"რისიც მეშინოდა, ამიცხადდა, ჩემი პერსონაჟივით შინაბერა დავრჩი" - კვირის პალიტრა

"რისიც მეშინოდა, ამიცხადდა, ჩემი პერსონაჟივით შინაბერა დავრჩი"

ლია გოგელიას კინოში სამი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული "კუჩხი ბედინერში"- შინაბერა, "სიყვარული ვენახში"- მეზობელი ქალი და სერიალ "ცხელ ძაღლში" ტელეგრაფისტი. ამბობს, რომ კამერის წინ მუშაობა ძალიან მოეწონა, თუმცა მის მთავარ სიყვარულად კადრს მიღმა სამუშაო რჩება.

"ერთ-ერთ მსახიობს ბატონმა ზაზა ურუშაძემ ჩემი თავი ასე გააცნო: იცი, ლიას კინოში მუშაობის რამხელა სტაჟი აქვს, "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" რომ გადაიღეს, იქაც რეჟისორის ასისტენტი იყოო. მსახიობმა ჯერ ეჭვით შემოგვხედა, ჩვენ რომ გამომეტყველება არ შევიცვალეთ, დაიჯერა და ქათინაურით გულუხვად დამაჯილდოვა. რამდენიმე წუთი რომ გავიდა, მომიტრიალდა და მეკითხება, კი მაგრამ, რამდენი წლისა ხართო?! ვუთხარი, აკაკის მოგზაურობა 1912 წელს არის გადაღებული, თუ იმასაც ვიფიქრებთ, რომ მაგ დროისთვის 15 წლის მაინც უნდა ვყოფილიყავი, გამოდის, 117 წლის ვყოფილვარ-მეთქი", - სიცილით იხსენებს ქალბატონი ლია. ახლა ის 80 წლის გახლავთ.

- დედა ხშირად ავადმყოფობდა და მეც იძულებული ვიყავი, საღამოს სკოლაში გადავსულიყავი. ჩემი კლასელი, ლადო ჯიოევი, კინომექანიკოსი გახლდათ და ყოველი ახალი ფილმის გამოსვლა მისი წყალობით უნახავი არ გვრჩებოდა. ერთხელაც მორიგი ფილმის ნახვის შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდი, ვუთხარი, ბედნიერი ხარ, ასეთ საოცარ ადგილას რომ მუშაობ-მეთქი. შენც გინდა მუშაობაო? - მკითხა. სიამოვნებით ვიმუშავებდი-მეთქი. იმავე დღეს სუბტიტრების საამქროში მიმიყვანა და რეჟისორი ალექსანდრე ჯალიაშვილი გამაცნო. მეორე დღესვე მუშაობა დავიწყე.  ხელფასი 60 მანეთი მქონდა და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. ეს იყო 1954 წლის 1-ლი დეკემბერი.

- რა გევალებოდათ?

- ფილმისთვის მსახიობთა დიალოგი ითარგმნებოდა ქართულად, მე სუბტიტრების თანამიმდევრობას ლუპით ვეცნობოდი, ვნომრავდი და ტექსტებს ვაწყობდი. ორი წლის შემდეგ ჩვენი სამსახური კინოსტუდიას შეუერთეს. მოგვიანებით კი დუბლაჟის საამქროში რეჟისორის ასისტენტად გადამიყვანეს. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ადამიანებთან ვიმუშავე, როგორიც გახლდნენ:  ირაკლი უჩანეიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე და სხვები.

ახლა გახმოვანება გაცილებით ადვილია, მაგრამ არ მომწონს, მთელ ფილმს ერთი კაცი რომ ახმოვანებს და სიუჟეტის შესატყვისადაც არ მიმდინარეობს დიალოგები.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა კინოს ვერ ვუღალატე და ისევ ამ სისტემაში დავრჩი სამუშაოდ. დღეისათვის დაახლოებით 50-ზე მეტ ფილმზე ვარ ნამუშევარი.

კადრი ფილმიდან "კუჩხი ბედინერი" ერთ დღეს რეჟისორმა გურამ პატარაიამ "კუჩხი ბედინერისთვის" ოთხი შინაბერას მოძებნა დამავალა. პირველად ჩვენი ჩამცმელი ციური გამოგვადგა, მეორე ტელევიზიაში აღმოვაჩინე, მესამე - კინოსტუდიის სასადილოში. გურამმა სამივე მომიწონა, მეოთხე შინაბერად კი ვინც კი წარვუდგინე, ყველა დამიწუნა. ამის გამო ორი დღე გადაღებაც კი ჩაშალა. საგონებელში ჩავვარდი, ხელები გავშალე და გამწარებულმა ვუთხარი, შენი მოსაწონი შინაბერა ვერავინ ვიპოვე, შენც ადექი და მე გადამიღე-მეთქი. სიხარულისაგან გაიბადრა, ვერ გაგიბედე, თორემ მაგ როლისთვის შენ ხარ ზედგამოჭრილიო. ასე შედგა ჩემი კინოდებიუტი.

ფილმის გადაღებისას უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა, მე ხომ პირველად აღმოვჩნდი კამერის წინ. მერე და მერე როლში რომ შევედი, ამეკვიატა, ვაითუ, მეც შინაბერა დავრჩე-მეთქი. ისე აგიხდეთ, ყველაფერი კარგი, როგორც მე ამიხდა -  ჩემი პერსონაჟივით, მეც შინაბერა დავრჩი.

გარკვეული ხნის შემდეგ გიორგი შენგელაიამ გადამიღო ფილმში "სიყვარული ვენახში", ლია, გო, შენ ქმარს მიხედე-მეთქი, ია ფარულავას გმირს რომ ვეძახი, აი ის ვარ. მესამედ სერიალში "ცხელი ძაღლი" ტელეგრაფისტი ქალი განვასახიერე. ბოლო ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, იყო "მანდარინები". მოხარული ვარ, რომ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შორის ამ ფილმის ტიტრებში ჩემი გვარიც ფიგურირებს.

ეკა სალაღაია