ტკივილის წყურვილი - კვირის პალიტრა

ტკივილის წყურვილი

"კვირის პალიტრის’’ რუბრიკაში, "დააგემოვნე", საშუალება გაქვთ გაეცნოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამოცემულ მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს  ელიფ შაფაქის  წიგნიდან  "ტკივილის წყურვილი"

მონასტრიდან ტყის პირამდე ნახევარი მილია, ან იქნებ უფრო ცოტა, მაგრამ გზა ისე ნელა ილევა, როგორც გემბანზე მდგარი მეზღვაურისთვის სანაპირომდე მანძილი. და სანაპიროსი არ იყოს, ტყეც უეცრად დიდდება, იზრდება და პასტორიც უკვე კარგად არჩევს მის ფორმას, მოხაზულობას –თითოეულ ხეს: ხეები შავი აღარ ეჩვენება, უკვე მწვანედ და იისფრად ხედავს. ტყის პირას შედგება და უკან იყურება. მონასტრის კედელთან ვიღაც დგას. სახეს ვერ არჩევს. პასტორი ხელს უქნევს, მაგრამ ადამიანი არ პასუხობს.

შესაძლოა, ტყის ჩრდილში ვერც ხედავდეს პასტორს. ლესთრეიდი შეტრიალდება და ტყეში შედის. უფრო შორს წასვლას აზრი არა აქვს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯს თუ გაივლის. მაგრამ რამხელა საცდურია! ამისთანა ტყე ოდენ ზღაპრებში თუა. სიღრმისკენ მიიწევს, თითქოს დრაკონის ან კაციჭამია გოლიათის  ბუნაგისკენ მიდიოდეს, ანდაც მზეთუნახავი მეფის ასულისკენ მიეჩქარებოდეს.

მერე, მრავალი წლის შემდეგ, დაბერებული, კიდურები რომ აღარ დაემორჩილება და გარდა უკანასკნელი მგზავრობისა, სამოგზაუროდ წასვლასაც ვეღარსად შეძლებს, დაფიქრდება,

ნეტავ როგორ შეტრიალდებოდა ყველაფერი, ტყის პირს მიღწეულს უკან დაბრუნება რომ არ გადამეწყვიტაო. Mმოიქცეოდა კი ისე, როგორც მონასტრის კედელთან მდგარ კაცს სურდა? ან იქნებ ყველა მათგანი ყოვლისშემძლე განგების ნების უნებლიე შემსრულებელი იყო, რომელმაც მას დიდი ხნის წინ განუწესა ტყის სიღრმეში სიარული მანამ, ვიდრე სინათლეებს, ძაღლებსა და მდევარს გამოქცეულ ქალს არ წააწყდებოდა.

ქალი ისე უხმაუროდ გამორბის ფაფუკ თოვლში, კაცს ეგონება, ჩემკენ ადამიანი კი არ, მოჩვენება მოიწევსო. მMხოლოდ ის მონაცრისფრო ორთქლი, რომელიც ქალს ამოსდის პირიდან, არწმუნებს დევნილის ხორციელობაში. გალურსული პასტორისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ქალი ჩერდება და უყურებს. მდევნელთა ჩირაღდნები ბინდში ნელ-ნელა უახლოვდება მათ. მრუშია? კუდიანი? ქალს ხელს უწვდის. ამას უნებურად აკეთებს და ქალიც თითქოს თანახმაა, მიუახლოვდეს, მაგრამ უცებ შველივით გვერდზე ხტება, მკვირცხლად და მსუბუქად და ხეებს შორის მიქრის; ჩირაღდნებიანი მდევარი ტყეს მოციმციმე ქსელივით ეფინება. პასტორი ფიქრობს: `დაიჭერენ და მაშინვე სულს გააფრთხობინებენ. მაგრამ მე რაღა მომელის? რომელი კანონი მიცავს ამ უღრან ტყეში?"

გონება კარნახობს, დროზე მოუსვი აქედან, სხვის საქმეში ნუ ჩაერევიო, მაგრამ ლესთრეიდი იცდის და წინაც კი მიიწევს. ძაღლების ყეფა და ადამიანთა ყვირილი ერთმანეთს ერევა.

ჩირაღდნების სინათლე ერთ ადგილას იკრიბება. ნუთუ დაიჭირეს? პასტორს მუხლები უკანკალებს. ნელ-ნელა მიიკვლევს თოვლში გზას, უხმაუროდ და სუნთქვაშეკრული. მკრთალ შუქში თოვლზე აცეკვებულ ჩრდილებს ამჩნევს. ფიქრობს, იქნებ ისეთი ხმა მომესმას, მკვლელობას რომ დაადასტურებსო, მაგრამ ჩირაღდნები აქეთ-იქით იფანტება და ისევ ერთდება; ცოტაც და, ვეღარც ხმებს არჩევს და ვეღარც ძაღლების ყეფას.

ჰო, მართლაც აქ ყოფილან. აქ თოვლი სულ გადათქერილია. მადევართა ჩირაღდნების ცხიმის სუნი სცემს. მოიხედავს და მიწაზე ქალის სხეულს არჩევს. საშინელების მოლოდინით გათანგული მისკენ მიდის თოვლის პირველქმნილი სისპეტაკის ფონზე იქნებ ყელგამოჭრილი ქალი დაინახოს. აი, იხრება, კაბაზე ეხება სიცარიელე. კაბა, წაღები, წინდები, ყელსახვევი. სრული შესამოსელი. მკვდარი სხეული რომ დაენახა, ასე არ გაოგნდებოდა. ჭეშმარიტად, კუდიანი უნდა ყოფილიყო ან ალი, ამიტომაც არსად ჩანს. შიშველი აფრინდებოდა ჰაერში. ან იქნებ ტანთ გახადეს და ისე გაიყენეს წინ, რომ სიკვდილით დასჯამდე ეწამებინათ და დაემცირებინათ. ტანსაცმელს აკრეფს. ქსოვილს ჯერ კიდევ შერჩენია ადამიანის სხეულის სითბო. ტანისამოსს ამოიიღლიავებს და უეცრად ნათლად შეიგრძნობს, რომ ქალი სადღაც აქვე უნდა იყოს, სულ ახლოს. `მოკეთე ვარ, მიმართავს პასტორი, მოკეთე ვარ, მეგობრად მიგულე".

მის ყელსახვევს იღებს და ყველაზე დაბალ ტოტზე აბამს, მერე დიდი და სწრაფი ნაბიჯებით მონასტრისკენ მიიჩქარის. მისი კომპანიონები ცეცხლს ნახევარწრედ შემოსხდომიან, მაგრამ პასტორის სახის გამომეტყველებით გაოცებულნი ტრიალდებიან და იღლიაში ამოჩრილ, სავარაუდოდ, ქალის ტანისამოსის ნაკრაულას აკვირდებიან. ლესთრეიდი ეუბნება, სასწრაფოდ უნდა გამომყვეთო, თან ისე დაბეჯითებით, რომ აბუ მაშინვე პალტოს იკრავს. აბუს ფედერსთონიც ასდევს, თუმცა მეუღლე იდაყვზე დაჭიდებას ცდილობს. აი, დაიერი კი ძალიან უცნაურად იქცევა, რასაც იმწუთას ყურადღებას არავინ აქცევს. აბუს ფეხდაფეხ მიჰყვება, კართან თოვლმავლებს იცვამს და წინგაჭრილ პასტორს ეწევა.

სანამ ტყის პირს არ მიაღწევენ, კრინტს არავინ ძრავს. ბოლოს პასტორი იწყებს:

მგონი, ჩვენი დახმარება უნდა იყოს საჭირო. ერთი ქალია გასაჭირში, მდევარი მოსდევდა...

- იცით, სად არის? - ეკითხება აბუ.

- ვიცი, სადაც უნდა ვეძებოთ.

დაიერი დუმს, ცდილობს, გაერკვეს, თან მასაც ის სწრაფვა დაუფლებია, რამაც პასტორი გამოაქცია დახმარების სათხოვნელად.

აქოშინებულები ტყეში შედიან. ტოტებს შორის გაპარული მთვარის შუქის ლაქები ისე ჩანს თოვლზე, როგორც ძვლები. ლესთრეიდი საგონებელშია ჩავარდნილი, ვიპოვი კი იმ ადგილსო, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიაგნებს და სულაც არ უკვირს, როდესაც ხეზე მიბმულ ყელსახვევს ამჩნევს.

ძებნას იწყებენ. პასტორი თოვლის მთრთოლარე საფარველქვეშ გარინდულ ნაძვის ხშირ ტოტებში ჯოხს ყოფს. მMის მაგალითს ორივე თანმხლები ჰბაძავს. ნახევარ საათს მაინც უვლიან გარშემო, სანამ ისევ პირვანდელ ადგილს არ დაუბრუნდებიან. პასტორი გრძნობს, რომ ხელ-ფეხი ეყინება. ნუთუ ტყუილუბრალოდ მოიყვანა ეს ხალხი? ან რატომ ეგონა, რომ ქალი ისევ აქ იქნებოდა? სისულელე! მაგრამ ტყიდან გაქცევისას ღრმად სწამდა, რომ დევნილი აქ იყო და აქვე დახვდებოდა მოსულებს.

დაიერის თვალების ელვარებას ამჩნევს და უკვე სიტყვებს არჩევს, რომ მოიბოდიშოს, მაგრამ დაიერი ეკითხება:

- მისი ტანისამოსი გქონდათ?

- დიახ.

- ასეთ ყინვაში დიდხანს ვერ გასტანს, – ჩაურთავს აბუ.

- ტანთ მხოლოდ იმიტომ გაიხადა, რომ ძაღლებისთვის კვალი აერია.

დაიერი პასტორის მხარს იქით იყურება. უეცრად ადგილს მოსწყდება, გვერდით ჩაუქროლებს და დიდი ხის ძირას მიირბენს. თოვლში რაღაც მუქი ფერისა ილანდება. დაიერი ცუცქდება და გაუბედავად მიიწევს წინ. ეს ხელია. თოვლის ბორცვს თხრიან, სამარხების მძარცველებივით ისვრიან აქეთ-იქით თოვლს. ხელის გაყოლებაზე თოვლს აშორებენ, სანამ იღლიის ჯერ კიდევ თბილ ფოსოს არ მიაღწევენ.

- აგერ, მხარი, მკერდი, ყელი.

თოვლს აცლიან. მერე სახესაც უვლიან – ჯერ ღაბაბს, მერე პირსა და თვალებს.

- ცოცხალია? სუნთქავს?

დაიერი ქალს ყელზე ადებს ხელს, რათა პულსი მოუსინჯოს, სახე სახესთან ისე ახლოს მიაქვს, ლამის ლოყით მის ბაგეს შეეხოს.

- ცოცხალია, ექიმო?

- თითქმის.

- როგორც ვხედავთ, დაჭრილი არ არის, ღვთის მადლით.

- თავი ჩაიმარხა თოვლში ამ მატყუარამ.

პასტორი პალტოს იხდის და ამბობს:

- უნდა ამოვთხაროთ ბოლომდე და მონასტერში გადავიყვანოთ.

ქალს სწევენ.

- რა პატარა ყოფილა, - ამბობს აბუ.

ლესთრეიდის პალტოში ახვევენ. თავად პასტორი ხელებს უზელს და გრძნობს, მისი შეხებით როგორ უბრუნდება ქალს სიცოცხლე. თვალებს ახელს, თვალის თეთრონებზე მთვარის შუქი ერეკლება.

- მადამ, ჩვენ თქვენი დახმარება გვინდა. ნუ გეშინიათ. უთხარით, მესიე, რომ არ შეეშინდეს, - ეუბნება პასტორი.

- არც ეშინია, –- პასუხობს დაიერი.

- მისი ტარება მოგვიწევს, – ამბობს აბუ, დროზე უნდა წავიდეთ აქედან. დაუყოვნებლივ. ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა თქვენ ხართ, ბატონო დაიერ. ჩემი ვარაუდით, ყველაზე ძლიერიც. ჰოდა, პირველმაც თქვენ უნდა ატაროთ. მერე კი ჩვენ წაგეშველებით რიგრიგობით.

დაიერს ქალი ხელში აჰყავს. მისი თავი მშვიდად მიესვენება ვაჟის მხარზე. ყველანი ერთად გამოდიან ტყიდან. შიგადაშიგ სადღაც ტყის სიღრმიდან ძაღლების ყეფა-ყმუილი ისმის.

პასტორი კანკალებს და ფიქრობს, აფსუს, ჩემი პალტო მეცვას ახლაო. უეცრად საოცარ დაღლილობას გრძნობს. მთვარე კი ცის კიდიდან დაბლა მოცურავს. პასტორმა არ იცის, რა მოხდა, მაგრამ რაღაც რომ მოხდა, დარწმუნებულია. ვერც იმას ხვდება, რა შეიცვალა, მაგრამ რომ შეიცვალა, უდავოა. უხარია, რომ ჯეიმზ დაიერს ქალის მონასტერში მისაყვანად დახმარება სულაც არ სჭირდება.

გაგრძელება წაიკითხეთ წიგნში "ტკივილის წყურვილი". წიგნზე ფასდაკლების კუპონი იხილეთ აქვე.