"მსახიობობა არ მინდოდა"- რას ყვება "დუდუ" გადატანილ ტრაგედიასა და ბეგალიშვილების სამსახიობო დინასტიაზე
"მსახიობობა არ მინდოდა"- რას ყვება "დუდუ" გადატანილ ტრაგედიასა და ბეგალიშვილების სამსახიობო დინასტიაზე
"სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე"

"ჰოდა, მამამ უთხრა, იქნებ მიიღო, წინ და უკან დაყიალობს გიტარით, სმენა კი აქვს და მღერისო. მოკლედ, მივედი გამოცდაზე გიტარით და ვიმღერე და მოვხვდი ინსტიტუტში. ბატონმა თემომ ძალიან შემაყვარა საქმე, რასაც მასწავლიდა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, სწავლამ ჩამითრია, ვაკეთებდით ეტიუდებს, მასაც მოვწონდი, ამბობდა, არ არის "ეს დებილი ბოვშიო".

ის ფართო მაყურებელმა ტელესერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ალეკო ბეგალიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია,
აღნიშნულ სერიალში კი დუდუ გახლავთ. არადა, სცენაზე არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მაგრამ ჩვენში ასე ხდება ხოლმე, მსახიობებს მასობრივად მაყურებელი სერიალით იცნობს... იმის გამო, რომ ალეკო ბეგალიშვილი ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, საკმაოდ ბევრი ინტერვიუც ჩამოართვეს, რაზეც ხუმრობით ამბობს, - ამას არ ვარ მიჩვეული და ამდენს
ვერ "გავქაჩავო". რამდენჯერმე, ამა თუ იმ გამოცემისთვის მეც ვესაუბრე, მაგრამ ის თემა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომღაც ყველა ჯერზე "გვერდით" დაგვრჩა. საკითხი ალეკოს მამას, პოპულარულ მსახიობს, ბადრი ბეგალიშვილს ეხება, რომელიც ქართული კინოსა და თეატრის დამსახურებული და სახალხო არტისტი იყო (ორი წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა).

ალეკო ბეგალიშვილი:
- მესამე წელი დაიწყო, რაც მამაჩემი აღარ არის. მთელი ცხოვრება თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. სცენაზე უამრავი როლი განასახიერა. კინოში მთავრი როლებით დიდად არ იყო განებივრებული, მაგრამ ქართულ კინოს მის მიერ დასამახსოვრებელი სახეები ნამდვილად შემორჩა...
ბადრი ბეგალიშვილი

- გავიხსენოთ მისი როლები...

- ჭიპილია "ჩარი რამაში", ჩიკოტელა "ჩირიკი და ჩიკოტელაში" (ეს ფილმი "ღვინის ქურდებთან" ერთად გამოვიდა და მახსოვს, პრემიერაზეც გახლდით. მაშინ პატარა ვიყავი. ერთადერთი ფილმია, სადაც მამა მთავარ როლშია. "თეთრ ბაირაღებში" მოშიაშვილია; მონაწილეობდა "წკიპურტებში", "ერთი ნახვით შეყვარებაში", "ქალაქი ანარაში", "კაცია-ადამიანში?!" მოურავი და კიდევ იყო რაღაცები, მაგრამ მუსკომედიის თეატრის სცენაზე იმდენი როლი აქვს ნათამაშევი, ვერც ჩამოვთვლი. ზოგიერთი არც მაქვს ნანახი, რადგანაც როცა მათ განასახიერებდა, ძალიან პატარა ვიყავი. როგორც ამბობენ, ვისაც ეს ახსოვს, სპექატკლი "ჩემ მშვენიერი ლედი" მისი შემოქმედების პიკი იყო... სამწუხაროა, რომ ამ წარმოდგენის ჩანაწერი არ არსებობს. თავიდან ზუგდიდის თეატრიში დაიწყო მოღვაწეობა. ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ და დედაჩემიც იქ გაიცნო...

- დედაც მსახიობია?

- კი, დედა ფატი ბელქანია ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. მერე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, დაქორწინდნენ კიდეც. დედა სამუშაოდ აქ თოჯინების თეატრში მივიდა და იქაურობას შემორჩა, დღესაც იქ არის. წლები ბავშვების აღზრდასა და თოჯინებს შეალია...

- მამას რომ დავუბრუნდეთ, რა გავლენა მოახდინა მან პირადად თქვენზე?
- ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ჩემი ძმებისგან განსხვავებით, მე მსახიობობის სურვილი არ გამჩენია. კი მყავდა მსახიობი მშობლები, მაგრამ ბავშვობაში არ მიფიქრია იმაზე, რომ მეც ამ გზას გავყოლოდი.

- რატომ?

- არ მიტაცებდა, "სხვაგან" ვიყავი, მუსიკა "მევასებოდა", გიტარა და ამბავი... თუმცა მამას რომ ვუყურებდი სცენასა და ფილმებში, მომწონდა, მეამაყებოდა. ხომ ვამბობ, ჩემს ძმებს უფრო ჰქონდა მსახიობობის სურვილი...

- ბოლოს მაინც ეს პროფესია აირჩიეთ...
- გიტარით რომ დავდიოდი, სკოლას ვაცდენდი, საშემოდგომოები მქონდა, გავაგიჟე მშობლები და არ იცოდნენ, ჩემთვის რა მოეხერხებინათ. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა, თქენი მსახიობობა-მეთქი. მოკლედ, სკოლას რომ ვამთავრებდი, "თეატრალურში" იმ წელს მუსკომედიის ფაკულტეტი გაიხსნა, ორი ადგილი იყო, ერთი გოგო უნდა მიეღოთ, ერთი - ბიჭი. მამას მეგობარი იყო თემო აბაშიძე, რომელიც ამ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა და თან, მუსკომედიის თეატრის რეჟისორი გახლდათ. მაგარი პედაგოგი იყო და კარგი კაცი. ჰოდა, მამამ უთხრა, იქნებ მიიღო, წინ და უკან დაყიალობს გიტარით, სმენა კი აქვს და მღერისო. მოკლედ, მივედი გამოცდაზე გიტარით და ვიმღერე და მოვხვდი ინსტიტუტში. ბატონმა თემომ ძალიან შემაყვარა საქმე, რასაც მასწავლიდა. ძალიან საინტერესო ადამიანია, მისი დამსახურებაა სწავლამ რომ ჩამითრია, ვაკეთებდით ეტიუდებს, მასაც მოვწონდი, ამბობდა, არ არის "ეს დებილი ბოვშიო". იყო სახასიათო როლებიც და მერე "დავტორმუზდი", რადგანაც ავარიაში მოვყევი...

- რა მოხდა?
- 1989 წელს ჯარში წავედი, რომ დავბრუნდი, მეორე კურსზე დამსვეს და მაგ პერიოდში მე და ჩემი ორი მეგობარი ავარიაში მოვყევით. ერთ-ერთი დაიღუპა, დიდი ტრაგედია მოხდა. მერე სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე, მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირდა. მაგრამ წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ გლოვას აზრი არ ჰქონდა, უარესი იყო... მოკლედ, ამის გამო დიდი პაუზა მქონდა... მერე მინიატიურების თეატრში მოვხვდი, სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ მამუკა კიკალეიშვილი იყო...

- მამა მკაცრი იყო?

- არა, რა მკაცრი, უბრალოდ ჯაჯღანი და გინება უყვარდა (იცინის). ერთხელ მეგობრები ტალინში წავედით, სამნი ვიყავით. ახალგაზრდების ამბავი მოგეხსენებათ, გავერთეთ და ფული გამოგველია. რომ მივდიოდი, მამამ ფული მომცა და დამაბარა - "დინამოს" მაისური წამომიღეო. მოკლედ, ორ კვირაში კარგი "გულაობის" შემდეგ, უფულოდ დავრჩით. მივედი ფოსტაში, რომ თბილისში მამასთან დამერეკა. დავურეკე და ვუთხარი ჩვენი გასაჭირის შესახებ. რამდენი ხართ, მანდო? - მკითხა. სამნი-მეთქი. ჰოდა, სამივეს დედაო... მეორე დღეს ფული მაინც ჩამოვიდა, ასეთი ტიპი იყო...
ზურა და ბადრი ბეგალიშვილები

- სამი ვაჟიდან გამორჩეულად რომელიმე ხომ არ უყვარდით? არადა, უცნაურია, სამივე მსახიობი ხართ.
- არა მგონია, უბრალოდ, ბოლო პერიოდში ამბობდა, რომ ჩემი შენ ხარო... დანარჩენი არ ვიცი, ისე, ჩემს უმცროს ძმასთან უფრო ძმაკაცობდა, თან, მასთან ერთად ცხოვრობდა, ბადრი ასაკშიც შეეძინა. მე და ზურა (ჩემი უფროსი ძმა) პირველი მეუღლისგან ვყავართ, ბადრი - მეორე ქორწინებიდან, ეს ქალბატონი იზა ბოჭოიძეც ჩვენი თეატრის (მუსკომედია) მსახიობია, სცნაზე პარტნიორებიც იყვნენ.

- სამივე ძმისთვის, როგორც ჩანს, ეს პროფესია გენეტიკურია...
- მეც ასე ვფიქრობ, - ალბათ გენის ბრალია. მამას სამსახიობო განათლება არც ჰქონდა, ზურას და ბადრისაც გაუმართლათ, მაგარ პედგოგებთან მოხვდენენ, მე კი ხომ გითხარით, თემო აბაშიძესთან. გენეტიკა თავისას შვრება, მაგრამ სწავლა-განათლებაც აუცილებელია. თუ ინტელექტუალი არ ხარ, რაც უნდა ნიჭიერი იყო, შანსი არ არის. სწავლა კიდევ სიბერემდეო...
რაც შეეხება ძმებს, მე და ზურა უფრო ვგავართ ერთმანეთს და ახლა დუდუს რომ ვთამაშობდი, არ მინდოდა, რომ მას დავმსგავსებოდი, ამის ყოველთვის მეშინია და გავურბი ხოლმე. რამდენად გამომდის, არ ვიცი... ეს მსგავსებაც იმის გამოა, რომ დედას ვგავართ იერით. ბადრი უფრო მამისკენ არის, სახასიათო მსახიობია. ვოდევილებს "უბერავს" (იცინის), მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვა მიმართულებით გამოცდიან, არადა, ცუდია, რომ კინოში არ ეძახიან.

- მოკლედ, დუდუს როლის შემდეგ ფართო მაყურებელმა გაგიცნოთ...
- კი, ქუჩაში რომ მოვდივარ, ხან ვინ მეძახის დუდუს, ხან - ვინ. კარგია, რომ ადამიანები ყურადღებას და სითბოს გამოხატავენ, მაგრამ ცოტა კი "ტეხავს", სხვა რამეებიც მითამაშია და ბევრი მაგარი ტიპიც გამისახიერებია, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, რას ვიზამთ... მაგრამ ამ როლის შემდეგ მაგარი ამბები მოხდა, ორი კარგი რეჟისორის (ზაზა ურუშაძე, ლევან ანჯაფარიძე) კასტინგმენეჯერებმა დამირეკეს. წვერსა და თმას ხელი არ ახლოო. ანჯაფარიძის ფილმი "ციცინათელები" აფხაზეთის ომზეა, სცენარი 10 წლის წინ დაწერა, არ დაუფინასეს. ახლა ცოტა შეცვლა, გადააკეთა. ფილმში ზურა ყიფშიძე და ზაზა კოლელიშვილი ჰყავს დამტკიცებული, უნდათ, რომ ავთო მახარაძემაც ითამაშოს, ამ მსახიობების გვერდით თამაში ბედნიერება იქნება.

ისე, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა, "ჩემი ცოლის დაქალები" მთელ გადამღებ ჯგუფს, ვინც მუშაობისას გვერდით დამიდგა, განსაკუთრებით, კი გიორგი ლიფონავას. საერთოდ, ყველანი კარგები არიან და მადლობა მათ, ვინც ჩემი პერსონაჟი - დუდუ შეიყვარა...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)





dari
06 აგვისტო 2015 22:54
Chemi tbili aleko arsheizleboda sxvanairi yofiliyo,zalian miyvarxar da gveamayebi
anano
06 აგვისტო 2015 15:02
მსახიობი ხომ არის ძალლლიან ნიჭიერი და ადამიანი ყოფილა რაც მთავარია,მეგობრის ერთგულება თან გარდაცვლილის ყველა დროში დასაფასებელია,მამათქვენის და თქვენი ძმის ნათამაშები როლები ნანახი მაქვს,მუსკომედიის თეატრში,უნიჭიერესია ორივე,გმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,ასევე არაჩვეულებრივი პარტნიორი გყავთ ნინო კასრაძის სახით,გაიხარეთ
მანანა
06 აგვისტო 2015 13:28
ბატონო ალეკო არ ვიცოდით ნამდვილად თუ ბატონი ბადრის ვაჟიშვილი ბრძანდებოდით, თქვენს მამას როგორც მსახიობს დიდ პატივს ვცემთ, ხშირად ვესწრებოდით მის სპექტაკლებს მუსიკალური კომედიის თეატრში... განსხვავებული ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუ გარდაიცვალა, ეგეც არ ვიცოდით, ღმერთმა აცხონოს, ტელევიზიით მე მგონი არც კი გამოუცხადებიათ...(თუმცა ამისთვის სად სცალიათ), გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ სიმყუდროვეს და შემოქმედებით წარმატებებს!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები