"აუუ, მიყვარხარ, ჩემი დედა..." - კვირის პალიტრა

"აუუ, მიყვარხარ, ჩემი დედა..."

დედის მაგინებელი "ბედნიერი ერი"

დედა - სიცოცხლის საწყისი და არსი ცხოვრებისა; დედა - სალოცავი ხატი და სათაყვანებელი სიწმინდე შვილისა; დედა - სულის სიმშვიდე და იმედი სასოწარკვეთილების ჟამს...

ქართველებს დედის მადლი ორმაგად გვაქვს მონიჭებული. ერთი - ხორციელი მშობლისა და მეორე - ღვთისმშობლის მფარველობისა, მაცხოვარმა ხომ საკუთარ დედას ჩაგვაბარა, წმინდა მარიამის წილხვედრია საქართველო. ასეთი მადლი არც ერთ ქვეყანას არ რგებია.

სადაც უნდა იყო დღეს - ქუჩაში, ტრანსპორტში, რესტორანში თუ სადმე მივარდნილ სოფელში, ახალწამოყვინჩული მოზარდების, არცთუ იშვიათად კი მოწიფული “ვაჟკაცების” პირიდან გესმის ენით აუწერელი სიბილწე - "ჩემი დედა ...", "ჩემს დედას ...", "ჩემი დედის ..."

გესმის ათასნაირ ბრუნვაში, სხვადასხვა დიალექტზე, გაუგონარი საზიზღრობითა და უკუღმართი ფანტაზიით უხვად შეზავებული...

რა დღეში ვართ ქართველები, ხალხო, შვილები გვეღუპება "უწყინარი" სიტყვების კორიანტელში და ყურიდან ყურში უდარდელად ვატარებთ ამ ეროვნულ უბედურებას!.

სხვის თვალში ჩხირსა და დირეს არ ვეძებთ, ჩვენი თაობის ქართველობასაც არაერთი ცოდვა გვაქვს აკიდებული. ქუჩაშიც ვმდგარვართ, ლანძღვაც ჩაგვიგრეხია და მრავალსართულიანი გინებაც, მაგრამ უფალმა გვიხსნა და საკუთარი დედები არ შეგვიბილწავს ჩვენივე ნებით(!). სხვას არ ვაპატიებდით არასდროს დედის შეურაცხყოფას. ქართველებს ამაზე განსაკუთრებული და მძაფრი რეაქცია გვქონდა მუდამ. მახსოვს რუსის ჯარში მსახურობისას ერთი კურიოზული შემთხვევა: ე.წ. "უჩებკიდან" როცა დაგვანაწილეს ქართველები, სხვა ეროვნების დამხვედრ ჯარისკაცებთან ნაცნობობა, როგორც წესი, ჩხუბით დაიწყო. მიზეზს რა ძებნა უნდა, როცა "სალაგებს" თავიდანვე დაუპირებენ ლაგამის ამოდებას. სხვის დაკრულზე ვერ ვიცეკვებდით და ატყდა ვაი-უშველებელი და დაკადაკა. საბაბი კი მართლაც კურიოზული იყო. "რუსებს ყოველი სიტყვისას პირზე აკერიათ "ტვაიუ მატ...", ეს მათთვის სასხვათაშორისო, უწყინარი სიტყვის მასალაა, მაგრამ აბა, რა ვიცოდით მათი ჩვევისა და წესისა. დასცდა ერთ სერჟანტს ეს "ტვაიუ მატ..." და იქვე დავადუმეთ კაი ხნით, გადატანითი მნიშვნელობით თქვა, თუ სიტყვის მასალად, ეს სანიტარიულ ნაწილში გაარკვია, დასივებულ ცხვირ-პირზე რომ ადებდნენ ცივ საფენებს... თუმცა, მაინც ვერ გაიგეს რუსებმა, რატომ ავტეხეთ ჩხუბი... უწყინარი სიტყვაა "ტვაიუ მატ"-ო, ასე გვითხრეს გაკვირვებულებმა...

ასეთი "უწყინარი" გინება, თანაც გაუკუღმართებული, ახლა საქართველოში ყველგან ისმის.

რამდენიმე თინეიჯერს ვკითხე, ამიხსენით "ჩემი დედის" არსი-მეთქი. პასუხი გამაოგნებელი იყო: - რა ვიცი, ყველა ასე ამბობს და მეც ასე ვბაზრობო...

სხვამ უფრო დაწვრილებით ამიხსნა: ჯერ ერთი,”"რაზბორკებზე" რაც მეტად ახსენებ "ჩემი დედას", თურმე მეტი ფასი ედება შენს სიტყვას(?!). მეორე: "გოგოებს მაგრად ევასებათ, ბიჭები რომ ასე იგინებიან(?!)..." "და ვაბშე, რა პონტში უნდა მიტყდებოდეს, ძმაო, დაუნი და ბანძი ხო არა ვარ, მკიდია რა..."

ეგრე, უკაცრავად და, გვკიდია რა, ყველას(?!)... ჰოდა, ის გოგოებიც სიყვარულის ახსნას ასე იღებენ უკვე: -“აუუ, მიყვარხარ, "ჩემი დედა ..."

მეტიც, სულ ახლახან გავიგე, თურმე ქართველი ასულების ერთი ნაწილი ასე ამტკიცებს თავის სიმართლეს:”- მამაჩემის საყვარელი ვიყო, თუ ვტყუოდეო(?!).

ამის მერე, ამ "კაი ტიპებს" ვინმემ დედა რომ შეაგინოს, თვალის დახამხამებაში ჯიგარში გაუყრიან დანას და "სასტავის" "მასტები" მხარზე ხელსაც წამოუტყაპუნებენ: - ჯიგარი ხარ, ძმაოო...

მეტი ეროვნული უბედურება რაღა გინდათ, ყველაფერი გაუკუღმართებული და გაბილწებულია...

საით მივდივართ?!. გაგვექცა ხელიდან ჩვენი შვილების ბედი. შინიდან გადიან და სად ატარებენ დროს, არ უნდა დაგვაინტერესოს? დაუჩემებიათ, უცხოეთშიც იგინებიან, აგერ ფილმებიც ნახეთ, თუ არ გჯერათო...

მამაცხონებულო, კარგი რამ მისაბაძი ყველა ერს აქვს და რაღა შარვალჩახდილ რეპერს ჰბაძავ... ქართვლის დედას ვაგინეთ - მერე რა მოხდა, უწყინარი დემოკრატიააო; ერის სათაყვანებელ მამულიშვილებს შემოქმედება დავუწუნეთ - კაი, კაცო, ვისაც რა უნდა, თქვასო; თამარ მეფეს სარეცელი შევუგინეთ - არა უშავსო; ტვინნაღრძობი გეების პარადი დააპირეს რუსთაველზე და - გაატარეთ, უცხოეთშიც ასეაო...

იმდენჯერ "გავატარეთ", რომ "უძაანმაგრესი" მწერლები რომანებს გამოსცემენ "უძაანმაგრესი" სათაურით:”"ჩემი დედას ..."

ამის იქით უკვე კუპრი და ჯოჯოხეთია...

P.შ. იცით, ამ ზნეობრივად დაქცეულ ქვეყანაში, სადაც ასეთ თემებს "ატარებენ" და წინ არ იყურებიან, ძნელია, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, სინდისის ძარღვი შეუტოკო. მაგრამ მას ერის ბედს ვერ გადავაყოლებთ, ვისაც საკუთარი დედის წაბილწვა სიტყვის მასალა ჰგონია და არ ესმის, რომ სიტყვას ძალა აქვს(!); რომ “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი! რომ ერთ დღეს 100 ათასი ქართველი მხოლოდ იმიტომ ეწამა, რომ ღვთისმშობლის ხატი არ შეურაცხყო(!); რომ ქართველები დედა მარიამის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ და "ჩემი დედა" ღვთისმშობლის გმობას ნიშნავს(!).

და არც გვეშველება არასდროს და არც მადლი გადმოვა ჩვენზე, ვიდრე ეს სიბილწე არ ამოიშანთება და ამოიკვეთება საქართველოში!..

შევთხოვოთ დედა მარიამს, გაგვინათოს დაბნელებული გონება და გვიხსნას გაუგონარი მკრეხელობისგან ჩვენც და სრულიად საქართველოც!