"ქუჩაში­ ყველა მცნობდა და ფოთოლას მეძახდა" - გოგონა "ქვევრიდან"
03-08-2015
"ქუჩაში­ ყველა მცნობდა და  ფოთოლას მეძახდა"  - გოგონა "ქვევრიდან"
"განგაში", "ქვევრი", "მზე შემოდგომისა", - გარდა იმისა, რომ ეს სამი ფილმი ქართული კინოხელოვნების დაუვიწყარი ნიმუშებია, მათ სხვა რამეც აერთიანებთ: სამივე მათგანში ეპიზოდურ როლებს მზია (ღუღუნი) კანდელაკი ასრულებს. პირველ ფილმში გოგი ქავთარაძის გმირის, ყარამანის შეყვარებული ფოთოლაა, მეორეში - გოგონა, რომელმაც ქვევრი გატეხა, მესამეში კი მეზობელი მეთევზის ქალიშვილი ანჟელიკა.

ქალბატონ მზიას ამ ეპიზოდურმა როლებმა დაუვიწყარი დღეები აჩუქა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცხო ენების მეორე კურსის სტუდენტი ტროლეიბუსში შენიშნა
რეჟისორის ასისტენტმა და კინოსტუდიაში სინჯებზე მიიწვია.

მზია კანდელაკი: - მსახიობ­ობა ბავშვობიდან მომწონდა, მაგ­რამ განსაკუთრებით კინოსამზ­ა­რეულო მაინტერესებდა, ანუ ის, რა ხდებოდა კადრს მიღმა,­ თუმცა უცხო ენათა ინსტი­ტ­უტში­ ჩავაბარე ფრანგული ენის განხრით... ინსტიტუტიდან შინ ვბრუნდებოდი, როცა ტროლეიბუსში ქალბატონმა ირა ბილანიშვილმა, რეჟისორის ასისტენტმა,­ შემნიშნა და კინოსინჯებზე მიმიწვია.­ თბილისში
თუ სადმე მაღალი გოგო იყო, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი.

- სინჯებმა როგორ ჩაიარა?
- კარგად მახსოვს, მთხოვეს, ადექი, გაიარ-გამოიარეო, მოვუბოდიშე, "პახოდკა" არ მივარგა-მეთქი. კამერის წინ რომ დამაყენეს­, ტანდაბალი ბიჭები ჰყავდათ მოყვ­ანილი და მათთან ერთად გადამიღეს. თუ გახსოვთ, ფილმში გოგი ქავთარაძის პერსონაჟს მაღალი გოგონა უყვარს. მე აღმოვჩნდი ის "კაკლის საბერტყი ჭოკივით მაღალი გოგო", როგორც ფილმში ამბობს ვახტანგ ნინუას პერსონაჟი.
180 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში. მეორე კურსამდე საქართველოს კალათბურთის ნაკრებში ვთამაშობდი, მერე - ინსტიტუტის გუნდში.

"განგაშის" გადაღების გამო თით­ქმის მთელი წელი ჭიათურაში­ გავა­ტარეთ. ტკბილად მახსოვს ის დღეები. იპოლიტე ხვიჩია რომ გეყოლება მოსაუბრე, ან კოტე დაუშვილი, აქეთ გია ფერაძე თავისი­ ლექსებითა და ოხუნჯობებით, იქით ჩიტულია (სპარტაკ ბაღაშვილის მეუღლე)... ფილმი რომ გამოვიდა, ქუჩაში­ ყველა მცნობდა და ფოთოლა, ფოთოლას მეძახდა. მალე ირაკლი კვირიკაძემ თავის სადიპლომო ფილმ "ქვევრში" მიმიწვია. მე და ბუხუტი ზაქარიაძე მამა-შვილს ვასახიერებდით. გადაღებები გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში მიმდინარეობდა. მსახიობთა შემადგენლობა აქაც საუცხოო იყო: ეროსი მანჯგალაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, ჰენრიეტა ლეჟავა...
ბუხუტი ზაქარიაძე სულ თავს დამ­ფოფინებდა, ცალკე ოთახში არ მაძინებდა, ბავშვი არ გაცივდეს, არ დაახველოსო...  
მამაჩემი, ოსიკო კანდელაკი, მთელ თბილისში ცნობილი მოქეიფე, თბილისელი კაცი გახლდათ. ის და ბატონი ეროსი კარგი მეგობრები იყვნენ. დილით, გადაღებისთვის რომ მაღვიძებდა ხოლმე ბატონი ეროსი, შემოვიდოდა და თავისი ცნობილი ხმით ჩამძახებდა: "ოსიკოვნა, გაიღვიძე".

საღამოობით კახელებს ვხვდებოდით. "ზაოდობის" პერიოდი იყო. ცხელი შოთის პურებით, მწვადებითა და კახური იუმორით გვიმასპინძლდებოდნენ..

ის მომენტი თუ გახსოვთ, ქვევრი რომ გამიტყდება და მომდევს­ ბატონი ბუხუტი, მე გავრბივარ და გზად ღორს გადავახტები. სცენარის მიხედვით, უბრალოდ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ შუა სირბილში ეს უზარმაზარი ღორი რომ დავინახე გადასაღებ მოედანზე "შემოსეირნებული", აღარ გავჩერდი და გადავახტი, არაჩვეულებრივი კადრი გამოვიდა. ცალკე ღორი გადავრიე, ცალკე ბატონი ბუხუტი, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.
ამის შემდეგ 3-4 წელიწადი გავიდა, "მზე შემოდ­გომისა" გადაღება დაიწყო. აქაც შესანიშნავ მსახიობებთან თანამშრომლობა მხვდა­ წილად: მედეა ჯაფარიძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გივი ბერიკაშვილთან...
ლამაზი დღეები გამოვიარე.­ საინტერესო ახალგაზრდობა მქონდა.
ახლა პენსიონერი გახლავართ. მყავს 32 წლის ბიჭი და დედა. ჩემი მეუღლე, ცნობილი მხატვარი ზურა რამიშვილი, 12 წლის წინ გარდაიცვალა.



"მზე შემოდგომისა"


XX  საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი იყო - მედეა და რეზო... მათი სიყვარული, ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. "თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინ", - ეს სიტყვები, რომელსაც ფილმში ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი, ვახტანგი, ეუბნება მეუღლეს, რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის. ვახტანგი მისი პროტოტიპია, ამ სიტყვების ადრესატი კი, ფილმშიც და მწერლის ცხოვრებაშიც, მედეა ჯაფარიძე გახლდათ.

"მზე შემოდგომისა" სწორედ ამ წყვილის ცხოვრების ანარეკლია. ფილმში ასახული ზოგი­ერთი მომენტი თავად გადახდე­ნიათ თავს. თურმე, ბატონი რეზო ხშირად ამბობდა: "მედიკო ცხოვრებაშიც ისეთია, როგორიც ამ ფილმშიო".
­რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი ერთგან აღნიშნავს:­ "რეზო თაბუკაშვილი დედაჩე­მის­ დეიდაშვილი იყო. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, შენთვის სცენარი მაქვსო. მაშინ უკვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მქონდა გადაღებული. "მზე შემოდგომისა" ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 1973 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. მიუხედავად იმისა, რომ 40 წელზე მეტი გავიდა, უბერებელია..."

ეკა სალაღაია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით