"ბუნების საიდუმლო ამოიხსნა!" - ქართველი მეცნიერი, რომელიც უდიდეს ექსპერიმენტზე მუშაობს - კვირის პალიტრა

"ბუნების საიდუმლო ამოიხსნა!" - ქართველი მეცნიერი, რომელიც უდიდეს ექსპერიმენტზე მუშაობს

ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო სამეცნიერო წრეებში უკვე არაერთმა ქართველმა გაითქვა სახელი. მათ შორის არის ფიზიკოსი გია ყორიაული, რომელიც უკვე წლებია, საზღვარგარეთ მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი კი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც გასულ წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა. ზაფხულის არდადეგებზე გია ყორიაული სამშობლოში ჩამოვიდა, ჩვენც სწორედ ამ დროს ჩავწერეთ ინტერვიუ.

- ქალაქ მაინცში, იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობ. იმავდროულად, ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში ვსაქმიანობ, სადაც უდიდესი მასშტაბის ექსპერიმენტზე ვმუშაობთ, რომლის მიზანი ახალი ფიზიკური მოვლენების დამზერაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში.

- რა იყო საქართველოდან წასვლის მიზეზი?

- ის, რაც დღესაც აქტუალურია ჩვენთან - დაფინანსების სიმწირე მეცნიერებაში. სამეცნიერო ქალაქ დუბნაში (მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი, ბირთვული ფიზიკის სფეროში უდიდესი საკვლევი ცენტრი) "ატლასის" ჯგუფს (დეტექტორი "ატლასი"; ფიზიკოსთა ჯგუფი აგებს დეტექტორს და მასზე ექსპერიმენტებს ატარებს) შევუერთდი. "ატლასი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პროექტია, რომლის განხორციელების შედეგი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც ნობელის პრემიაც დაიმსახურა.

ამ ნაწილაკის აღმოსაჩენად რამდენიმე ათეული წელი ტარდებოდა ექსპერიმენტები. ჰიგსის ველს ეს სახელი ეწოდა ბრიტანელი მეცნიერის, პიტერ ჰიგსის პატივსაცემად, რომელიც ამ თეორიის ავტორად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიგსის ბოზონის არსებობა დადასტურდა. ესე იგი, ადამიანებმა ამოვხსენით ბუნების ერთ-ერთი საიდუმლო, თუ როგორ გაუჩნდა მატერიას მასა. ეს დიდი სამუშაო იყო, რომელშიც ათასობით ფიზიკოსი და ტექნიკური პერსონალი იყო ჩართული.

შეიძლება ბევრს სულაც არ აინტერესებს, რომ სადღაც ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს, მაგრამ

ასეთი კვლევები ახალი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველია. მაგალითად, XIX საუკუნეში, როცა მეცნიერები ელექტრული მუხტის თვისებებს აკვირდებოდნენ, ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობას წინასწარმეტყველებდნენ და მათ მოსაძებნად ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ელექტრომაგნეტიზმის წყალობით დღეს ცხოვრების ასეთი დონე იქნებოდა. მობილური ტელეფონები, ნათურები.

ეს ყველაფერი ხომ იქიდან მოდის? ფარადეის, მაქსველის, ჰერცის დროს ასეთ დიდ ტექნიკურ პროგრესს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

- ამჟამად რა პროექტებზე მუშაობთ?

- CERN-ში ახალი ექსპერიმენტი მიმდინარეობს, რომლის მიზანი ე.წ. ახალი ფიზიკის აღმოჩენაა. ამ ექსპერიმენტისთვის ერთ-ერთი ფიზიკური დეტექტორის აწყობას მაინცში მე ვხელმძღვანელობდი. ეს დეტექტორი უკვე CERN-შია“და მადლობა ღმერთს, წარმატებულად მუშაობს. ამ ექსპერიმენტშიც დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯება. იმედია, ჩვენც შევიტანთ წვლილს იმ კითხვის პასუხის გაცემაში, რა არის იმის მიღმა, რაც უკვე ვიცით სამყაროს შესახებ? ხომ არ არის რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტური, ყოვლისმომცველი კანონზომიერებანი?

- განვითარებული ქვეყნები მეცნიერების განვითარებისთვის სახსრებს არ ზოგავენ. ამ მხრივ საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაშია.

- იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში მაღალკვალიფიციური კადრები, ტექნიკური პროგრესი და მაღატექნოლოგიური პროდუქციის წარმოება იყოს, აუცილებელია ფუნდამენტური მეცნიერების მუდმივი განვითარება. საჭიროა ახალგაზრდების მოზიდვა მეცნიერებაში. უნდა ნახოთ, როცა გერმანიაში ფიზიკოსების შეხვედრები იმართება, რამდენი ასეული სტუდენტი ესწრება. ფუნდამენტური მეცნიერული კვლევები ისეთი რამაა, ურომლისოდაც შეუძლებელია მაღალტექნოლოგიური პროგრესის მიღწევა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ახალგაზრდობა ფიზიკით დაინტერესდეს?

- საჭიროა ამ სფეროს მეტი პოპულარიზაცია, კარგად გაწერილი პროგრამა. საიდან მოვლენ ფიზიკის მასწავლებლები, თუ ჩვენს უნივერსიტეტებში ფიზიკის განხრით ყოველწლიურად 100 სტუდენტი მაინც არ ისწავლის? შემდეგ თაობას ვინ უნდა ასწავლოს?

სალომე  გოგოხია