"ჩვენ დღეს ნაცარქექიას პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დღეს ნაცარქექიას პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ"

"საქართველო არ ცხოვრობს კორპუსში, რომ ბინა გამოიცვალოს და სხვაგან გადავიდეს"

"მიწა დამიგე, შენი თბილი ზეცა დამხურე,

შენთვის მამღერე, მაგალობე და მამსახურე,

ეკლიან გზებზე ფეხშიშველა შენს წინ მატარე,

თუ არ აშენდეს, იმ ციხეშიც მე ჩამატანე!"

- ეს სტრიქონები ცნობილ ქართველ პოეტს, ბაღათერ არაბულს ეკუთვნის, პოეტს, რომლის შემოქმედებაშიც განსაკუთრებული ძალით ფეთქავს "სამშობლოს გრძნობა განსაკვირველი". ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მასთან ინტერვიუ საქართველოზე საუბრით დავიწყეთ:

- ბატონო ბაღათერ, ქართული მწერლობა მუდამ ითვლებოდა ერის ჭირისა და ლხინის თანამოზიარედ...

- გეთანხმებით. ქართველი მწერლები პუბლიცისტური წერილებითა თუ შემოქმედებით ცდილობენ ის პრობლემები, სატკივარი ასახონ, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს  ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აგვისტოს ომის შედეგად დავკარგეთ. არსებობს სახიფათო გამოწვევები, რომელმაც შეიძლება ქვეყანას მომავალშიც საფრთხე შეუქმნას. ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ის შეცდომები, რაც ამ წლების განმავლობაში დავუშვით, აღარ განმეორდეს. საუბედუროდ, დღეს არა გვყავს ბრძენი პოლიტიკოსები და ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოსი ეს არის.

- უცნაურია, ეპოქები იცვლებიან, ჩვენი პრობლემები კი უცვლელი რჩება.

- საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ყოველთვის იყო დიდი პრობლემების წარმომშობი ფაქტორი. ყოველი მხრიდან დიდი იმპერიები გვაკრავდა და გვაკრავს. დღეს ეს რუსეთია, საუკუნეების განმავლობაში იყო ირანი, თურქეთი, მაგრამ ჩვენი მეფეები ცდილობდნენ ამ იმპერიების აგრესია საქართველოს მიმართ როგორღაც შეენელებინათ. ხშირად თავიანთ დებსა და შვილებს მტერზე ათხოვებდნენ, თვითონაც ქორწინდებოდნენ, ოღონდ ქვეყანა გადაერჩინათ. წარმოიდგინეთ, რამხელა სიბრძნე იყო ამ ადამიანებში, ჩვენ კი დღეს, 21-ე საუკუნეში, ვეჭიდავებით ქვეყანას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და უკან არაფერზე დაიხევს.

რუსეთის ჯარი თბილისიდან 30 კილომეტრში დგას. ასეთ დროს ლავირება აუცილებელია.

თუ ამას სხვები ახერხებენ, თუნდაც იგივე აზერბაიჯანი და სომხეთი, თუ მათ მოაგვარეს რუსეთთან ურთიერთობა, ალბათ ჩვენც შეგვეძლო მოგვეგვარებინა უფრო ბრძნული, გაწონასწორებული პოლიტიკის წყალობით. ჩვენ ეს წლები თითქოს დანის პირზე გავიარეთ, მაგრამ ბოლოს მაინც შეცდომა დავუშვით, რომლითაც პირველ რიგში ჩვენ დავზარალდით, რუსეთი არ დაზარალებულა. ეს არის დიდი ტრაგედია. ხალხური სიბრძნეც გვირჩევს, როცა დათვი მოგერევა, ბაბა დაუძახეო, მაგრამ... ქართველებს გვაქვს შესანიშნავი იგავი ნაცარქექიას შესახებ.

ნაცარქექიამ იმდენი შეძლო, რომ თავისი ჭკუითა და მოხერხებით დევიც კი დაამარცხა. ვფიქრობ, ჩვენ დაახლოებით ამგვარი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ.

საქართველო არ ცხოვრობს კორპუსში, რომ ბინა გამოიცვალოს და სხვაგან გადავიდეს. გვინდა თუ არ გვინდა, საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობთ რუსეთთან, ეს ქვეყანა ჩვენი მეზობელია და პირველ რიგში მეზობლებთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა, მიუხედავად მისი აგრესიული დამოკიდებულებისა.

- მაგრამ ვინც გაბედა და რუსეთში ჩავიდა, ყველა მოღალატედ შერაცხეს.

- მე ვიზიარებ მათ აზრს, ვინც ამბობს, რომ უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთთან. თუ პირადად არ დაელაპარაკე, მტერს როგორ შემოირიგებ? რუსეთთან ურთიერთობას თუ არ მოვაწესრიგებთ,  უარესი გამოწვევები გველის. არ ვამბობ, რომ რაღაც უნდა დავთმოთ, მაგრამ ჩვენ შორის არსებულ პრობლემებზე ვიღაცამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა იყოს ხელისუფლება, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ, სახალხო დიპლომატია უნდა ჩაერთოს საქმეში. ჩვენ გვმართებს იმ აგრესიის შეჩერება, რაც ამ ქვეყანას აქვს საქართველოს მიმართ, ამის შემდეგ კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე დიალოგის დაწყება. ამის საუკეთესო მაგალითია მთიანი ყარაბაღი. აზერბაიჯანიც და სომხეთიც ცდილობენ ეს პრობლემა დიპლომატიური გზებით მოაგვარონ. მოლაპარაკებები უკვე იმ დონემდეა მისული, რომ ყარაბაღის საკითხი უახლოეს წლებში გადაწყდება. სხვათა შორის, ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოგვასწრონ ნატოში შესვლა.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ალექსანდრე ებრალიძის მიერ დავით აღმაშენებლის პრემიის დაწესებას. თქვენ რა აზრისა ხართ ამ საკითხზე?

- მე ამ პრემიის ერთ-ერთი ლაურეატი ვარ. ამ კონკურსში მონაწილეობდა ასამდე მწერალი, მეორე ტურში გავიდა 22 და აქედან 10 გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს არის ქართველი კაცის მიერ დაარსებული პრემია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, მერე წავიდა რუსეთში და იქ ბიზნესი წამოიწყო. ალექსანდრე ებრალიძე ცნობილი ბიზნესმენია და დიდი საქმეები აქვს გაკეთებული სანქტ-პეტერბურგში. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია არ დაუწესებია გორბაჩოვს, პუტინს ან მედვედევს, ის ქართველმა კაცმა დააარსა. ეს პრემია მიიღეს ელიზბარ ჯაველიძემ, რეზო ამაშუკელმა, ნოდარ წულეისკირმა. მე მივესალმები ყველა ბიზნესმენს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ქართული კულტურის, სულიერების სამსახურში ჩადებს ფულს.

- დღეს ბევრი ლაპარაკობს ხელისუფლების შეცვლაზე, თქვენი აზრით, რა გზით უნდა იცვლებოდნენ მთავრობები?

- ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, რადგან რევოლუციური გადატრიალებების დროს ბევრი ისეთი ხალხი მოდის პოლიტიკაში, რომელსაც მხოლოდ ნგრევის პოლიტიკის წარმოება შეუძლია, მათში ნაკლებია მშენებელი. დაიძინებენ, რაღაც "კარგ" სიზმარს ნახავენ და მეორე დღეს ამ სიზმრის განხორციელებაზე იწყებენ ფიქრს.

- ისეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია. რა გზას უნდა დაადგეს საქართველო, რომ თავი გადაირჩინოს?

- გეთანხმებით, უკვე დაწყებულია! იგივე ერაყი, ავღანეთი, ირანის პრობლემა, გართულებული რუსულ-ქართული ურთიერთობები, რომლებშიც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია ევროპა და ამერიკა, ერთი სიტყვით, ყველგან არის პატარ-პატარა კერები ომის დასაწყებად. ერთ დღეს შეიძლება ყველა ეს კერა ერთად შეიკრას და მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. 2008 წლის აგვისტოში ეპიცენტრი საქართველოში იყო. კიდევ კარგი, მაშინ რუსები შეჩერდნენ, თორემ საქართველოსაგან არაფერი დარჩებოდა, ეს იქნებოდა რუსულ-ამერიკული ომის პოლიგონი. ჩვენ ბეწვზე გადავურჩით ამ საშინელებას, თორემ ჩვენი ქვეყანა მეორე ავღანეთი გახდებოდა. დღეს საქართველოს მხოლოდ ბრძნული და გაწონასწორებული პოლიტიკა გადაარჩენს, სხვა არაფერი!

ხათუნა ჩიგოგიძე