"ელვა.GE-ს კურიერი ჩემი ოჯახის წევრი გახდა"
10-08-2015
"ელვა.GE-ს კურიერი ჩემი ოჯახის წევრი გახდა"
მალემსრბოლნი, მოყვირალი მოამბეები, დაფდაფების ტელეგრაფები, შიკრიკი, საფოსტო მტრედები, ფოსტალიონი - კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ამ პროფესიამ სახელი და დანიშნულება რამდენჯერმე შეიცვალა.დღეს მათ კურიერებად მოიხსენიებენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ პირველად ამ პროფესიის ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე გამოჩნდნენ. მაგალითად, უხსოვარ დროში მტრის შემოსევას პირველნი მალემსრბოლნი იგებდნენ: თუ ღამე მეციხოვნეები კოშკზე ცეცხლს დაანთებდნენ, დღისით კი კვამლის დაკლაკნილი ენა გამოჩნდებოდა, მალემსრბოლებმა იცოდნენ, რომ ეს ხიფათის მაუწყებელი იყო და მტრის
შემოსევას მთელ ქვეყანას ატყობინებდნენ. ინფორმაციის გადაცემისა და გაცვლის ადრეულ მეთოდოლოგიაზე ანტიკური მითოლოგიაც ვრცლად მოგვითხრობს. თუნდაც ღმერთების შიკრიკი ჰერმესი გავიხსენოთ ან ლეგენდარული მარათონელი, ძველი საბერძნეთის სოფელ მარათონიდან, რომელმაც ორმოცდაორ კილომეტრზე მეტი გაირბინა და ათენში სპარსელებზე გამარჯვების ამბავი მიიტანა.

ადრეული სტანდარტებით შიკრიკი, იგივე მალემსრბოლი, მამაცი, ძლიერი და
ამტანი უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული, ძვ. წ. 2300 წლის წინ თანამედროვე ფოსტალიონის წინაპარნი ქალაქიდან ქალაქში, სახელმწიფოდან სახელმწიფოში დადიოდნენ და გზაში უამრავი ხიფათის მიუხედავად, იეროგლიფებიანი თუ ნახატიანი პაპირუსები ან გამომწვარ თიხის ფილებზე ამოკაწრული წერილები დანიშნულების ადგილამდე მიჰქონდათ.

ჩინელების მიერ ქაღალდის გამოგონებამ შიკრიკებს საქმე საგრძნობლად შეუმსუბუქა - პაპირუსებთან, თიხის ფილებსა და ეტრატებთან შედარებით, ქაღალდი მართლაც ბევრად მარტივი გადასატანი იყო. თანაც დროთა განმავლობაში, შიკრიკები ქვეყნიდან ქვეყანაში ცხენებით, აქლემებით, ზოგან კი თხილამურებით გადიოდნენ ასეულობით კილომეტრს. მოგვიანებით ძველ რომში ფოსტის გადასაზიდად სპეციალური ოთხთვალაც კი შეიქმნა.
კურიერის პროფესიის მიმოხილვისას, ორიგინალური საჰაერო ფოსტა - მტრედებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. საფოსტო მტრედები საჭიროების მიხედვით მეომართა ბანაკებისა თუ ალყაშემორტყმული ქალაქის თავზე დაფრინავდნენ, ხშირად კი მთებსა და ტყე-ველს შეყვარებულებისთვის სანატრელი ამბის მისატანად გადალახავდნენ. წარღვნას გადარჩენილ ბიბლიურ ნოესაც ხომ ხმელეთის სიახლოვე მტრედმა აცნობა. ბუნებრივია, ტექნიკურმა აღმოჩენებმა ფუნქცია ფოსტალიონ მტრედებსაც დაუკარგა. არც ჟიულ ვერნის რომანების განუყოფელი ატრიბუტი, `ბოთლის ფოსტა" უნდა დავივიწყოთ - ოკეანის ტალღებს ბოთლში ან კასრში დაგმანულ წერილებს ანდობდნენ, სხვათა შორის, კურიერებმა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში იმდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რომ მათ არაერთი ძეგლი დაუდგეს, მათ შორის, ამერიკის თითქმის ყველა შტატსა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში. ამ საქმეს არაერთი ცნობილი ადამიანი ემსახურებოდა, მათ შორის, მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი, რომელიც კურიერად სამი წელი მუშაობდა.

დროთა განმავლობაში ინფორმაციის სწრაფი გავრცელება აუცილებელი ფაქტორი გახდა. კურიერის პროფესიაც დროს მაქსიმალურად მოერგო და ის ბევრად მობილური და ოპერატიული გახდა. საბოლოოდ, მასში სამი მიმართულება გაერთიანდა: კურიერი, რომელსაც ადრე  მნიშვნელოვანი გზავნილები გადაჰქონდა და მას, ძირითადად, ომში სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ. ასევე ფოსტალიონი, რომელიც მხოლოდ საფოსტო კომპანიებს ემსახურებოდა და მესამე - ე. წ. ნიუსბოი, ანუ გაზეთის დამტარებლები, რომლებმაც მედიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მათი ძირითადი ტრანსპორტი კი - თანამედროვე მსოფლიოში სკუტერია, რომელიც კურიერის სწრაფად გადაადგილების გარანტიას იძლევა.

სკუტერით გადაადგილდებიან ელვა.გე-ს კურიერებიც. მოგეხსენებათ, კომპანია საქართველოს მასშტაბით პრესისა და წიგნების გავრცელების საქმეში ლიდერობს. მისი სწრაფი და ოპერატიული მომსახურებით მომხმარებლებიც კმაყოფილნი არიან:
დავით ხურციძე, 55 წლის: elva.ge-ს კურიერი უკვე ჩემი ოჯახის წევრი გახდა.
წლებია, წიგნებსა და პრესას ვიწერ, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, კურიერს მათი მოტანა დაჰგვიანებოდა ან ამ ხნის განმავლობაში მასთან რაიმე პრეტენზია გამჩენოდა.

დღევანდელი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, მომსახურების მთავარი ფაქტორი ოპერატიულობა გახდა, ელვა.გე-ს­ თანამშრომლები კი ამ მხრივაც გამორჩეულები არიან. როგორც ვიცი, ახლა სკუტერებით გადაადგილდებიან და გამოძახების ადგილამდე მისვლას საკმაოდ მოკლე დროს ანდომებენ".
დავით ქორიძე, elva.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი: ელვა.გე აქცენტს ყოველთვის კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე აკეთებს.

ჩვენი კურიერები სკუტერებით გადაადგილდებიან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პრესა თუ წიგნი მოქალაქემდე მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ.
ვფიქრობ, კურიერის საქმიანობა ახალგაზრდებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან ანაზღაურების გარდა, მათ წიგნებსა და პრესასთან აქვთ შეხება, თანაც ის ყოველდღიურ რუტინულ შრომას არ მოითხოვს და მუდმივად მოძრაობაშია. მომხმარებლებთან ერთად, კომპანია კურიერებსაც მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის.

ცოტა ხნის წინ კომპანია გზავნილე­ბის ელექტრონულ აღრიცხვაზე­ გადავიდა და ამისთვის ყველა კური­ერი შესაბამისი ტექნიკით, ე. წ. პოკეტებით აღჭურვა. მათ მომავალშიც არაერთ სიახლეს ვპირდებით".

რუსუდან შელია

კურიერის კარიერის
დასაწყებად დაგვიკავშირდით
n.marekhashvili@palitra.ge
595 99 80 53

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით