ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულს ცეცხლი უკიდია - კვირის პალიტრა

ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულს ცეცხლი უკიდია

როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის კურსის ცვლილებამ მთავარი დარტყმა მოსახლეობის ჯიბეს მიაყენა. პროდუქტების ლამის ყოველდღიურმა გაძვირებამ მომხმარებელი უფრო ხელმომჭირნე გახადა. ექსპერტების ვარაუდი მართლდება - ჯერ კიდევ მაისში ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსის არასტაბილურობის შემთხვევაში ფასების ზრდა გარდაუვალი იქნებოდა. ბოლო ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის ფასი.

ერთი კილოგრამი პომიდვრის ფასი 2-დან 2.50 ლარამდე მერყეობს, შარშან ამ დროს კი საშუალო ხარისხის პომიდვრის ყიდვა 70 თეთრიდან 1 ლარამდე შეიძლებოდა. კარტოფილი 1.50 ლარი ღირს, ბადრიჯანი - 1 ლარი, ბულგარული წიწაკა (მწვანე) - 3 ლარი, წითელი - 3,50 ლარი. ატმის ფასი 1,50 ლარიდან 2, 50 ლარამდე მერყეობს, ვაშლატამა 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო - 2,20 ლარი.

ერთი სიტყვით, ზაფხულის ძირითადი პროდუქტი, რომელიც სხვა დროს უფრო იაფი ღირდა, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის ძნელად ხელმისაწვდომი გახდა.

-„ზაფხულის მოსვლა მიხაროდა, ბოსტნეულს მაინც იაფად შევიძენ-მეთქი, მაგრამ მწვანილიც კი გაძვირდა და სხვაზე რა ვთქვა? ბაზარში საათობით დავდივარ, ეგებ სადმე რამეს იაფად წავაწყდე და ეკონომია გავაკეთო-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. კახეთში რომ პომიდორს 2, 50 ლარად იყიდი, თბილისში რაღა უნდა ვთქვათ? ჯერ ზაფხულია და ბოსტნეული ასე გაძვირდა, შემოდგომაზე რა იქნება? საქართველოში მხოლოდ  ერთეულებს  აქვთ კარგი კვების საშუალება. ჩვენისთანები დავიხოცოთ?“ - შემომჩივლა ბაზრიდან გამოსულმა ხანდაზმულმა მანდილოსანმა.

ხილ-ბოსტნეულის გაძვირებას გლეხები გვალვისა და სეტყვის შედეგად შემცირებულ მოსავალს უკავშირებენ. ქვემო ქართლსა თუ კახეთში უამინდობა ყოველთვის იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ბაზრის ფასები დაბალანსებული იყო, წელს კი ვითარება მეტად მძიმეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის ფასის ზრდას გაზრდილ ექსპორტს უკავშირებს:

–ფასის დადგენას ყოველწლიურად თავისი მიზეზები აქვს. ზოგჯერ ნაკლები მოსავალია. წელს ექსპორტია ძალიან დიდი. ჩვენი პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში გადის. შესაძლოა, ფასების მომატების მიზეზი ესეც იყოს. თუმცა, ეს საგანგაშო არ არის. ფერმერისთვის მომგებიანია, როცა მას საექსპორტო ბაზრები აქვს. ადგილობრივ მომხმარებელს კი შეუძლია დაბალი ხარისხის პროდუქცია შედარებით იაფად შეიძინოს, ანუ მას აქვს ლავირების საშუალება.“

ზურაბ ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე:„- კიტრსა და პამიდორს ისეთი ფასი აქვს, როგორიც იანვარში იმპორტირებულს.

პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ ამას მხოლოდ უამინდობას ვერ დავაბრალებთ. წელს კახეთსა და ქვემო ქართლში განსაკუთრებული სეტყვა არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ფასების ზრდა ლარის დევალვაციამ გამოიწვია. გლეხს მოსავლის მოყვანა ძვირი უჯდება, ამიტომ ცდილობს, გაწეული ხარჯი აინაზღაუროს.

ბოლო კვირაში ლარის კურსი კიდევ დაეცა და პროდუქტების ფასებიც მკვეთრად  გაიზარდა. ამავდროულად, ჩვენი პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გადის. ესეც ქმნის დეფიციტს.

- წინა წლებთან შედარებით, ბოსტნეულის ფასი ძალიან მაღალია.

- გეთანხმებით, წინა წლების ამ პერიოდში ხილ-ბოსტნეული უფრო იაფი ღირდა, თუმცა, აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის დასაწყისში ფასები დაიწევს, კახეთსა და ქვემო ქართლს გორის, დასავლეთის მოსავალი წამოეწევა, მაგრამ წინ მძიმე ზამთარი გველის. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ გახდება.

ხელისუფლებამ რაღაც ზომები უნდა მიიღოს, გლეხებს ხელი შეუწყოს. თურქეთი იმიტომ არის ძლიერი ქვეყანა, რომ იქ სახელმწიფო სუბსიდირება მოქმედებს.  აგრარულ სექტორში ჩვენთანაც კარგი იქნებოდა სუბსიდირება. წინა წლებში იყო მსგავსი პროექტები, მაგრამ არასწორად განხორციელდა. სწორედ აქ არის საჭირო სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციები, თორემ ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ლარის დევალვაცია ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის გაძვირების მიზეზი არ არის:“- ასეთ შემთხვევაში იმპორტირებული ძვირდება და არა - ადგილობრივი. ბოსტნეულის ფასმა მოიმატა. ვფიქრობ, ეს სიძვირე მოსავლის სიმცირემ გამოიწვია. რაც შეეხება ბაზრის რეგულაციას, ასეთი რამ დაუშვებელია. ბაზარი ფასებს თვითონ დაარეგულირებს.“

სალომე გოგოხია