"მხოლოდ ამის წამოღება მოვახერხე", ანუ რელიკვიად ქცეული ნივთები - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ამის წამოღება მოვახერხე", ანუ რელიკვიად ქცეული ნივთები

გასაღები დაკარგული სახლისა, რომელიც, შესაძლოა, უკვე გაიყიდა და მასში სხვა ცხოვრობს; ჭურვისგან გაკეთებული შანდალი; ჩემპიონი ძაღლის მედლები; გაცრეცილი ფოტოები - ეს იმ გადარჩენილი ნივთების მცირე ნაწილია, რისი წამოღებაც მოახერხეს ქართველებმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების დროს, მშობლიური კერის ნაჩქარევად დატოვებისას. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო ნივთები ომმა საგანძურად აქცია. ბედნიერი წარსული ახლა სწორედ მათში ირეკლება...

"მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან" - ასე ეწოდება პროექტს, რომლის იდეის ავტორიც აფხაზეთიდან დევნილი ნინო კვარაცხელიაა: "ეს ნივთები სამშობლოს გამთლიანებისა და უკეთესი მომავლის იმედს გვინერგავს. ამ ნივთებს ტკივილთან ერთდ იმედიც ახლავს, რომ ერთხელაც შენი სახლის კარს სათუთად შენახული გასაღებით შეაღებ და მიტოვებულ კერას მოეფერები..."

ამის იმედი აქვს სოხუმიდან დევნილ ნანული თურქიასაც, რომელიც 22 წელია, საკუთარი სახლის გასაღებს ინახავს: "როდესაც ომი დაიწყო, ჩემი გოგონა და შვილიშვილი დაძაბულობას თბილისში გავარიდეთ, მე კი ქმარ-შვილთან ერთად სოხუმში დავრჩი. ომი მძვინვარებდა, მაგრამ სისხლის ლაბორატორიაში მუშაობა მაინც არ შემიწყვეტია. დაჭრილებს სისხლის გადასხმა თუ სჭირდებოდათ, ვეხმარებოდით, სტაციონარში ვათავსებდით, ვუვლიდით... 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სახლი დავკეტე, გასაღები ჩანთაში ჩავიდე და საფოსტო ყუთი შევამოწმე. მჯეროდა, ძალიან მალე უკან დავბრუნდებოდი... თბილისში ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ჩემი სახლი კი უსაშველოდ მენატრება. ომის მერე ჩვენი ბინა რამდენჯერმე გაიყიდა, ბევრი პატრონი შეიცვალა. ახლაც  სხვები ცხოვრობენ. ღმერთს შევთხოვ, რომ ამ გასაღებით ჩემი სახლის კარი კვლავ შევაღო - ის ხომ მე მელოდება".

ძაღლის მედლები ერთადერთი ნივთია, რომელიც რეზო გერგედავას მშობლიური სოხუმის მოსაგონრად დარჩა. გერმანული კურცხარი ჰყავდა,„დიკი, რამდენიმეგზის ჩემპიონი. ოქროსა და ვერცხლის მედლებით რეზოს უმცროსი ბიჭი თანატოლებში თავს იწონებდა. მართალია, დიკი მოკვდა, სოხუმი დაკარგეს, მაგრამ იქაურობასთან დამაკავშირებელი სიმი მაინც არ გაწყვეტილა.

დაკარგული სახლის გასაღები, რომელიც, შესაძლოა, უკვე გაიყიდა და მასში სხვა ცხოვრობს; ჭურვისგან გაკეთებული შანდალი; ჩემპიონი ძაღლის მედლები; გაცრეცილი ფოტოები - ეს იმ გადარჩენილი ნივთების მცირე ნაწილია, რისი წამოღებაც მოახერხეს ქართველებმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების დროს "27 სექტემბერს ცოლ-შვილი და დედა ბოლო გემში ჩავსხი და გამოვაცილე, მე და ჩემი მეგობრები კი ჭუბერის უღელტეხილით წამოვედით. ვფიქრობდით, რომ მალე უკან დავბრუნდებოდით, თუმცა... მოგვიანებით ჩემს ოჯახს თბილისში შევხვდი. ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ თურმე ჩემს ბიჭს ჩვენი ძაღლის მედლები წამოუღია... ერთ ამბავს გავიხსენებ: აფხაზეთში საომარი მოქმედებები ახალი დაწყებული იყო, თუმცა, იქაურობას მაინც არ ვტოვებდით. კინდღიდან მეგობარმა ჩამოგვაკითხა, სურსათი ჩამოგვიტანა. მანქანის კარი ღია დარჩა, დიკი შიგ შეხტა. მეგობარმა თან წაიყვანა, ცოტა ხანს მივხედავო. თურმე, საჭმელს პირს არ აკარებდა, არადა, კინდღის ხიდი ააფეთქეს, გზა ჩაიკეტა და ძაღლს ვინ გადმოგვიყვანდა. ორი კვირის მერე, როცა მიმოსვლა აღდგა, მეგობარმა რომ მოგვიყვანა, ვერ ვიცანით - გაძვალტყავებული იყო. მის გადასარჩენად ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ მესამე დღეს მოკვდა. ჩემმა უმცროსმა ბიჭმა მონადირის წესით დაასაფლავა - ხუთი ტყვია გაისროლა ანუ რამდენი წლისაც ძაღლი იყო, ვაზნები კი მის საფლავზე დაალაგა. როცა ამ მედლებს ვუცქერ, თვალწინ მიდგას ჩემი სახლი, ქალაქი, “დიკი... ღმერთმა ინებოს, რომ ძალიან მალე აფხაზეთში დავბრუნდეთ".

2008 წლის 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ირმა ჭავჭავაძეს შვილმა შეყვარებული ქალ-ვაჟის ქანდაკება უსახსოვრა. სამაჩაბლოს სოფელ ნულში მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ზუსტად ხუთ თვეში აგვისტოს ომი დაიწყებოდა. ქანდაკება ერთადერთი ნივთია, რომელიც ოჯახს მშობლიური კუთხის მოსაგონრად დარჩა. „

"ტყვიების წვიმა მოდიოდა. შინ შევვარდი და კარადის უჯრები გამოვაღე, სადაც ძვირფასეულობა მქონდა შენახული. ხელი არაფრისთვის მიხლია, იქვე მდგარ ქანდაკებას შევხედე, ხელი ვტაცე და გამოვიქეცი. იმ დროს ჩემი შვილი ვარციხეში იყო. გვითხრეს, ვარციხესაც ბომბავენო. ვიფიქრე, იქნება ჩემს შვილს რა უჭირს, ვეღარც ვნახო და ჩავიხუტო, ძვირფასეულობაზე მეტად ძვირფასი ხომ ჩემი შვილია-მეთქი. სოფელ ნულში ჩვენი სახლი გადაწვეს. ოღონდ დავბრუნდეთ და იმ დანგრეულშიც ბედნიერად ვიცხოვრებ".

სოხუმიდან დევნილმა ვახტანგ სიგუამ ომის დროს ჩამოგდებული ჭურვისგან შანდალი გააკეთა. როცა სოხუმში დარჩენა გარდაუვალ სიკვდილს უქადდათ, ფეხმძიმე მეუღლე თბილისში გამოამგზავრა, თვითონ კი დარჩა. ფიქრობდა, რამდენიმე დღეში სიტუაცია განიმუხტებოდა... სოხუმის დაცემის დღეს ქვეყანას ვახტანგის პირმშო მოევლინა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. პატარას დედის სახელი - ლიკა დაარქვეს. ის უკვე 20 წლისაა, მამის გაკეთებული შანდალი კი მისთვის უცნობი ულამაზესი კუთხისა და დედის ერთადერთ მოსაგონრად დარჩა.

სალომე გოგოხია