"სპამი", ანუ "საბედისწერო ბორბალი" კინოში - კვირის პალიტრა

"სპამი", ანუ "საბედისწერო ბორბალი" კინოში

გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში აღმავლობა დაიწყო. თუმცა, პროცესების სასიკეთოდ განვითარებას მოწმობს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველ რეჟისორთა ახალი ფილმები და წარმატებები საერთაშორისო კინოფესტივალებზე. კინემატოგრაფიაში მომრავლებულმა ინვესტიციებმა რეჟისორებს ახალი, ქართული კინოსთვის არატრადიციული ჟანრების გადაღებისკენაც უბიძგა.

რეჟისორმა რამაზ ჩაჩანიძემ ახლახან საშინელებათა ჟანრის ფილმის, "სპამის" გადაღება დაასრულა. გაამართლებს თუ არა ასეთი ექსპერიმენტი, ამას მაყურებლის რეაქცია და ქართულ კინობაზარზე მოთხოვნა გვიჩვენებს. ფილმის პრემიერა გაზაფხულზე შედგება. "სპამი" ძირითადად სანახაობრივ ეფექტებზეა გათვლილი, მასში ყველაფერია, - ხმაური, მაგია, ეროტიკა, შიში და რაც ყველაზე დრამატულია, ფილმში სისხლი და სიკვდილი ჭარბობს.

KvirisPalitra.Geახალი ფილმის შესახებ არაპროფესიონალ მსახიობს, მთავარი როლის შემსრულებელ დავით ქაცარავას ვესაუბრეთ:

- ჯომარდელთა ფედერაციის პრეზიდენტისთვის კინოში მუშაობა ახალი ამპლუაა, - ასეთი ფილმის გადაღება გადაწყდა სპეციალური კვლევის შემდეგ. გაირკვა, რომ ქართულ ბაზარზე საშინელებათა კინო არ არსებობს, მოთხოვნა კი არის.

- "სპამი" რატომ დაერქვა ფილმს?

- იმიტომ, რომ სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი იღებს შეთავაზებას ელექტრონული ფოსტიდან, წერილი სპამის ბლოგში ვარდება. ადრესატს, ანუ ჩემს გმირს მოეწონება შემოთავაზება და მეგობრებს წაიყვანს წერილში მითითებულ ადგილზე დროის გასატარებლად.

რეალურად რა გამოვა აქედან და როგორ დაისვენებენ, ამას ფილმში ნახავთ.

- ვინ წერს წერილს?

- ეს არ ჩანს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ბოროტმა სულებმა გაგზავნეს მთავარი გმირის "მაილ ბოქსში". სცენარი დათო აბულაძეს და ეკატერინე ჭკადუას ეკუთვნის.

- და მართლა რეალურ ამბავზე აიგო?

- დიახ. გადმოცემის თანახმად, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში ხალხს ურმის ბორბალი ხოცავდა. ერთხელაც ბორბალი დაიჭირეს, ხეზე მიაბეს და დაჩეხეს. დილით კი ხალხი საშინელების მოწმე გახდა, - ბორბლის ნაცვლად ხეზე კაცი იყო მიბმული, სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული...

სწორედ ამ საბედისწერო ბორბლის ამბავია გამოყენებული ფილმში და დაკავშირებულია ოჯახურ ტრაგედიასთან: მთავარი გმირის და უგზო-უკვლოდ კარგავს შვილს. ბავშვის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ ამ ოჯახში უცნაური ამბები იწყება...

- როგორი განცდა გქონდა ფილმის დასრულების შემდეგ, ხომ არ შეშინდი?

- ფილმში ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ მართლაც მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს. მომწონს, რომ სპეცეფექტები ადგილზე კეთდება და არა კომპიუტერით.

სოსო გვასალიას სპეცეფექტები ხელოვნურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. შიში ერთ-ერთი კადრის გადაღების შემდეგ დამეუფლა, როცა ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი გოგონა სარკეში ხედავს თავის სიკვდილს. იმდენად რეალურად იყო ასახული ეს სცენა, რომ ძალიან იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე...

- ხომ არ მიგიმართავს ამის შემდეგ ეკლესიისთვის, მოძღვრისთვის?

- არა, თუმცა, ფილმში არის ეპიზოდები, რომელთაც ეკლესია კრძალავს. ეს ეხება თუნდაც სულების გამოძახებას. თუმცა ფილმში ერთ-ერთი გმირი ამბობს, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, სპირიტულ სეანსებს ეკლესია კრძალავს, როგორც ხალხისთვის სახიფათოსო.

მიუხედავად ასეთი შეგონებისა, ცნობისმოყვარე ახალგაზრდები მაინც აგრძელებენ ამ თამაშ-ექსპერიმენტს და რა შედეგსაც აღწევენ, ამას უკვე მაყურებელი იხილავს.

- როგორ ფიქრობ, რას მისცემს ეს ფილმი მაყურებელს?

- ფილმიდან, სულ  მცირე, საინტერესო ამბავს მაინც წამოიღებ, რომელსაც ალბათ სხვებსაც მოუყვები და მის შინაარსზეც დაფიქრდები.

ამასთან, ფილმი მნიშვნელოვანი  დასკვნების გაკეთებაშიც დაგეხმარება - ფილმის მთავარი გმირი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ნარკომანია უაზრობაა.

- "სპამი" შენი პირველი ფილმია?

- მანამდე ორ ფილმში ვარ გადაღებული, ეპიზოდურ როლებში. ვერ ვიტყვი, რომ რამე საინტერესო ვითამაშე. ამიტომაც მგონია, რომ ეს ჩემი პირველი გამოცდა იყო კინოში.

ფილმში  ორი არაპროფესიონალი ვართ, მე და გოგონა-მოჩვენება. უკვე ვგრძნობ, რომ გადასაღებ მოედანზე ყოფნა მენატრება. მიხარია, რომ საქართველოში კინოს გადაღების ასეთი ბუმი დაიწყო.

მოხარული ვიქნები, თუ კინოდაფინანსების ტენდენცია გაგრძელდება. ასე ბევრი საინტერესო და ახალი ფილმიც შეიქმნება და ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.