ჯარისკაცი ერთი კვირით
10-08-2015
ჯარისკაცი ერთი კვირით
სამი დღე სენაკის სამხედრო ბაზაში გავატარე. წლების წინ მთავრობა ისეთ რეკლამას უწევდა იქაურობას, რომ ვიფიქრე, ქართული შეიარაღებული ჯარების მეორე ბრიგადაში კი არა, პირდაპირ ნატოში შევაბიჯებდი. მოლოდინი გამიცრუვდა

ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებში მედიატურში მონაწილეობა შემომთავაზა. - ერთი კვირა ჯარისკაცის ცხოვრებით უნდა მეცხოვრა.


მოგზაურობა ჯარში აჭარის რეგიონიდან დაიწყო. ურეხის ბაზაში, სადაც საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმია დისლოცირებული, კონდიცირების უქონლობის გამო ძალიან ცხელოდა. ამიტომაც სასადილოში, მრავალფეროვანი მენიუს
მიუხედავად, ჭამის მადა დაგეკარგება. ჯარისკაცები მახრჩობელა ხვატს მდუმარედ უძლებენ. მათ ხომ იციან, რომ  ჯარისკაცობა ყოველგვარ კომფორტზე უარის თქმასა და ნებისმიერი ტიპის მძიმე პირობების მოთმენას ნიშნავს. არადა, ჯარისკაცის უფლებები განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს მშვიდობიან პერიოდში. ის ხომ მზად არის თავი მსხვერპლად შემოგვწიროს, ამიტომაც მუდამ უნდა გრძნობდეს,
რომ პროფესიული გადაწყვეტილება უფასდება. 

ურეხში მიღებული შთაბეჭდილებები გამიმძაფრდა სენაკში, სორტაში, კოპიტნარისა და ქუთაისის ბაზებში, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრის სასადილოებში. უჰაერობა, სიცხე და ბუზები მათ ძალიან ამსგავსებს ერთმანეთს. არადა, თუნდაც მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზების სასადილოების კონდიცირების სისტემით აღჭურვას ერთი თუ არა, ორი ძვირად ღირებული ჯიპის შესაძენი თანხა  ეყოფოდა. მძიმე მდგომარეობაა საკონფერენციო დარბაზებსა და სასწავლო ოთახებში, სადაც სიცხით გათანგულს ძალიან გამიჭირდა რამდენიმე ძალიან საინტერესო სესიის მოსმენა.

ნატოს დამკვირვებელი რომ ვყოფილიყავი, ბაზებში ნანახი პირობების შესახებ ხელმძღვანელობას მოკლედ მოვახსენებდი: "ამ ქვეყანაში არ იციან, რას ნიშნავს ჯარისკაცის უფლებები".

როგორ წარმოგიდგენიათ ვარჯიში სპორტულ დარბაზში, სადაც კონდიცირება არ არსებობს და ღია ფანჯრებიდან ტენიანი, ცხელი ჰაერი უბერავს? გგონიათ, ნატოს“ ჯარისკაცი ასეთ დარბაზში ივარჯიშებს? არადა, ყველა სამშვიდობო მისიაში, სადაც ქართველები მონაწილეობენ, ქართველი ჯარისკაცი სამაგალითოა.
ქართული ჯარის ერთ-ერთი პრობლემა სუიციდის შემთხვევებია. ერთ-ერთ წვევამდელს, რომელმაც ვენები გადაიჭრა, სულზე მიუსწრეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამოვლის დროს ვინახულეთ. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ შეშფოთებულია ჯარში სუიციდის ფაქტების გამო და ისეთი პირობების შექმნა სურს, სადაც ჯარისკაცი მხოლოდ სიკვდილზე გამარჯვებაზე იფიქრებს. არ მიკითხავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას, რადგან დაპირებების მოსმენას გაკეთებულის ნახვა მიჯობს. სუიციდი ჯარში ცალკე პრობლემაა, რომელსაც, ალბათ,  სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს და გულმოდგინე კვლევას საჭიროებს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯარისკაცზე, მით უმეტეს, წვევამდელზე, გავლენას არ ახდენდეს მძიმე საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემო, ჩახუთული სასადილოები, სპორტდარბაზები, სასწავლო ოთახები, ტუალეტები და საშხაპეები, რომელთა უმრავლესობა დაზიანებულია და ამიტომაც სრულად შესაცვლელია.

თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზაზე
სენაკის ლაზარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტში ჯარისკაცის კი არა, პაციენტის უფლებებიც კი არ არის დაცული. პალატები მეორე სართულზეა, სველი წერტილი კი მხოლოდ პირველზე და შეუძლოდ მყოფი ჯარისკაცი იძულებულია, ტუალეტში პირველ სართულზე იაროს(?!)  

სამი დღე სენაკის სამხედრო ბაზაში გავატარე. წლების წინ მთავრობა ისეთ რეკლამას უწევდა იქაურობას, რომ ვიფიქრე, ქართული შეიარაღებული ჯარების მეორე ბრიგადაში კი არა, პირდაპირ ნატოში შევაბიჯებდი. მოლოდინი გამიცრუვდა. ბაზა 2005 წელს აშენდა,  საბჭოური პროექტით, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, კონდიცირების გარდა, სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტორი და დეტალი არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომაც ყაზარმებში ისე ცხელა, რომ ჟურნალისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ღამით ეზოში დაიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რაღაც ათი წელი გავიდა, შენობების ერთი ნაწილი ისეთი ამორტიზებულია, თავიდან აშენებას საჭიროებს. არადა, ყველაფერი ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა გააკეთეს, რაც მაშინდელი ხელისუფლების მტკიცებით, ხარისხის გარანტია იყო.
სენაკის სამხედრო ბაზის სასტუმროს იმ ნომერში, სადაც ვცხოვრობდი, სააბაზანოში კაფელს ხელის ერთი დარტყმა ეყოფოდა, ზრიალით რომ ჩამოშლილიყო...

სენაკის სამხედრო ბაზა
არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს მთელი კვირა მხოლოდ წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას შევალიეთ და საკუთარ ტყავზე ოდნავადაც ვერ გამოვცადეთ, რას ნიშნავს ჯარისკაცობა.
საერთოდაც, ჯარში ყოფნამ, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამხედრო დატვირთვა არ გვქონია, მომცა უფლება, ვთქვა: დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე, სიამოვნებით გავხდებოდი ჯარისკაცი. ამას ვფიქრობდი დილით, როდესაც ჯართან ერთად უთენია ვდგებოდით და ვემზადებოდით ბაზიდან ბაზაში გადასასვლელად. ის, დრო, რომელსაც ჯარი ვარჯიშს ანდომებდა, ჩვენ გზაში უნდა გამოგვეყენებინა,­ რათა შემდეგ ბევრის ნახვა და მოსმენა მოგვესწრო.  
სამხედრო სამსახურზე ვფიქრობდი, როდესაც ხონის საარტილერიო ბრიგადას ვესტუმრეთ და შევხვდით ჯარის იმ ნაწილს, რომელმაც 2008 წლის ომი ცოცხალი ძალის უდანაკარგოდ გაიარა და სამხედრო სპეციალისტების თქმით, კარგად გააკეთა თავისი საქმე.

გული დამწყდა, რომ ჯარისკაცი არა ვარ, როდესაც საარტილერიო ბრიგადის საწვრთნელ ბაზაში სასწავლო სროლას დავესწარი და ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი მოვირგე. სამხედრო სამოსსა და საჭურველს რომ განსაკუთრებული ძალა აქვს, არა მგონია, ასე ემოციურობის გამო ვფიქრობდე. იმ დღეს პირველად მოვირგე ჯავშანჟილეტი. მძიმე იყო, მაგრამ როგორც კი წელსა და მხრებში გავსწორდი, უცნაური სიმსუბუქე და ძალა ვიგრძენი, ისეთი, რაც თამამად გათქმევინებს: "ვემსახურები სამშობლოს!"

სორტის საწვრთნელ ბაზაში ჟურნალისტებს შესაძლებლობა მოგვეცა, სროლაში გვეცადა ბედი. "წარმოიდგინე, შენ წინ მტერია", - მესმოდა კოლეგების და უკვე დამეგობრებული ჯარისკაცების ხმა. პირველ ცდაზე მეტისმეტად ძნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ სამიზნედ მტრის წარმოდგენა, იარაღის ფლობა, მიზანი ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე მეკარგებოდა და გადავწყვიტე, გასროლის დროს სუნთქვა შემეკავებინა. ჩაფხუტიც ხელს მიშლიდა, თვალებში მეფხატებოდა და დავიჟინე, არ მინდა-მეთქი. რას ჰქვია, არ გინდა, ირგვლივ მტერია ჩასაფრებული და სწორედ შენი თავი აქვთ მიზანში ამოღებულიო, მეხუმრებოდნენ ჯარისკაცები.

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაში კედელზეც ავცოცდით, სიმაღლიდან თოკითაც დავეშვით და დრო რომ გვქონოდა, კიდევ ბევრ წვრთნაში მივიღებდით მონაწილეობას, რადგან არც ჩვენი, ჟურნალისტების, და მით უფრო, არც მასპინძლების მიზანი არ არის გართობაში დროის ან ფულის ხარჯვა. ერთხმად მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს სამხედრო თემებზე, მეტ-ნაკლებად უნდა ფლობდეს სამხედრო ხელოვნებას. ღმერთმა გვაშოროს და, საომარი მოქმედებების დროს, სულ ცოტა, იმდენი მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ თავდაცვა შევძლოთ და ჯარისკაცების ზურგით სათრევი არ გავხდეთ.

რა სალაპარაკოა, ჩემი, როგორც „წვევამდელი ჟურნალისტის ჩუბინობა, მაგრამ, როდესაც მიზანში ერთიც ვერ მოვახვედრე, გულგატეხილმა თავი იმით დავიმშვიდე, რომ თუ დასჭირდება, ქვეყანას პროფესიონალები დაიცავენ. ისე, მთელი ჯარი რომ სვამდეს ტყვიას ტყვიაში, არ კმარა იმისათვის, რომ ჯარს ძლიერი, ქვეყა­ნას კი დაცული ერქვას. თავდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის განკუთვნილი თითოეული პროექტიც უნდა ჰგავდეს ტყვიას, რომელიც ათიანში ხვდება.  

"ხვითის ბრძოლის გმირები ცოცხლები ვართ"


2008 წლის აგვისტოში ხვითის გმირული ბრძოლის მონაწილე ლევან ჯანგირაშვილმა დანანებით თქვა, დღემდე ხვითის ბრძოლის მონაწილეების შესახებ ისე იწერებოდა, თითქოს ყველანი გმირულად შევაკვდით მტერს. სტატიების კომენტარებში ხალხი ჩვენს ხსოვნას პატივს მიაგებს. სასიამოვნოა საზოგადოების თბილი დამოკიდებულება, მაგრამ ცოცხლები ვართ და იმ საბედისწერო დღეს მხოლოდ ორი მებრძოლი: კაპრალები ლევან მანძულაშვილი და თეიმურაზ ბერიძე დაიღუპნენ, როდესაც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარიდან სროლას ცდილობდნენ. ლევანი დაუოჯახებელი იყო, თეიმურაზს კი 2 შვილი დარჩა.

სენაკში დისლოცირებული მეორე ბრიგადიდან ომში სულ 35 კაცი დაიღუპა. მათ შორის იყო 17 „შინდისელი გმირი.
"11 აგვისტოს, დილის 11-12 საათზე, სოფელ ზემო ნიქოზიდან ზემო ხვითის მიმართულებით მასიურად შემოგვიტიეს მძიმე რუსული ჯავშანტექნიკით, უკან ჩეჩნური ბატალიონი მოჰყვებოდათ. ჩვენმა ბატალიონმა ღირსეულად მიიღო ეს ბრძოლა და მძიმე ზარალი მივაყენეთ მოწინააღმდეგეს. მაშინ 23-ე ბატალიონში ვიყავი და დაზვერვის ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ორიოდე საათის დაბრუნებული ვიყავი მოწინააღმდეგის მისადგომებიდან, მეთაურს მოვახსენეთ მიღებული ინფორმაცია და მივიღეთ დავალება, კიდევ წინ წავწეულიყავით მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებების დასაზვერავად. სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწარით, ჭურვები გვესროლეს, მერე ტანკი გამოჩნდა და გაიხსნა ცეცხლი.... ჩვენს ბიჭებს საბრძოლო გამოცდილება ერაყში ჰქონდათ მიღებული. შემდეგ არაერთი საველე სწავლებაც გაიარეს და გამოცდილებამ შედეგი მოიტანა. მეამაყება, რომ  რვაკაციანმა ჯგუფმა ავაფეთქეთ ერთი Т-72, ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 და მოწინააღმდეგეს თავი დავამახსოვრეთ",“ - იხსენებს ლევანი.
ავტორს
16 აგვისტო 2015 07:36
უსამართლო ხართ,რადგან ამით თქვენ ერთობით,ვითომ სტატიას ამზადებთ,მინისტრს ასიამოვნებთ,არადა ეგ ბაზა ყველაზე მაგარი ბაზაა საქართველოში,მიუხედავად იმისა,რომ 2008 წელს რუსეთმა პირწმინდად გაძარცვა უნიტაზების ჩთვლით,ძველი ბაზებიც უნდა გენახათ ედიკას დროს და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
გულნარა
12 აგვისტო 2015 18:17
აგიხდა ჯარისკაცობაზე ოცნება,გულიანი გოგო ხარ
ia
10 აგვისტო 2015 22:42
რა გაგკვირვებია, გამეცინა!საქართველოში "ძაან გვიანია" ან "ძაან ადრეა" ხოლმე... თან ყველგან. ცოტა ადრე მისულხარ იქ, სადაც იყავი, მეგონა რამე ისეთი ნახე და გეგონა, ჩვენ რომ არ გვეგონა!

რედაქტორის რჩევით