"მეუღლეს მეათე შვილივით ვუვლი" - 9-შვილიანი ოჯახის მძიმე ტვირთი - კვირის პალიტრა

"მეუღლეს მეათე შვილივით ვუვლი" - 9-შვილიანი ოჯახის მძიმე ტვირთი

ბებიაჩემის კარადაში ჩაკეტილი პატარა ხის ზარდახშის გახსნა მე და ჩემს ძმას მკაცრად გვქონდა აკრძალული. ბაბო 11 წლის წინ გარდაიცვალა. შარშან შვებულება კახეთში გავატარე. ამ პატარა ნივთს შემთხვევით ჩემს ოთახში (რომელიც ადრე პაპას და ბაბოს ეკუთვნოდა) გადავაწყდი. დრო-ჟამისგან ჩაჟანგებულ ბოქლომს გასაღები ვეღარ მოვარგე. უცებ ბაბოს სახე წარმომიდგა - წლების შემდეგ იმ დღეს პირველად უნდა გამეგო, რას ინახავდა ასე საგულდაგულოდ...

შვიდი სამკუთხა წერილი და ვერცხლის მედალიონი, რომელსაც საგვარეულო ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული. სულ ეს არის?! - გავიფიქრე და გაყვითლებული წერილების კითხვას შევუდექი. ყველა ბარათს ერთი ადრესატი ჰყავდა  - ქალბატონი ლილი. ლილი ბებიაჩემის უფროსი და იყო, ამ წერილების ავტორი კი მისი მეუღლე.

"ლილი, ჩემო ძვირფასო, იმედია, ეს ომი მალე დამთავრდება და საღ-სალამათი დაგიბრუნდები... ვიცი, უჩემოდ ყოფნა გიჭირს, მაგრამ მე სამშობლოსთვის, შენთვის და ჩვენი მომავალი შვილის მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებისთვის ვიბრძვი. ლილი, ჩემო მეუღლევ, დათიკოს და მარგოსაც 7 წელი არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ხომ ნახე, როგორ აუხდათ დიდი ხნის ოცნება. კიდევ ათი წელი რომ მოგვიწიოს ლოდინმა, ჩვენც აუცილებლად გავხდებით მშობლები...

მარიამობისთვე 17, 1943 წელი"

შოთა პაპა ომიდან აღარ დაბრუნებულა. ლილი ბაბომ მთელი სიცოცხლე მის ლოდინში გაატარა...

ლილი ბაბოსა და შოთა პაპას არა, მაგრამ 39 წლის ნატო და ლევან ჭაფანძეებს ნამდვილად გაუმართლათ. ჰყავთ 22 წლის ტყუპი: ელენე და გიორგი, 12 წლის ნიკა, 11 წლის ლიზი, 10 წლის ლუკა, 7 წლის ლევანი,  5 წლის ტყუპი: ლიკა და სალომე და 4 წლის საბა. უკვე წლებია, ჭაფანძეები დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ, თბილისის უბნიდან უბანში ქირაობენ ბინას... თანატოლების მსგავსად ამ პატარებსაც ოცნებები აქვთ. ნიკას პრეზიდენტობა და "ფლესითეიშენი" უნდა, ლუკას ფეხბურთელობა და ველოსიპედი, ლიკა და სალომე თოჯინებზე ოცნებობენ, საბა და ლიზი კომპიუტერზე... დედას რამდენიმე წელია, ჯანმრთელობა შეერყა, ბოლო თვეებია, საწოლს მიეჯაჭვა. მეუღლის და შვილების მოვლა-პატრონობა ოჯახის უფროსს დააწვა.

საგულდაგულოდ მოვლილ ეზოში პატარები და ოჯახის უფროსი შემეგებნენ. ერთსართულიანი სახლის კიბესთან ბავშვებს თავისი ხელით მოუწყვიათ პატარა სამლოცველო. იმის გამო, რომ ნატოს საუბარი უჭირს, მათ ოჯახზე მისი მეუღლე, ლევანი გვესაუბრა.

ლევან ჭაფანძე: - ჩემი ოჯახი წალენჯიხაში ცხოვრობს, მყავს მშობლები და ძმები, მაგრამ მათაც არ ულხინთ. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 2001 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი, ბოლოს რეაქტიული ბატალიონის შტაბის უფროსი ვიყავი. აგვისტოს ომის დროს ვიბრძოდი გორში... მას შემდეგ, რაც მეუღლე ავად გახდა, სამსახურიდან წამოვედი - ცოლისთვის და ჩვენი ცხრა შვილისთვის უნდა მომევლო.

ამ დროიდან იწყება კოშმარი. მუდმივი საცხოვრებელი სახლი არასოდეს გვქონია, ქუჩაშიც კი მოგვიწია ცხოვრებამ, სულ ქირით ვცხოვრობდით. სოფელში სახლი არ გვაქვს, თორემ აქ როგორ გავჩერდებოდით.

ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენით და სწორედ ეს გვაძლებინებს. უფალი თავად მიჩვენებს გზას, როგორ გავუმკლავდე სირთულეებს. უფროსმა ქალიშვილმა ელენემ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში სტილისტობა შეისწავლა, მაგრამ პროფესიით ვერ მუშაობს. მის ტყუპისცალ გიორგის ცერებრალური დამბლა აქვს და უჭირს გადაადგილება, ფიზიკური დატვირთვა მისთვის არ შეიძლება.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- ახლა, სამწუხაროდ, არ მაქვს მუშაობის დრო. მანამდე სხვადასხვა ადგილას მიმუშავია: სამშენებლო ობიექტებზე, ხის საამქროში, სადისტრიბუციო კომპანიაში მტვირთავად და ა.შ. შრომა არასოდეს მითაკილია. ვცდილობდი, ჩემი ოჯახისთვის ელემენტარული პირობები შემექმნა.

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ისევეა დროში მკაცრად გაწერილი, როგორც სამხედრო სამსახურში ყოფნისას იყო. დილის 7 საათზე, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, საჭმელს ვამზადებ, შემდეგ ვსაუზმობთ, ეზოსა და სახლს ვალაგებ, უფასო სასადილოში მივდივარ და ოჯახისთვის მომაქვს საკვები, შემდეგ ბავშვებს ვუვლი. მიუხედავად იმისა, რომ არდადეგებია, მაინც ყოველდღე ვამეცადინებ, შემდეგ ვვახშმობთ, ბავშვებს ვბან და ვაძინებ. უფროსი შვილები კარგი მოსწავლეები არიან, ნიკა მოსწავლეთა ოქროს ათეულში შევიდა, მათემატიკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. ელენე რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ სასტუმროში გამოსაცდელი ვადით დამლაგებლად დასაქმდა. გიორგი კი ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყვა. ძირითად დროს ტაძარში ატარებს. როდესაც მეცხრე შვილი, საბა შეგვეძინა, სამშობიარო ხარჯების ანაზღაურება არ შეგვეძლო, გადასახადი გვქონდა 400 ლარი, პატარას შინ არ გვატანდნენ. მაშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელი დაგვეხმარა.

როცა ბავშვებისთვის საჭმელი არ გვქონდა, მეზობლები გვეხმარებოდნენ. მათი დამსახურებაა, რომ აქამდე მოვედით. მრავალშვილიანი ოჯახისთვის ჭირს ბინის ქირაობა. ხშირად სახლის მეპატრონეებმა არც იცოდნენ, რომ ცხრა შვილი გვყავდა, უფროსებს ვმალავდით. მაგრამ როდემდე დამალავ შვილებს.

რამდენჯერმე ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გავიპარეთ, მაღაზიაში ვალებიც შემოგვრჩა. ვცდილობ, ნელ-ნელა გავისტუმრო. მე ამ ხალხის მრცხვენია, როცა უკიდურესად გვიჭირდა, ისინი დაგვეხმარნენ, მე კი ასე საშინლად მოვექეცი...

ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ამჟამად შეჩერებული გვაქვს. რამდენჯერმე ადგილობრივი თვითმმართველობა დაგვეხმარა, ქირა გადაგვიხადა. ბევრს გაუმართავს ხელი. წინასაახალწლოდ გვესტუმრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც საბას საწოლი მოუტანა, დანარჩენებს პროდუქტები. ზამთარში ბევრჯერ შუქი და გაზი არ გვქონია, კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ მე ცხრა შვილი მყავს და ბევრი გვჭირდება. 2011 წლიდან დაგვენიშნა სოციალური დახმარება. რადგან ხშირად გვიწევს საცხოვრებლის გამოცვლა, პროცედურულად ყოველ ახალ გადასვლას ახალი შეფასება მოსდევს, რაც დროს მოითხოვს და ამ დროს, განსაკუთრებულად გვიჭირს.

უფასო სასადილოდან ყოველდღე ხუთი პური და რაიმე წვნიანი მომაქვს. არ ჰყოფნით ბავშვებს, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია. მეუღლე სულ წევს, მასაც მეათე შვილივით ვუვლი და სამუშაოზე ხშირად ვეღარ გავდივარ. მისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა უსახსრობის გამო. სკრინინგცენტრში მითხრეს, მხოლოდ 40 წლიდან შეგიძლიათ მოგვმართოთო. მეუღლე კი ჯერ 39 წლისაა. ოჯახის ექიმმა გვითხრა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ონკოლოგსო.

ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილებისთვის, სულ პატარები ხომ არ იქნებიან?! ბოლომდე დავიხარჯები და ღირსეულ ქართველებად აღვზრდი. უფროსები არ ამხელენ თავიანთ ოცნებებს, იციან, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა, ავუსრულოთ ნატვრა. პატარებს კი ამდენი არ ესმით...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ palitratv-ze