"4, 9 და 12 წლის ბავშვებმაც მიიღეს მზით დამწვრობა" - კვირის პალიტრა

"4, 9 და 12 წლის ბავშვებმაც მიიღეს მზით დამწვრობა"

როგორ ავიცილოთ მზეზე "დახრუკვა"

"როგორც წესი, მზისგულზე ვერ გრძნობთ, რომ დაიწვით, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდება, იწყება წვა, კანის დაჭიმვა, ტკივილი და სიწითლე"

"არაფერია იმაზე საშინელი, როგორც ასპირინისფერი კანი", - კოკო შანელის ამ ლეგენდარული ფრაზის შემდეგ მსოფლიოში ნამზეურის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

მას შემდეგ ნამზეურის მსურველთა რაოდენობა გაცილებით გაიზარდა. მრავალფეროვანი გახდა მეთოდებიც, რომელთა ძიებას ხშირად არცთუ სახარბიელო შედეგი მოაქვს.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ლეღვის ნახარშით გარუჯვის მსურველები. თურმე ეს "მეთოდი" მხოლოდ საქართველოში გვხვდება და შეგვიძლია საავტორო უფლებებისთვისაც ვიბრძოლოთ.

იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, პლასტიკური ქირურგის, გუგა ქაშიბაძის თქმით, "ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც წაისვა ლეღვის ფოთლების ნახარში და ნამზეური მიიღო. ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმა პირდაპირპროპორციულია დამწვრობის ცენტრის კოლექტივის გაცნობისა".

შარშანდელთან შედარებით, წელს დამწვრობის ცენტრს 30%-ით მეტმა მოქალაქემ მიმართა სოლარული (ანუ ნამზეურის მიღების მიზნით) დამწვრობით. მხოლოდ გასულ კვირას 80 პაციენტი მიიღეს.

გუგა ქაშიბაძე: - წელს დაფიქსირდა შემთხვევები, რომლებიც ადრე იშვიათი იყო: ბავშვებმა (4, 9 და 12 წლის) მიიღეს მზით დამწვრობა, თანაც ისეთი, რომ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ: გადასხმებით, ანალიზებითა თუ ტესტებით, რაც, ბუნებრივია, აღმაშფოთებელია. ადრე ნამზეურით მიღებული დამწვრობები უფრო ხშირად გოგონებს შორის გვხვდებოდა. ახლა გათანაბრდა რაოდენობა გოგონებსა და ვაჟებს შორის.

მზით დამწვრობა განსაკუთრებით მკვეთრად მოქმედებს ბავშვებსა და მოხუცებზე, რადგან თხელი კანი აქვთ და ამიტომ მათი ორგანიზმი უფრო სუსტია მზის მიმართ. იცით, როგორ იქცევიან? დაიწვებიან, ბუშტუკები გაუჩნდებათ, გაიხეთქავენ და რადგან სულ ერთკვირიანი შვებულება აქვთ, სასტუმროში ხომ არ გაჩერდებიან, ისევ მიდიან პლაჟზე. დამწვარი კანით ისევ მზეს ეფიცხებიან და არიან ტანჯვა-წამებაში. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ არა ასეთს...

დამწვრობის თავიდან ასაცილებლად მარტივი ტესტი არსებობს: როცა გავდივართ მზეზე და ჩვენი ჩრდილი ძალიან გრძელია, მაშინ მზე უსაფრთხოა. როცა ჩრდილი დამოკლდება, ერთი ციდა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მზე ზენიტშია და ჩრდილში უნდა გადავინაცვლოთ. როგორც წესი, მზისგულზე ვერ ვგრძნობთ, რომ დავიწვით, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდება, გვეწყება წვა, კანის დაჭიმვა, ტკივილი, სიწითლე, დისკომფორტი...

- გასულ წლებში მოდური გახდა ლეღვის ფოთლების ნახარშით გარუჯვა, რასაც ხშირად დამწვრობა მოჰყვება. წელს თუ ჩაენაცვლა მას რაიმე მეთოდი?

- პირველობას ისევ ეს მეთოდი ინარჩუნებს, თუმცა სხვა მეთოდებიც "შეიმუშავეს". თავად მინახავს საამისოდ განკუთვნილი ქაღალდზე ჩამოწერილი ინგრედიენტები: სოდა, გაზიანი სასმელი, სტაფილოს წვენი, დამწვარი შაქარი და კიდევ რაღაცები. ლეღვის ნახარში გაცილებით აქტიურია, ქიმიურ დამწვრობას იწვევს. მისთვის აუცილებელი არ არის მზისგულზე წამოწოლა.

წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის 6 შემთხვევა გვქონდა, აქედან 4 მათგანი ახლაც მკურნალობს. ლეღვის ნახარშით დამწვარი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი წელს 21 წლის იყო, ყველაზე ხანში შესული -  62 წლის.

ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობა წმინდა ქართული ნოვაციაა. უცხოელ კოლეგებთან ხშირად მაქვს ურთიერთობა და მსგავსი რამ მათგან არ გამიგია.

აკრძალულია!

არავითარ შემთხვევაში არც რუჯის მიღებამდე და მით უმეტეს არც დამწვრობის შემთხვევაში, კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი, ან ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები, რადგან ცხიმი იწვევს მზის სხივების გარდატეხას, ეს კი გამოიწვევს უფრო ძლიერ დამწვრობას და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

არ შეიძლება სპირტი და სპირტზე დამზადებული ნივთიერებების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ დამწვარი კანის ძლიერად გამოშრობა და გაღიზიანება გამოიწვიონ.

დამწვრობის ადგილზე გაჩენილი ბუშტუკების დაჩხვლეტა, მასში არსებული სითხის იძულებით გამოდევნა და კანის იძულებით მოცილება (აქერცვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანის უჯრედები უკვე მკვდარია და მისი მოცილება ტკივილს არ იწვევს).

ეკა სალაღაია