიის მმართველად დაინიშნა...

გიორგი პაპიძე: - დღეს ყველა მამაკაცისთვის სანატრელი ბიანკა ბალტი პირველად
2008 წელს ვნახე ტელეეთერში­ და მაშინვე მოვიხიბლე. ისე მომეწონა, რომ მისი ფოტოები მობილურში გადმოვიწერე და ბიოგრაფიის მოძიებას შევუდექი. გავარკვიე, რომ უკვე პოპულარული მოდელი და "დოლჩე და გაბანას" (არა მხოლოდ ამ ბრენდის) სახე ყოფილა. მოვძებნე ბიანკას პირადი Facebook -ის გვერდიც, რომელზეც მხოლოდ 128 მეგობარი ჰყავდა, რაც
ალბათ იმას ნიშნავდა, რომ უცხოს არავის იმეგობრებდა. მის შესახებ ინტერნეტში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდებოდა, მინდოდა შემეტყო, როგორ მიმეღო ჩემი საოცნებო ბიანკას შესახებ ზუსტი ინფორმაცია. მოკლედ, ისე დავინტერესდი, რომ სოციალურ ქსელში მისი შეყვარებულიც კი ვიპოვე. შემდეგ გავბედე და მივწერე, ბიანკას ფანი ვარ, იქნებ მომაწოდოთ მასზე ზუსტი ინფორმაცია-მეთქი... საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბიანკას შეყვარებულმა მოდელის სოციალური მედიის მართვა შემომთავაზა. გამო­ცდილება არ მქონდა, მაგრამ გავრისკე... კონტ­რაქტი გავაფორმეთ და ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. ვალდებულებები მკაცრად მქონდა გაწერილი. მთელი იურიდიული ნიუანსები იყო გასათვალისწინებელი. შეცდომა არ უნდა დამეშვა... პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ახლა სულ სხვა საქმეს ვაკეთებ და ამაზე გული ნამდვილად არ მწყდება.

- ბიანკას პირისპირ როდის შეხვდით?

- 2014 წლის 12 მარტს. 6 მარტს დამირეკა, აზერბაიჯანში მოვფრინავ, მეჰრიბან ალიევამ მიმიწვია წვეულებაზე და იქაურ ჟურნალ "ნარგიზის" ყდისთვის ფოტოსესიაც მექნება, მინდა, შენც ჩამოხვიდე და  გავიცნოთ ერთმანეთიო.
მართლაც ჩავფრინდი. თავიდან მის ნომერში არ მიშვებდნენ, რადგან ბიანკა ვიპ-სტუმართა სართულზე ცხოვრობდა. როცა მისი მესიჯი ვაჩვენე დაცვას, კართან მიმაცილეს.

ბიანკამ თბილად მიმიღო. უმაკიაჟოდ დამხვდა, შინაურულად მექცეოდა. ახსოვდა, რომ ჩემი დაბადების დღე რამდენიმე­ დღის წინ იყო და საჩუქარი დამახვედრა. მე ქართული ჩურჩხელა და სხვადასხვა ნუგბარი ჩავუტანე. იცით, ბიანკა ცხოვრებაში გაცილებით ლამაზია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
შემდეგ სასტუმროს რესტორანში დავთ­ქვით შეხვედრა. მე და ბიანკას მენეჯერი, ბრუნო პაულეტა, ველოდით მაგიდასთან. საოცარი მომენტი იყო, როდესაც ბიანკა რესტორანში შემოვიდა. უცბად აწრიალდა დარბაზი, დაიწყო გადალაპარაკება, ზოგი წამოდგა, რომ კარგად დაენახა. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც მათი აღფრთოვანების საგანი ჩვენს სუფრას მოუჯდა. გადაღებებზე კი სულ სხვანაირი ბიანკა ვნახე. ეს თბილი, სიცოცხლით სავსე და მხიარული გოგონა კამერის წინ პროფესიონალი გახდა.

ბიანკას წყალობით აზერბაიჯანის პირველი ლედის წვეულებაზეც აღმოვჩნდი, სადაც ბიანკამ გამაცნო მომღერალი ჯონ ლეგენდი, არაბეთის პრინცესა, არაერთი ცნობილი იტალიელი დიზაინერი. სხვათა შორის, წვეულებაზე ქართველი დიზაინერებიც იყვნენ. ბიანკა არაბეთის პრინცესასა და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ხუთკაციან სუფრასთან დასვეს. ჩემსა და ბრუნოს მაგიდასთან ქართველებიც ისხდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ნავთობ­კომპანიის დირექტორი და სხვა ცნობილი ბიზნესსახეები. მე და ბრუნო ინგლისურად ვსა­უბრობდით და ქართველებმა ჩემი წარმომავლობა არ იცოდნენ. მერე მკითხეს, როგორ გაიცანი ბიანკა, საიდან ხარო. ფრომ ჯორჯია-მეთქი. რომელი ჯორჯიაო, გაკვირვება ვერ დამალეს. თბილისიდან ვარ-მეთქი, ქართულად გავაგრძელე. ქართველი ხარ, ბიჭოო, გაუხარდათ და გაუკვირდათ.

- ბრუნო პაულეტაზე რას მიამბობ?

- ამ კაცს აქვს თავისი სამოდელო სააგენტო, რომელმაც არა მარტო ბიანკა ბალტი აღმოაჩინა, არამედ ევა ჰერციგოვა, ქეით კინგი, კარმენ კასი და სხვა ტოპმოდელები. ბრუნომ თავისთან მუშაობა შემომთავაზა. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიოცნებია ამ საქმეზე, მაგრამ ბიანკამაც რომ მირჩია, დავთანხმდი. მალე კონტრაქტი გავაფორმე და გავხდი იტალიური სამოდელო სააგენტო Brave Models Management-ის ოფიციალური წარმომადგენელი მსოფლიოში. მევალება მოდელების მოძიება, გადამზადება და მილანში გაშვება. მოვაწყვეთ ქასთინგი, რომლისთვისაც ბრუნო საქართველოში ჩამოფრინდა. 350 მონაწილიდან 5 მოდელი ავარჩიეთ. მათ შორის იყო ანა ახვ­ლედიანიც. ამ კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი იყო ანა-მარია ფოჩხუაც, რომელიც ახლა ძალიან ცნობილი გახდა. იგი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დუდუს ქალიშვილს განასახიერებს. ანა ახვლედიანის მილანში წასვლიდან მალევე ანა-მარიაც წაიყვანეს. იგი მაშინ 13 წლის იყო.

ბიანკამ საქართველოს შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ 2008 წელს რუსეთმა დაგვბომბა. ბრუნომ ისე დაუხატა ჩვენი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ბუნება და განუმეორებელი ღვინო აქვთ, ძალიან თბილი ხალხიაო, რომ ბიანკასაც გაუჩნდა აქ სტუმრობის სურვილი... ბიანკა ბალტი და ბრუნო პაულეტა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. მე ძალიან მიყვარს პიცა და ეს რომ შეამჩნიეს, მე, ბიანკა და ბრუნო ხშირად ვსტუმრობდით პიცერიას. არადა, მილანში პიცას მაინცდამაინც არ ეტანებიან ელიტარულ წრეებში. უნდა გენახათ, რა რეაქცია ჰქონდათ პიცერიებში ბიანკას დანახვაზე.

ერთხელ ჩემი დაც მიიწვიეს მილანში. როდესაც "დოლჩე და გაბანა" ახალ კოლექციას უშვებს, ბიანკას, როგორც ბრენდის სახეს, საუკეთესო ნიმუშებს უგზავნის საჩ­უქრად. ჩემი დის იქ ყოფნისას, იმდენი ტანსაცმელი შემოზიდა დაცვამ, ბიანკას ოთახი ყუთებით აივსო. ვერ წარმომიდგენია, სად, ან როდის უნდა ჩაიცვას ადამიანმა ამდენი რამ. ბიანკამ ჩემს დას უთხრა: აირჩიე რაც მოგეწონება და გაჩუქებო. გაოცებული მარიამი თვალებს არ უჯერებდა, "დოლჩე და გაბანა" ხომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, მარიამს კი ტანსაცმლის გროვიდან შეეძლო ნებისმიერი სამოსი შეერჩია... თუმცა, გული დავწყვიტე, როცა ქართულად ჩავუჩურჩულე: მარი, ეს კაბები არ მოგერგება, შენ ხომ სხვა ზომა ხარ-მეთქი. გული დასწყდა, მაგრამ რას იზამდა... სამაგიეროდ, ბიანკამ იმდენი აქსესუარით დაასაჩუქრა, თავბრუ დაახვია. 

ეკა სალაღაია
liko
04 აგვისტო 2015 17:58
giorgi aris erti ubralo qartvrli bichi arc tavshi ak avardnili carmateba da dzalian kargi xasiatis adamiania namdvilad imsaxurebs imas rac akvs :) sxvatashoris klasshi yvrlaze bejiti bichi iyooo :) sul mascavkebelos gaidzaxda xolme da ai shedekic :) carmatebebi giooo
mzia machabeli
04 აგვისტო 2015 15:44
გიორგი ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ადამიანია, წარმატებები ♥
VIKA-წმინდა გაგას
04 აგვისტო 2015 11:02
რა გულახდილი ხარ:-):-***

რედაქტორის რჩევით