რას აუთოებდნენ ტახის ყბის უნიკალური უთოთი?
17-08-2015
რას აუთოებდნენ ტახის ყბის უნიკალური უთოთი?
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც 108 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული, ერთი მეტად საინტერესო და უნიკალური ნივთი ინახება. უკვე წლებია მასზე მკვლევრები მხოლოდ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ნივთის მეცნიერული კვლევა რატომღაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ეთნოგრაფიული განყოფილების ვიტრინაში გამოფენილი, ვერცხლის ფირფიტებით შემკული გარეული ტახის ეშვებიანი ქვედა ყბა, როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, უთოა. მართალია, მისი გამოყენების ტექნოლოგია ამ დრომდე უცნობია, თუმცა­ ერთი რამ დადასტურებულია, ამ უცნაურ უთოს ჩვენი წინაპრები აბრეშუმის, ოქრომკედისა და ვერცხლიმკედის ნაქარგობის გასატკეცად
იყენებდნენ. ამას ადასტურებს საინვენტარო წიგნში დატანილი მწირი­ ინფორმაცია და ის ფაქტიც, რომ ტახის ეშვი დიდი ხნის წინ აქტიურად­ გამოიყენებოდა მეტალნარევი ძაფით შესრულებული ნაქარგობის გასაპრიალებლად. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის­ ფონდების მცველი იამზე ხომასურიძე, უკვე 40 წელია ამ მუზეუმის თანამშრომელია.

იამზე ხომასურიძე: - მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა პერიოდის მდიდარ კოლექციებს. რაც შეეხება უთოს, საინვენტარო წიგნის მიხედვით, ეს ნივთი ჩვენს მუზეუმში 1941 წლის 4 აპრილს, ვინმე ელენე იოსელიანს მოუტანია. საგნის აღწერაში კი ვკითხულობთ: „უთო,
"მეცნიერთა ვარაუდით, ნივთს აკლია რაღაც დეტალი, რომელიც აბრეშუმის დასატკეცად გამოიყენებოდა. ოქრომკედისა და ვერცხლიმკედის ნაქარგობის გაპრიალება კი ეშვებით ხდებოდა - უთოს ორი დიდი ეშვი აქვს, რომლითაც ახალ ნაქარგს ამუშავებდნენ, რათა მატერიაში კარგად ჩამჯდარიყო"
ოქრომკედისა და აბრეშუმის გასაპრიალებელი, გარეული ღორის ეშვებით და კბილებით, მოვერცხლილი... არსებობს ვარაუდი, რომ ნივთი ამილახვრების საკუთრება იყო, რადგან ვერცხლის ფირფიტაზე ჭედურობის მსგავსი ორნამენტები ამშვენებს ამილახვრების საგვარეულო მეტალის ჭურჭელსაც.

ეკატერინე ილარიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი: - ბევრი მეცნიერი დაინტერესდა ამ ნივთით. აბესალომ ვეკუამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ნივთი ნამდვილად არის გარეული ღორის ქვედა­ ყბისგან დამზადებული. ამ ნივთით დაინტერესდა ასევე მკვლევარი ლუარსაბ ტოგონიძე. მისი აზრით, სწორედ ეშვების მეშვეობით ხდებოდა ნაქარგობის ქსოვილში ჩასმა.
უთო შემკულია ვერცხლის ფირფიტებით,­ რომელსაც ადამიანის, ფრინველისა და მცენარის გამოსახულების ორნამენტები აქვს. 

ნათია ბერუაშვილი, მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი: - მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს, მათ გაოც­ებას კი ეს უნიკალური უთო იწვევს. მეცნიერთა ვარაუდით, ნივთს აკლია რაღაც დეტალი, რომელიც აბრეშუმის დასატკეცად გამოიყენებოდა. ოქრომკედისა და ვერცხლიმკედის ნაქარგობის გაპრიალება კი ეშვებით ხდებოდა - უთოს ორი დიდი ეშვი აქვს, რომლითაც ახალ ნაქარგს ამუშავებდნენ, რათა მატერიაში კარგად ჩამჯდარიყო. ამ პროცესს გაჯანდვრას ეძახდნენ...

პირველი უთო ბერძნებმა შექმნეს


უთო დიდი ხნის წინათ გამოიგონეს. ძვ. წ. IV საუკუნეში ძველმა ბერძნებმა შექმნეს ტანისამოსის და სხვა სახის ქსოვილების ნაკეცების გასასწორებელი მეტალის მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ გაცხელების შემდეგ შესანიშნავად ასრულებდა შემქმნელების ჩანაფიქრს.  XVIII-XIX  საუკუნეებში უთო თანამედროვეობასთან ძალიან ახლოს მდგომ ლითონის იარაღს წარმოადგენდა, მას ღუმელზე აცხელებდნენ.  XVIII  საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა უთო, რომელშიც გავარვარებული ნაკვერჩხლები თავსდებოდა. ყველაზე გავრცელებული იყო გასათბობი უთოები - ისინი ღუმელში იდგმებოდა და ასე ცხელდებოდა. თუმცა იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასს მაინც სპირტის უთო წარმოადგენდა - XIX საუკუნეში მისთვის საკმაოდ ძვირ საფასურს, ცხვარსაც კი არ იშურებდნენ. პირველი ელექტრონული უთო 1882 წელს გამოიგონა ჰენრი სილმა.


თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ palitratv-ზე

cancara
19 აგვისტო 2015 16:53
გორი ქალაქია ხმალი!გურია რა შუაშია?მართლა ყოჩაღი გონების და გამჭრიახი ტვინის ამბავი გჭირს.DD
GIA
19 აგვისტო 2015 16:00
გორი გურიაშია??? ამას გვიმალავდით?
ნიკკკ
18 აგვისტო 2015 08:30
ენაცვალე ბაზარი არ არის მაგრამ გურული რა შუაშია? :დ

რედაქტორის რჩევით